ირანში ღვთსიმშობლის სახელობის მეტრო სადგური გაიხსნა
- catholic.ge

- Oct 31
- 2 min read
თეირანში გაიხსნა მეტროს ახალი სადგური, რომელსაც წმიდა მარიამ ქალწულის სახელი ეწოდა — მიიჩნევენ, რომ ამ ჟესტმა სიმბოლურად გამოხატა ირანის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქრისტიანული მემკვიდრეობის პატივისცემა.

სადგური მდებარეობს ქალაქის მეექვსე ხაზზე, სომხურ უბნის გულში, წმიდა სარქისის საკათედრო ტაძართან ახლოს, ადგილობრივი სომეხი კათოლიკეების შეკრების ადგილთან.
სადგური 10 წელია შენდება. მის თაღოვან დარბაზსა და გუმბათზე გამოსახულია რელიგიური ფრესკები და ხელოვნების ნიმუშები.
ირანში ღვთისმშობლის სახელობის მეტროსადგურის აშენება ბევრისთვის უცნაური მოულოდნელობაა, სხვებისთვის კი ეს სრულიად შეესაბამება შიიტურ კულტურას, რომელიც ასევე მიაგებს პატივს ქალწულ მარიამს. საზოგადოების ნაწილი კი ამას ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენის მცდელობად მიიჩნევს.
„ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ეს არის დიალოგისა და რელიგიური თანაცხოვრების ლამაზი ჟესტი, თუმცა ირანში ქრისტიანთა რეალური ყოფა მაინც რთულია. ასეთი სიმბოლური ქმედებების მიუხედავად, მრავალი ქრისტიანი განიცდის შიშს, ზეწოლასა და დევნას ხელისუფლების მხრიდან“, - წერს ფრანგული გამოცემა - „Tribune chrétienne“.

ქრისტიანობა ირანში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა და იგი ჩვ. წ. აღრიცხვით I-II საუკუნეებში იღებს სათავეს, მაშინ, როცა თომა მოციქულმა და მისმა მოწაფეებმა აქ ქრისტიანობა იქადაგეს.
საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა ვითარდებოდა მრავალეთნიკურ სდა მრავალრელიგიურ გარემოში, ხშირად რელიგიური დოქტრინა რომის ეკლესიი დოქტრინისგან განსხვავებულიც იყო, რაც საფუძვლად დაედო ნესტორიანობას და მონოფიზიტობას.
დღეს, ირანში ქრისტიანთა რაოდენობა დაახლოებით ორასი ათასია, ძირითადად სომხური და ასირიული წარმოშობის ადამიანები არიან, რომლებიც უმეტესად თეირანსა და ისპაჰანში ცხოვრობენ.
ქრისტიანულ-მუსლიმური თანაცხოვრება
წმიდა სარქისის საკათედრო ტაძარში, ხატებთან ერთად განთავსებულია აიათოლა რუჰოლა ხომეინის პორტრეტი, როგორც სიმბოლო ქრისტიანულ-მუსლიმური თანაცხოვრებისა, რომელიც გამოხატავს ქვეყანაში ამ ორ რელიგიას შორის არსებულ რთულ, მაგრამ მდგრად ურთიერთობას.
ღვთისმშობლის სახელობის მეტროს სადგურის გახსნა ნიშანია, რომელიც ადამიანებს ახსენებს ირანში ქრისტიანთა ისტორიულ არსებობას და როლს, მაგრამ ამავდროულად, აღძრავს ფიქრს რელიგიური უმცირესობის დღევანდელ მდგომარეობაზე თანამედროვე დაძაბულობებისა და დევნის კონტექსტში.

ლონდონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, Article18-ის, 2024 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით — რომელიც ირანში დევნილი ქრისტიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს — 2023 წელს 166 მორწმუნე დააკავეს, მათგან მესამედი კი მხოლოდ იმის გამო, რომ ბიბლიის ერთზე მეტი ეგზემპლარი ჰქონდათ.
თუმცა, მიუხედავად ასეთი დევნისა, ირანში ქრისტიანობა კვლავ იზრდება. ორგანიზაცია Open Doors-ის შეფასებით, 2021 წელს თითქმის 800 000 ირანელი მოექცა ისლამიდან ქრისტიანობაზე — ეს არის გამორჩეული ტენდენცია, რომელიც საიდუმლოდ და სიჩუმეში გრძელდება.
შოთა გიქოშვილი









Comments