top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე მღვდელმა მესხურ სარიტუალო ტრადიციებზე დისერტაცია დაიცვა

4 ოქტომბერს, პოლონელმა მისიონერმა საქართველოში, მამა დარიუშ კომადოვსკიმ, კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მისი თემა იმით იყო განსაკუთრებული, რომ შეეხებოდა მესხეთში არსებულ ტრადიციებს – ქორწინების, დაბადებისა და დაკრძალვის შესახებ.

04.10.2023 / მამა ზურაბ კაკაჩიშვილის ფოტო

მამა დარიუშ კომადოვსკის, რომელსაც საქართველოში მსახურების თითქმის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, ამიერიდან ღვთისმსახურების დოქტორის სტატუსი ექნება. მან სადისერტაციო თემად ქართული ტრადიციები აირჩია და 400 გვერდიანი ნაშრომი პოლონურ ენაზე დაწერა. ამბობს, რომ სადისერტაციო თემა მესხურ სარიტუალო ტრადიციებზე შეაჩერა, რადგანაც საქართველოში მისი პირველი სამრევლო სწორედ მესხეთში, სოფელი არალი იყო და მესხებისგან ბევრი საინტერესო ტრადიციის შესახებ შეიტყო: „წლები ვცხოვრობდი მესხეთში და ვუყურებდი ყველა ტრადიციას, რომელიც ეხებოდა დაბადებას, ქორწინებასა თუ დაკრძალვას. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ამაზე დავწერო“.


მღვდელმსახურმა სადისერტაციო თემაზე აქტიური მუშაობა 2021 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში მისიაზე უკვე მეორედ ჩამოვიდა. ამბობს, რომ თავდაპირველად მასალების შეგროვება მარტივი არ აღმოჩნდა. საჭიროა იყო ძველი მესხური ტრადიციების შესახებ ბევრი წიგნისა და ჩანაწერის ნახვა, რაც თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ბიბლიოთეკაში ძებნას, შეგროვებას, დამუშავებას, თარგმნას და შემდეგ წერას ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ მან თემის დამუშავებას ბოლო ორი წელი მოანდომა.



ნაშრომის სრული სახელწოდება ასეთია: „გადასვლის ქართული რიტუალების ინკულტურაცია მესხეთის რეგიონში – მისიოლოგიური სწავლება“. ავტორი ამბობს, რომ სიტყვაში „გადასვლის“ აქ იგულისხმება ადამიანის ანთროპოლოგიური მდგომარეობა, ანუ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლა. თემას პოლონელი პროფესორი იაროსლავ რუჟანსკი ხელმძღვანელობდა. იმისათვის, რომ დოქტორის სტატუსი მიეღო, გარდა სადისერტაციო თემისა, მამა დარიუშმა პოლონეთში სამი გამოცდაც ჩააბარა: მთავარი საგანი – მისიოლოგია; გარე საგანი – ფსიქოლოგია და უცხო ენა – რუსული ენა.

4 ოქტომბერს, მამა დარიუშ კომადოვსკის სადისერტაციო თემის დაცვაზე მის მხარდასაჭერად პოლონეთში იმყოფებოდა თბილისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, რომელიც არალში მამა დარიუშის ვიკარიუსად ყოფნის პერიოდში (2014–2019 წწ.) სამრევლოს წინამძღვარი იყო.

04.10.2023 / მამა ზურაბ კაკაჩიშვილის ფოტო

ამიერიდან, 39 წლის მამა დარიუშ კომადოვსკის სამეცნიერო სტატუსი ღვთისმსახურების დოქტორი იქნება, მას შეუძლია რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად მუშაობა.


რაც შეეხება მის საქართველოში ყოფნის პერიოდს, 2014–2019 წლებში მამა დარიუში მესხეთში, სოფელ არლის კათოლიკური სამრევლოს ვიკარიუსი (დამხმარე მღვდელი) იყო. 2019 წლის ოქტომბერში მან პირველ ეტაპზე საქართველოში მისია დაასრულა და პოლონეთში გაემგზავრა, მსახურებდა ვარშავის ერთ–ერთ სამრევლოში.

2021 წლის ნოემბერში, დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა გორისა და ბეთლემის კათოლიკური სამრევლოების მოძღვრად.


2023 წლის ოქტომბერში, ეპისკოპოსის ახალი დეკრეტის საფუძველზე, იგი დატოვებს გორს და არლის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი იქნება.




თაკო ფეიქრიშვილი

Komentarai


bottom of page