• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკეებმა უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული იზეიმეს



"უდის მთა" – ასე ეძახიან ადგილობრივები ბეშუმთან ახლოს, თურქეთის საზღვართან უდელების საზაფხულო იალაღებს. იგი უდიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია და ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე. ამ იალაღებზე სულ ხის სახლებია, მათ შორის ერთს, სახურავზე ჯვარი ადგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხის შენობაში ადგილობრივებს ეკლესია აქვთ.


სწორედ ამ ეკლესიის დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველ 5 აგვისტოს. თარიღი „თოვლის ღვთისმშობელს“ უკავშირდება, რომლის სახელზეც ეს ეკლესია წლების წინ იკურთხა.


ტრადიციულად, 2022 წლის 5 აგვისტოსაც აღინიშნა უდის მთაში არსებული ეკლესიის დღესასწაული. წმინდა წირვა თბილისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა აღავლინა. მასთან ერთად ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ: თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების ტაძრის წინამძღვარი, მამა მაჩეი მამაი; გორისა და ბეთლემის სამრევლოების მოძღვარი მამა დარიუშ კომადოვსკი, ახალციხეში მოღვაწე კაპუცინელი ძმები; არლისა და უდის სამრევლოების წინამძღვარი მამა ადრეი გრაჩიკი და ამავე სამრევლოების ვიკარი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი.


ლიტურგია ღვთისმშობელს მიეძღვნა და მარიამის მიმართ აღვლენილი ძველი საგალობლები შესრულდა. ქადაგებისას მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა „თოვლის ღვთისმშობლის“ დღესასწაულის დაარსების შესახებ ისაუბრა.


საგანგებოდ წირვისთვის არლიდან და უდიდან მრევლი მთაში მაღალი გამავლობის მანქანებით წავიდა. მათ შორის იყვნენ თბილისიდან ნეოკატეხუმენალური საკრებულოს 40 კაციანი ჯგუფი და არლისა და უდის ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე დღეში ბანაკებში ანიმატრორები იქნებიან.


მთაში ეკლესიის კურთხევა და აქ დღესასწაულის დაწესების ინიციატივა მამა იეჟი შიმეროვსკის ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში არლისა და უდის ტაძრების წინამძღვარი იყო.


„დიდი ხანია, რაც ეს ეკლესია გვაქვს. ადრე მარტო ქვები იყო. ერთხელ მღვდელი ამოსულა და ამ ადგილიდან უქადაგია. მოსახლეობამაც გადაწყვიტა აქ გაეკეთებინა ეკლესია. ჯერ რამდენიმე ქვა დავდეთ რომ სანთლები აგვენთო, წვიმა-წყალშიც ვიდექით და ვლოცულობდით. მერე ჩვენმა სოფლელმა ხის მასალა მოიტანა, ჩვენ კაცებს საჭმელს ვუკეთებდით, ისინი ხის ეკლესიას კრავდნენ. მერე ჩვენთან პოლონელი მღვდელი იყო, მამა იეჟი შიმეროვსკი, რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. იმან მოიფიქრა, რომ ეკლესია „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობის ყოფილიყო. ეს დღესასწაული აგვისტოშია და თან მთაზეა, ალბათ ეს გახდა მისთვის სახელის მინიჭების მიზეზი“, - ამბობენ ადგილობრივები.



ლეგენდის მიხედვით, 352 წელს, პაპ ლიბერიუსის დროს, რომში ღვთისმოშიში, მდიდარი წყვილი ცხოვრობდა. მათ შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს მთელი ქონება ღვთისმშობლისთვის შეეწირათ. საკუთარი სურვილი ცოლ-ქმარმა გააცნო პაპ ლიბერიუსს, რომელმაც ისინი დალოცა. წყვილი მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს რაიმე ნიშნის ჩვენებას შესთხოვდა.


4 აგვისტოს, ღამით კი მათ და პაპ ლიბერიუსს ღვთისმშობელი სიზმარში ეჩვენათ და უთხრა, რომ მის სახელზე რომში, ესქვილინის გორაზე ეკლესია აეშენებინათ. ადგილი, სადაც ტაძარი უნდა დაედგათ, წმიდა მარიამის განმარტებით, თოვლით დაიფარებოდა. მეორე დღეს, წყვილმა ესქვილინის გორაზე, სიზმარში მითითებული ადგილი თოვლით დაფარული მართლაც ნახა. აგვისტოში მოსული თოვლით გაოცებული ხალხი ამ ადგილის სანახავად მიდიოდა. სიცხის მიუხედავად, გორაზე თოვლი არ დნებოდა. რომის ეკლესიამ ეს ფაქტი სასწაულად გამოაცხადა. დღესასწაულიც ამ დროიდან დაწესდა. „ეს იყო პირველი ეკლესია დასავლეთში, რომელიც მარიამს მიეძღვნა. ახლა, როცა პაპი რომიდან სხვა ქვეყანაში მიდის, აუცილებლად ჩერდება ამ ეკლესიაში და ლოცულობს", - ამბობს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი.


საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, ბარიდან ასულ სტუმრებს, მემთეურმა პატარებმა მცირე ღონისძიება წარმოუდგინეს.



არლისა და უდის მთებში წმ. წირვისთვის ყოველ კვირას ადიან მამა ანდრეი გრაჩიკი და მამა ბექა ჩილინგარაშვილი.




თაკო ფეიქრშივლი