მსოფლიოში კათოლიკეთა რიცხვი გაიზარდა – სტატისტიკა
- catholic.ge
- Mar 22
- 2 min read
ვატიკანის საეკლესიო სტატისტიკის ცენტრალურმა სამსახურმა ორი პუბლიკაცია გამოაქვეყნა:

1. პაპის წელიწდეული, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 2024 წლისთვის, საყოველთაო ეკლესიის სტრუქტურების შესახებ;
2. საეკლესიო სტატისტიკის წელიწდეული, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმ ძირითადი მიღწევების შესახებ, რომლებმაც 2022 და 2023 წლებში კათოლიკური ეკლესიის სამწყსო საქმიანობა განსაზღვრეს.
ამ ორი გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში კათოლიკეების რაოდენობა 1,15% – ით გაიზარდა. 2023 წელს ეს მონაცემი 1 მილიარდ 406 მილიონი იყო.
კათოლიკეების 47,8% ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობს, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. პირველ ადგილზეა არგენტინა, შემდეგ მოჰყვებიან კოლუმბია და პარაგვაი, სადაც კათოლიკურ ეკლესიაში მონათლულთა რაოდენობა მოსახლეობის 90%–ია.
კათოლიკე მოსახლეობის 20% ცხოვრობს აფრიკაში. მათგან ყველაზე მეტი – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია (55 მილიონი), შემდეგ კი, ნიგერიაში (35 მილიონი).
აზიის კონტინენტზე მსოფლიოს კათოლიკეების 11% ცხოვრობს, ძირითადად ფილიპინებზე (93 მილიონი) და ინდოეთში (23 მილიონი).
ევროპა, სადაც მსოფლიოს კათოლიკე საზოგადოების 20,4% ცხოვრობს, ყველაზე ნელა მზარდი რეგიონია. წარმოდგენილი მონაცემებით, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში, კათოლიკურ ეკლესიაში მონათლულთა რაოდენობა მოსახლეობის 90%–ზე მეტს შეადგენს.
2023 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში 406 996 კათოლიკე მღვდელი იყო. მათი რიცხვი გაიზარდა აფრიკასა (2,7 პროცენტით) და აზიაში (1,6 პროცენტით), ხოლო შემცირდა ევროპაში (1,6 პროცენტით), ოკეანეთში (1 პროცენტით) და ამერიკაში (0,7 პროცენტით).
რაც შეეხება მღვდლებისა და კათოლიკე მორწმუნეებს შორის თანაფარდობას, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ოკეანიაში მღვდლების რაოდენობა სამწყსო საჭიროებებთან შედარებით გაცილებით მეტია, ხოლო ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, პირიქით, მღვდლების მნიშვნელოვანი დეფიციტია.
ამჟამად განსაკუთრებულ ზრდას განიცდის მუდმივი დიაკვნების რაოდენობა. მათი რიცხვი ოკეანიაში 10,8 პროცენტი იყო, ამერიკაში კი 3,8. მუდმივი დიაკვნების მხრივ პოზიტიურ ტენდენციებს ავლენს ევროპა და აზიაც.
ამის მიუხედავად, ყველგან იკლებს ბერ-მონაზვნების რაოდენობა და ეს განსაკუთრებით მონაზვნებს ეხება. თუმცა, ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი დების ხანდაზმულობის ასაკია, მაშინ როცა მონაზვნური ცხოვრების დატოვება ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა აღარ არის. აქ ისევ დიდი განსხვავებაა კონტინენტებს შორის:
აფრიკაში მონაზვნების რაოდენობა 2,2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 0,1 პროცენტით. ჩრდილოეთ ამერიკაში 3,6 პროცენტი კლება იყო, ცენტრალურ ამერიკაში - ოდნავ ნაკლები, მაგრამ ასევე დაახლოებით 3 პროცენტი, ევროპაში - 3,8 პროცენტიანი კლებაა. ამასთან, მთელს მსოფლიოში მონაზვნების რაოდენობა მღვდლების რაოდენობას 45 პროცენტით აჭარბებს და ბევრ რეგიონში მათ არა მხოლოდ მღვდლების დახმარება, არამედ სხვადასხვა მსახურებაში მათი ჩანაცვლებაც უწევთ.
უმაღლეს სასულიერო სემინარიებში სემინარიელთა რაოდენობა მცირდება. ეს ტენდენცია 2012 წლიდან არ შეცვლილა და ვრცელდება ყველა კონტინენტზე, გარდა აფრიკისა, სადაც მღვდლობის მსახურების მიღების მსურველთა რიცხვი 1,1 პროცენტით გაიზარდა.
2023 წლის მონაცემებით, კათოლიკე მღვდლების უდიდესი რაოდენობა - 61,4 პროცენტი სემინარიებს აფრიკასა და აზიაში ამთავრებს, მიუხედავად იმისა, რომ აზიაში სემინარიელთა რაოდენობა 4 პროცენტზე მეტით შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რელიგიური რუკის მიხედვით, საქართველოში კათოლიკეების რიცხვი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
იმერეთში – 0.02%
გურია – 0.26%
აჭარა– 0.04%
სამცხე–ჯავახეთში – 9.36%
შიდა ქართლში – 0.02%
ქვემო ქართლში – 0.35%
თბილისი – 0.15%
კახეთი – 0.07%
შოთა გიქოშვილი
Comments