top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკობა გურიაში


XIX საუკუნეში გურიის სამთავროში, თეატინელ მამათა მსახურებით, დაარსდა კათოლიკური მისია, ჩამოყალიბდა ადგილობრივი კათოლიკური სამრევლო.


კათოლიკური მისიონი პირველ ეტაპზე  საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა, თუმცა გურიის მთავართა მხრიდან პოლიტიკური ვექტორის შეცვლის შემდგომ თეატინელი მამები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ გურიის სამთავრო და ოდიშის მთავართა მიწვევით სამეგრელოში გადასულიყვნენ. ახალ ადგილზე კათოლიკე მამებმა ოდიშის მთავრის დიდი სიმპათია და ადგილობრივი მოსახლეობის სიყვარული დაიმსახურეს და კიდევ უფრო მეტი წარმატებით განაგრძეს მსახურება. კათოლიკე მამების წასვლის შემდგომ გურიაში კათოლიკურმა სამრევლომ არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ სამსაუკუნოვანი ინტერვალის შემდგომ, 1999 წლიდან, წმ. სტიგმელთა კონგრეგაციის მამების, კონკრეტულად კი მამა გაბრიელე ბრაგანტინის, ძალისხმევით გურიაში კვლავ აღდგა კათოლიკური ეკლესია.


მიმდინარე წელს შესრულდა 25 წელი, რაც გურიაში რამდენიმე კათოლიკური საკრებულო ფუნქციონირებს და ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე არქიტექტურის კათოლიკური ტაძარიც აიგო. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ოზურგეთის ტაძრის წინამძღვარს, მამა გაბრიელე ბრაგანტინის. გთავაზობთ ამ საუბრის საჟურნალო ვერსიას.

 

შეიძლება ითქვას, კათოლიკობის ისტორია გურიაში  მეორე ეტაპის ფაზაშია. მე-17 საუკუნეში თეატინელთა მისიის შემდგომ, წმ. სტიგმელთა კონგრეგაციის მამათა მეშვეობით, მე-20 საუკუნის ბოლოს კვლავ აღდგა მოქმედი კათოლიკური საკრებულოები გურიაში. მამა გაბრიელე, ხომ ვერ გაიხსენებდით, როგორ დაიწყო გურიის კათოლიკური აღორძინება? როგორი იყო თქვენი მისიის პირველი ნაბიჯები  და, კონკრეტულად, რა სირთულეები ახლავს თან ამ მისიას?


სიამოვნებით; ამჯერად, შეგვიძლია მეორე ეტაპზე ვისაუბროთ, თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა მესამე ეტაპზე საუბარი, რაკი პირველი ეტაპი იწყება XVII საუკუნეში თეატინელთა ჩამოსვლით, რომლებმაც წმიდა სტეფანეს სახელზე ააგეს ეკლესია და სკოლა; ეს იყო აყვავების ხანა; მეორე ეტაპი დგება XX საუკუნეში, როდესაც მეორე ეკლესია აიგო ნახევრად ქვისაგან და ნახევრად ხისაგან, იქვე, ღელესთან ახლოს, გვერდით იყო სასაფლაოც, რომელიც საუკუნის შუა ხანებამდე ფუნქციონირებდა; ამ პერიოდის შესახებ ძალზე მწირე ინფორმაცია გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ


მოგვიანებით ეკლესია საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა. მესამე ეტაპი იწყება სოფელ შრომის კათოლიკე ოჯახებთან კავშირის აღდგენით; სწორედ ამ აღდგენილი კავშირების წყალობით გაჩნდა მოთხოვნილება, რომ დავკავშირებოდით ოზურგეთში მყოფ კათოლიკე ოჯახებსაც.  


პირველი შეხვედრები 1999 წელს შედგა, მოუთმენლად გველოდნენ, ვიკრიბებოდით ერთ-ერთ ოჯახში, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები...  მამაკაცები უფრო ნაკლებად; ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს არც არასოდეს შეუწყვეტიათ ღვთისმსახურება, გალობდნენ სომხურ საგალობლებს, საკუთარი ხელით ჰქონდათ დაწერილი ლოცვის წიგნები, საგულდაგულოდ შენახული ბარათები წმიდა გამოსახულებებით; ქალბატონების მცირე ჯგუფი იკრიბებოდა სხვა ოჯახში, სადაც ეზოში სამლოცველოც კი ააგეს; შევხვდი ასევე ქალაქის მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, რათა მისთვის მეცნობებინა კათოლიკეებთან დაწყებული საქმიანობის შესახებ. ამჯერად, მგონია, რომ გაცილებით მეტი სირთულე გვაქვს, ვიდრე დასაწყისში იყო, უფრო მეტად, მორწმუნეების მხრივ: მაშინ გაცილებით მეტი იყო მონაწილეობა, ინტერესი, სიახლოვე და, რა თქმა უნდა, დროც... ძირითადი აქტივობები ცენტრში მიმდინარეობს, იქ ყოველ კვირას, ორშაბათობით, მივდივარ წირვის აღსასრულებლად, მონაზონ ლორედანასთან ერთად, იქვე ვატარებთ შეხვედრებს და, საჭიროების შემთხვევაში, ვასრულებთ ჯვრისწერის, დაკრძალვის მსახურებასაც...

ოზურგეთში „კარიტასი“ ახორციელებს შინმოვლის პროექტს, ეხმარება ხანდაზმულ, მარტოსულ, ღარიბ, ავადმყოფ ადამიანებს, მათ შორის არიან კათოლიკეებიც; ჯერ კიდევ არ ჩამოგვიყალიბებია სამწყსო საბჭო, თუმცა, შეხვედრები ნამდვილად არ გვაკლია, მათ შორის, კატეხისტური ხასიათის, რომლის მიმართ დიდია ინტერესი და დასწრება.


