75 წლის იტალიელ მონაზონს, ჯუზეპინა ბერტს ირანის ვიზის განახლებაზე უარი ეთქვა.
75 წლის და ჯუზეპინა ბერტი, რომელიც 26 წლის განმავლობაში მუშაობდა თავრიზის ლეპროსარიუმში (კეთროვანების სამკურნალო ჰოსპიტალი) და ახლა ისპაანში, წმინდა ვინსენტ დე პავლეს ქველმოქმედ ქალიშვილთა კონგრეგაციის სახლში ცხოვრობს, ირანს უახლოეს დღეებში დატოვებს.
ქვეყანამ მას ვიზა არ განუახლა და მონაზონმა გამგზავრების ბრძანება მიიღო.
მან და მასთან ერთად კიდევ ერთმა მონაზონმა თავიანთი სიცოცხლე ქვეყანაში მყოფ ავადმყოფებს მიუძღვნეს, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნისა, ახლა კი, იძულებული არიან მიატოვონ 1937 წელს აშენებული კონგრეგაციის სახლი.
ისპაანში „ქველმოქმედების ქალიშვილებმა“ წლების განმავლობაში მიუძღვნეს თავი ახალგაზრდების განათლებასა და მომზადებას. აგრეთვე აღსანიშნავია მათი თავდადება ასობით პოლონელი ბავშვის, ლტოლვილისა და ომის პერიოდში ობოლად დარჩენილთა მიმართ, რომლებიც ირანში1942 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ.
ფაქტობრივად, დები ქალაქში სკოლას უძღვებოდნენ, თუმცა იგი 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოერთვათ. ბოლო წლების განმავლობაში, მონაზვნები რაიმე სხვა საქმიანობას არ ახორციელებდნენ, რადგანაც პროზელიტიზმში (საკუთარი რელიგიური მრწამსის პროპაგანდის შედეგად სხვა რელიგიის მიმდევართა საკუთარ სამწყსოში გადმოყვანა ) არ დაედანაშაულებინათ.
ამჟამად, დების სახლი ისპაანის ლათინური წესის კათოლიკეთა ერთადერთი შენობაა და მათ სამლოცველოში, რომელიც 1939 წელს აშენდა, "მძლავრი ღვთისმშობლის" მრევლია წარმოდგენილი. სამლოცველოში ზოგჯერ სტუმრები წირვას აღავლენენ.
კათოლიკე ეკლესიის ამჟამინდელი რეალობა ირანში ასეთია:
თეირან-აჰვაზისა და ურმია-სალმასის ორი ასირიულ-ქალდეური არქიეპარქია, რომლებსაც ჰყავთ ერთი ეპისკოპოსი და ოთხი მღვდელი (2019 წლის ზაფხულში თეირანში ქალდეველთა პატრიარქალურ ადმინისტრატორს, რამზი გარმუს უარი უთხრეს ვიზის განახლებაზე და იგი ქვეყანაში ვეღარ დაბრუნდა);
სომხეთის ეპარქია, რომელშიც მხოლოდ ეპისკოპოსია;
ლათინური წესის არქიეპარქია, რომელსაც ამჟამად არ ჰყავს მღვდელი და ელოდება ახლადდანიშნული პასტორის, არქიეპისკოპოს დომინიკ მატიეს ჩამოსვლას.
აგრეთვე მოღვაწეობენ: „ქველმოქმედების ქალიშვილების“ სამი მონაზონი თეირანში და ორი მონაზონი ისპაანში. ეკლესიაში მუშაობს ორი, არახელდასხმული ქალიც.
კათოლიკე მორწმუნეების რაოდენობა 3000-ს შეადგენს.
ისპაანიდან მონაზვნებისწასვლისთანავე, ლათინ–კათოლიკე ეკლესიის არსებობა აქ სამუდამოდ დაიკარგება. ამავე ქალაქში მათ 2016 წელს ლაზარისტ მამათა სახლიც ჩამოერთვათ.
რჩება მხოლოდ იმედი, რომ ირანის ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯებს და გადახედავს გადაწყვეტილებას, რაც დებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ იმ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც ძალიან უყვართ და თავგანწირვით ემსახურებოდნენ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentários