top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ახალგაზრდების საერთო შეხვედრა



1 და 2 აპრილს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკე ახალგაზრდებისათვის წეროვნის მომლოცველთა სახლში საერთო შეხვედრა გაიმართა. მის მიზანს ახალგაზრდების გაცნობა/დაახლოება, ასევე წლის განმავლობაში კათოლიკური სამრევლოებისათვის შეთავაზებული აქტივობების გაცნობა და მსოფლიო ახალგაზრდული დღისათვის მზადება წარმოადგენდა.


საერთო შეხვედრას ორგანიზება კურიასთან არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია.


შეხვედრა ცენტრის მოწვევით ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტმ გახსნა. მან აქცენტი გააკეთა ახალგაზრდების ერთიანობაზე და იმ მსოფლიო ახალგაზრდულ დღეზე, რომელიც 2023 წლის აგვისტოში პორტუგალიაში გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოდან 40 ახალგაზრდა გაემგზავრება.


„1983 წელს, იესოს სიკვდილიდან 1950 წლის წლის თავზე, პაპმა იოანე პავლე II-მ ბზობის დღესასწაულზე შესახვედრად დაპატიჟა ახალგაზრდები. შეხვედრის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ 60 000 ახალგაზრდა უნდა მისულიყო, თუმცა ამ შეხვედრაზე 250 000 ახალგაზრდა მივიდა, ანუ 3–ჯერ მეტი. მეორე წელს, გაერომ გადაწყვიტა დაეფუძნებინა ახალგაზრდების დღე. იოანე პავლე II-მ მაგ წელსაც დაპატიჟა ახალგაზრდები, თუმცა არა ერთდღიანი შეხვედრისთვის, არამედ დაამატა კიდევ 2 დღე, სულ 3 გამოვიდა. ამ შეხვედრაზე 300 000 ახალგაზრდა მივიდა. სწორედ აქედან დაიწყო „მსოფლიო ახალგაზრდული დღეები“ – GMG (მად). ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ყოველ წელს დაეგეგმათ შეხვედრა“, – მოუყვა ეპისკოპოსი ახალგაზრდებს და მათ წარმატებები უსურვა.


გარდა ეპისკოპოსისა, შეხვედრის მთავარ თემაზე ახალგაზრდებს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი ესაუბრა. მღვდელმსახურმა მსოფლიო ახალგაზრდული დღის დევიზი – „ადგა მარიამი და გაეშურა“ განიხილა და განმარტა, რომ მარიამის ამ ქმედებაში ღვთის უპირობო სიყვარულია ჩანს. „რაც მარიამმა გააკეთა, ის შეგიძლია გააკეთო შენც – ნახეთ, მარიამი უყოყმანოდ წავიდა და ეს არის დაპირება ჩვენთვის, რომ თუ გვინდა მადლი გამოვცადოთ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, უნდა ავდგეთ და უყოყმანოდ დავთანხმდეთ მის მოწოდებას“. შემდეგ კი მამა ზურაბმა მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებზე თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა, რომ 1991 წელს თავადაც მონაწილეობდა „მად“–ში: „მაშინ არ ვიცოდი რა იყო ეს შეხვედრა. მეგონა რელიგიურ ექსკურსიაზე მივდიოდი. შეხვედრა პოლონეთში იყო და სწორედ ჩესტოხოვაში მივიღე ღვთისგან შემოთავაზება, რომ მღვდელი გავმხდარიყავი. დავთანხმდი“.


შეხვედრის შემდეგი ნაწილი სულიერ ნაწილს დაეთმო. თემაზე „აღდგომა ჩვენში“ ვალის სამრევლოს წინამძღვარმა მამა მიხეილ სურმავამ ისაუბრა. შემდეგ კი ახალგაზრდებს ჯგუფური სამუშაოსა და მსჯელობისთვის აღდგომის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუტოვა.


მონაწილეებს ცენტრის მიერ დაგეგმილი წლიური აქტივობები გააცნო ცენტრის სულიერმა მოძღვარმა მამა ბექა ჩილინგარაშვილმა. შეხვედრების განმავლობაში ლოცვით ნაწილს უძღვებოდა მამა ლაშა მანუკიანი. ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ მამა მარეკ პჟეჩევსკი და მამა მიხალ იახი.


დღის ბოლოს, ღამის ბინდში სულიერი ნაწილი „ჯვრის გზამ“ დააგვირგვინა. სადაც ახალგაზრდებმა ქრისტეს ვნებები გაიხსენეს.


შეხვედრის მეორე დღე ბზობის დღესასწაულს მიეძღვნა და მონაწილეები თბილისში, საკათედრო ტაძარში აღვლენილ ლიტურგიას დაესწრნენ.


ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი 2023 წლიდან განახლდა. მის შემადგენლობაში სამი ადამიანია: მამა ბექა ჩილინგარაშვილი, თამარ ზაქროშვილი და პავლე ხითაროვი. ჯგუფი კათოლიკე ეკლესიაში განსახორციელებელ ახალგაზრდულ აქტივობებზეა პასუხისმგებელი.


თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

Commentaires


bottom of page