კათოლიკე მოსახლეობა გურიის რამდენიმე სოფელში მკვიდრობს, ცხადია, კათოლიკეთა თემი  სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგას: ახალგაზრდობის დენადობა, ახლო თუ შორეულ ემიგრაციაში გამგზავრება, ეთნიკურ თუ კონფესიურ უმცირესობაში ყოფნა, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ეთნო-კონფესიური განსხვავება, ერთი მხრივ, უფრო უნდა იცავდეს ადგილობრივ კათოლიკურ სამრევლოს პროზელიტიზმის მავნე გავლენებისაგან; როგორც წინამძღვარი, წლების მანძილზე როგორ ეხმარებით სამრევლოს წევრებს ამ და სხვა სიძნელეთა მოგვარებაში?


მართალია, კათოლიკეები არიან არა მარტო ოზურგეთში, არამედ სხვაგანაც; თუმცა ამ ოჯახებთან კავშირი გვაქვს მხოლოდ ლოცვის დროს, როცა რომელიმე კათოლიკე გარდაიცვლება, ან სხვა გარემოებაში; პრობლემები უკავშირდება ოჯახური, სოციალური და ეროვნული ხასიათის შემთხვევებს; ბოლო დროს შეინიშნება ახალგაზრდების, ბავშვებისა და მოზარდების ნაკლებად მონაწილეობა წირვაში... ყველა აღნიშნავს, რომ დრო არა აქვს ეკლესიისთვის; თუმცა, მიჭირს ამის დაჯერება; არცთუ ცოტა ირჩევს, შეიძლება ითქვას, ძალდატანებითაც, მართლმადიდებლურ ან სომხურ სამოციქულო ტრადიციას და ეს ვლინდება ჯვრისწერის, დაკრძალვის, ნათლობის დროს არჩევანში. ბევრი დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და უჭირს ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა, ბევრიც საზღვარგარეთ მიდის.


თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით აიგო ოზურგეთში კათოლიკური ტაძარი, რომელიც, თავისი ინტერიერისა და ერთიანი შიდა სივრცეების ფუნქციური მოწყობით, გამორჩეულია თანამედროვე ქართულ სატაძრო არქიტექტურაში. რამდენად შეძელით გადმოგეცათ თქვენი არქიტექტურული ჩანაფიქრი ამ პროექტის განხორციელებაში და რა ცვლილებებს ან დამატებებს შეიტანდით, კვალავაც რომ მოგეცეთ ტაძრის აგების შესაძლებლობა?


ცალკე სტატიას იმსახურებს წმიდა სტეფანესადმი მიძღვნილი ეკლესიის აგების ისტორია; ჩვეული სირთულეების შემდეგ, რაც მუდამ ახლავს ახალი კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას, გადაწყდა შეგვესყიდა გასაყიდად გამოტანილი შენობა და ნელ-ნელა გადაგვეკეთებინა, ნაწილი ლიტურგიისთვის, ნაწილი მღვდლის სამყოფ ადგილად და ნაწილი სხვა ღონისძიებებისათვის; ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, თუმცა შენობა გარედან უბრალო, თითქმის უმნიშვნელო ჩანს; უფრო მეტად საინტერესოა ის ნაწილი, რომელიც ლიტურგიას ეთმობა, თავისი დიდი შესასვლელით, აქვე არის ნამდვილი ჭა, ემბაზი, მიწისქვეშა ამფორები წირვისათვის საჭირო ღვინის დასაყენებლად და სააღმსარებლო; ლიტურგიისათვის განკუთვნილ დარბაზს აქვს ორი მთავარი ადგილი: ამბიონი, რომლის უკან ღვთისმშობლის ხის ქანდაკებაა და საკურთხეველი,  უკან დიდი ჯვარცმით; არის, ასევე, ადგილი წმიდა ევქარისტიის შესანახავად; ლამაზია ეკლესიის ვიტრაჟები და უძველესი Via Crucis; საკურთხევლის ქვეშ დაცულია წმიდა სტეფანეს რელიკვიები; ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად ერწყმის ერთმანეთს და დატვირთულია მნიშვნელობებით; დიდი ზარი აგვირგვინებს ეკლესიის ფასადს. ჯერჯერობით არაფერს შევცვლიდი...


მამა გაბრიელე, თქვენ ოზურგეთის საკრებულოსა  და, შეიძლება ითქვას, სრულიად გურიის კათოლიკეთა წინამძღვარი ხართ, რა პერსპექტივებს ხედავთ ამ რეგიონში კათოლიკობის განვითარებაში და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ გურიის კათოლიკე სამრევლოების ცხოვრებაში?


ამჟამად რთულია პერსპექტივებზე საუბარი; პირველი, რაც უნდა გაკეთდეს,  ეს არის ეკლესიაში მღვდლის მუდმივი სამყოფელი, რაც დიდ დახმარებას გაგვიწევდა... მაგრამ...

და ბოლოს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს ეყოლება თავისი მუდმივი მოძღვარი და კათოლიკე ეკლესია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მორწმუნეების სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. გვინდა, ჟურნალ ,,საბას“ სახელით, მამა გაბრიელეს, ყველა კათოლიკე მღვდელმსახურს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს გურიის რეგიონის კათოლიკე მრევლის ცხოვრებაში, და ყველა მორწმუნე კათოლიკეს  წარმატება და სულიერი სიმტკიცე ვუსურვოთ. ღმერთმა დალოცოს ეს ლამაზი კუთხე და იქ  მოღვაწე მშრომელი,  გულისხმიერი, რწმენის ერთგული კათოლიკეები.


ნუგზარ ბარდაველიძე

 ჟურნალი "საბა"/ 2024, დეკემბერი

Comments


bottom of page