top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ისრაელის პრემიერი: ‘ლათინ პატრიარქს წმინდა ადგილას სრული და დაუყოვნებელი წვდომა ექნება’

  • Mar 30
  • 3 min read

იერუსალიმში ბზობის წირვის შეფერხების შემდეგ ისრაელმა გადაწყვეტილება შეცვალა. საყოველთაო კრიტიკის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 30 მარტს, ორშაბათის დილას განაცხადა, რომ „შესაბამის უწყებებს“ სთხოვა, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას, ბზობის კვირას იერუსალიმის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლისა და „ღვთისმსახურების ისე აღსრულების უფლება მისცენ, როგორც თავად სურს“.

იერუსალიმის ლათინი პატრიარქი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა, 2026 წლის 29 მარტს, იერუსალიმში, ბზობის აღსანიშნავად ლოცვას ატარებს. © Ammar Awad, AP
იერუსალიმის ლათინი პატრიარქი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა, 2026 წლის 29 მარტს, იერუსალიმში, ბზობის აღსანიშნავად ლოცვას ატარებს. © Ammar Awad, AP

პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ლათინ პატრიარქს წმინდა ადგილას „სრული და დაუყოვნებელი წვდომა“ ექნება წმინდა საფლავის ეკლესიაში.


მისივე თქმით, ისრაელის პოლიციამ კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას, რომელიც წმინდა მიწაზე კათოლიკური ეკლესიის მეთაურია, სთხოვა, არ შესულიყო ეკლესიაში მისი უსაფრთხოების გამო, რადგანაც ირანმა, ბალისტიკური რაკეტებით, არაერთხელ დაბომბა იერუსალიმის წმინდა ადგილები.


სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისრაელის პრემიერ–მინისტრი ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ბოლო დღეებში ირანმა იერუსალიმში სამი მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები არაერთხელ ამოიღო მიზანში ბალისტიკური რაკეტებით“. მისი თქმით, ერთ-ერთი დარტყმა მიადგა ადგილს წმინდა საფლავის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში.



ისრაელის პოლიცია ადასტურებს, რომ ლათინი პატრიარქის წარმომადგენელთან კოორდინაციით, ტაძარში შეზღუდული ფორმით ლოცვის ჩატარების უფლება დაუშვეს. ეს გადაწყვეტილება იერუსალიმის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული უსაფრთხოების შეფასების შემდეგ მიიღეს. ამასთან, სხვა მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილები, მათ შორის გოდების კედლის მოედანი და ტაძრის მთის კომპლექსი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო კვლავ დახურული რჩება.

პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აკრძალვას „არავითარი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია“ და იგი მხოლოდ მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით იყო განპირობებული.


„თუმცა, აღდგომის წინა კვირეულის განსაკუთრებული სიწმინდის გათვალისწინებით მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისთვის, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები ამ დღეებში გეგმას ამზადებენ, რათა ეკლესიის წინამძღვრებს წმინდა ადგილზე ლოცვის შესაძლებლობა მიეცეთ,“ — დასძინა პრემიერის ოფისმა.


ისრაელის პოლიციის განცხადებით, ძველი ქალაქის ყველა წმინდა ადგილი „მლოცველებისთვის დაიხურა, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც სტანდარტული დაცული სივრცეები არ არსებობს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.


მათივე თქმით, ძველი ქალაქი და მისი სიწმინდეები რთული ტერიტორიაა, სადაც დიდი სამაშველო და საგანგებო მანქანების გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

იტალიის მთავრობამ პოლიციის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარში შესვლა აიკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა.


იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა კარდინალ პიცაბალასა და სხვა რელიგიურ ლიდერებს გვერდში უდგას.

„იერუსალიმის წმინდა საფლავი ქრისტიანობის წმინდა ადგილია და, შესაბამისად, დაცული და შენარჩუნებული უნდა იყოს,“ — აღნიშნა მან.


მისი თქმით, ეკლესიის წინამძღვრებისთვის ტაძარში შესვლის აკრძალვა „შეურაცხყოფაა არა მხოლოდ მორწმუნეთათვის, არამედ ყველა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას აღიარებს“.


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანი წერს, რომ ეს აკრძალვა მიუღებელია. მისი თქმით, ისრაელში იტალიის ელჩს უკვე დაავალა მთავრობისადმი ოფიციალური პროტესტის გამოცხადება, ხოლო ორშაბათს რომში ისრაელის ელჩსაც დაიბარებენ.


კარდინალისთვის იერუსალიმის წმინდა ადგილას შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააკრიტიკა.


ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ ეს იყო „სამწუხარო გადაჭარბება“, რომლის „გაგება ან გამართლება რთულია“.


მისი თქმით, იერუსალიმის ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები უსაფრთხოების მიზნით „50 ან ნაკლები ადამიანის შეზღუდვას“ ექვემდებარებიან, თუმცა „პატრიარქისთვის ბზობის დღეს კერძო ცერემონიისთვის ტაძარში შესვლის აკრძალვა ძნელი გასაგები და გასამართლებელია“.


რვა მუსლიმური სახელმწიფოს შეფასებით, ღვთისმსახურების ადგილებზე წვდომის ასეთი დისკრიმინაციული და თვითნებური შეზღუდვები საერთაშორისო სამართლის „უხეშ დარღვევას“ წარმოადგენს.


ისრაელის პოლიციის ქმედება დაგმო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. პატრიარქის ტაძარში არ შეშვების ფაქტს მან "რელიგიური თავისუფლების დარღვევა" უწოდა:


"ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, იერუსალიმის ლათინ პატრიარქის ბზობის კვირას წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის შესახებ, წარმოადგენს რელიგიური თავისუფლებისა და წმინდა ადგილების დაცვი დიდი ხნის პრაქტიკის დარღვევას.


იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება სრულად უნდა იყოს გარანტირებული, ყველა სარწმუნოებისთვის, გამონაკლისის გარეშე.


იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული", – წერს კაია კალა სოციალურ ქსელში.



ცნობისთვის, 29 მარტს, ბზობის კვირადღეს კარდინალი პიცაბალა და მეუფე ფრანჩესკო იელპო ისრაელის პოლიციამ უფლის სამარხის ტაძარში არ შეუშვა.


კარდინალ პიცაბალას ოფისმა განაცხადა, რომ ეს იყო „საუკუნეების განმავლობაში პირველი შემთხვევა“, როდესაც ლათინი პატრიარქი ბზობის კვირას, რომელიც ქრისტეს იერუსალიმში დაბრუნებას აღნიშნავს, წმინდა ადგილიდან უკან დაახევინეს: „ის და მეუფე იელპო „იძულებულნი“ იყვნენ, უკან დაეხიათ ეკლესიიდან, სადაც, ქრისტე დაკრძალეს და შემდგომ აღდგა. ეს ინციდენტი მძიმე პრეცედენტია და უგულებელყოფს მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის გრძნობებს, რომლებიც ამ კვირაში იერუსალიმის მიმართულებით იყურებიან“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


ლათინი პატრიარქის ტაძარში არ შეშვების მიზეზად უსაფრთხოების ზომები სახელდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა და მას შემდეგ არაერთ ომში იყო ჩართული, წმინდა ადგილებზე მსგავსი მასშტაბის შეზღუდვები, განსაკუთრებით დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს, იშვიათად ყოფილა.


თაკო ფეიქრიშვილი

 

Comments


bottom of page