კათოლიკე ეკლესიაში ნათლისღება მოძრავი დღესასწაულია. იგი ეპიფანიის, იგივე უფილს გაცხადების მომდევნო კვირა დღეს აღინიშნება.

უფლის ნათლისღების საიდუმლოს, ჯერ კიდევ ეკლესიის დაარსებიდან ზეიმობდნენ და იგი თავდაპირველად "უფლის გაცხადების" დღეს აღინიშნებოდა. ნათლისღება გაცხადების იმ სამ საიდუმლოს შორის იყო, რომელსაც ერთ დღეს ზეიმობდნენ. ესენია: მოგვების იესოსთან მისვლა, უფლის ნათლისღება და პირველი სასწაული გალილეის ქალაქ კანაში.
1955 წელს ნათლისღება კალენდარში აღინიშნა ცალკე დღესასწაულად - "უფლის ნათლისღება". ბოლო ლიტურგიული რეფორმის შემდეგ, ეს დღესასწაული უფლის გაცხადების მომდევნო კვირადღეს აღინიშნება, ამ ზეიმით კი შობის პერიოდი მთავრდება.
ნათლისღებას აღვნიშნავთ იმ საიდუმლოს, როცა იესო იორდანეს წყალში ჩავიდა და ნათელი მიიღო წმიდა იოანეს, თავის წინამორბედის ხელიდან. იესო, რომელიც წმინდა, უბრალო და უმანკო იყო, არ საჭიროებდა განწმედას, მაგრამ მან მაინც ისურვა ამ განწმენდის შესრულება, რათა წმიდაეყო წყალი, რომელიც ნათლობის საიდუმლოებაში უნდა გამხდარიყო განწმენდის წყარო.
წესისამებრ, უფლის ნათლისღების კვირადღეს, წირვის დასაწყისში, იკურთხება წყალი და მარილი. შემდეგ კი ამ წყლით მოძღვარი მორწმუნეებს აკურთხებს, რაც მათთვის ნათლობის საიდუმლოს გახსენების სიმბოლოა. ასევე შესაძლებელია ამ ნაკურთხი წყლის ეკლესიიდან სახლში წაღება, რათა ამ წყლით მორწმუნემ სახლიდან გამოსვლისას პირჯვარი გამოისახოს ანდა ასხუროს მის საცხოვრებელს.
ეს დღესასწაული გვიჩვენებს ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობას. ამ საიდუმლოში განვიწმიდეთ პირველქმნილი ცოდვისაგან და დავიბადეთ, როგორც ღვთის ნაშვილები შვილები. ასევე ვმონაწილეობთ ქრისტეს ღირსებაში, რომელიც მამა ღმერთმა დაამოწმა იორდანეში მისი ნათლობის დროს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“.
არლის კათოლიკური სამრევლო, 2018
Comments