შეიძლება ასეც ითქვას: კათოლიკობა თუ ქრისტიანობა, კათოლიკობა თუ ოჯახი, კათოლიკობა თუ სამუშაო... და შეგვიძლია გავაგრძელოთ კიდევ სხვა ალტერნატივით, რაც ძირს უთხრის ჩვენს კათოლიკურ რეალობას საქართველოში; ყველა მნიშვნელოვანი ტერმინია, მაგრამ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, არა! მორწმუნე ადამიანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მისი რწმენა, მისი ეკლესიისადმი კუთვნილება, თუ არჩევანის გაკეთება უწევს კათოლიკობასა და ქართველობას შორის.
საქართველოში საკმაოდ ბევრი კათოლიკესთვის, როგორც ჩანს, უფრო დიდი პრობლემაა ქართველად არაღიარების ფაქტი, ვიდრე კათოლიკობა, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არანაკლებ ნაციონალისტები არიან, ვიდრე სხვა რელიგიის მორწმუნეები; მაგრამ თუ ქართველობას პირველ ადგილზე ვაყენებ, შემიძლია, ჩემი კათოლიკობა და ეროვნება ისე შევუკავშირო ერთმანეთს, რომ უკან არ დავიხიო ისეთი არჩევანის წინაშე, როგორიცაა სამუშაო, ქორწინება, ბავშვების ნათლობა?
სამწუხაროდ, კათოლიკური ტრადიციის ბევრმა მორწმუნემ დაივიწყა თავისი ოჯახის ისტორია, რათა სხვებზე ნაკლებ ქართველად ან უცხოდ არ ეგრძნო თავი ამ საზოგადოებაში... უმრავლესობის მსგავსად დაიწყეს აზროვნება და მსჯელობა, რაც ხშირად უსაფუძვლო და უშედეგოა. ნუთუ ის, ვინც კათოლიკე ეკლესიის მიტოვებას აპირებს, ან უკვე მიატოვა, უფრო მეტად გრძნობს თავს ქართველად? ან, თუკი მართლმადიდებელი გახდება, უფრო უკეთესი ქრისტიანი იქნება, ვიდრე კათოლიკედ ყოფნის დროს იყო? თუ ეს მართალია, მაშინ არც შეძენილი ქართველობა არის ჭეშმარიტი და არც მიტოვებული კათოლიკობა ყოფილა ის, რის შესახებაც წერდა წმიდა ეგნატე ანტიოქიელი, როცა იგი რომში გადაიყვანეს, სანამ მხეცებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად.
საქართველოს მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ (იხ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვებ–გვერდი) 2023 წლის 19 მაისს, ბუზმარეთის მოვლენების მომდევნო დღეს, დაწერა, რომ „კათოლიკობა წარმოიშვა XI საუკუნეში“; მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, რატომ არ უნდა წარმოშობილიყო მართლმადიდებლობაც XI საუკუნეში? მაშ, როგორღა მიიღეს მონაწილეობა კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების შერეულ საერთაშორისო კომისიის შეხვედრაში, რომელიც გასული წლის 1-7 ივნისს გაიმართა ალექსანდრიისა და მთელი აფრიკის ბერძნულ-მართლმადიდებლური საპატრიარქოს ეგიდით? აქვე, ურიგო არ იქნებოდა გაგვეგო, რას ნიშნავს „კათოლიკობა“.
ცხადია, ტერმინი „კათოლიკე“ არც „ქართველობასთან“ იდენტიფიცირდება და არც „მართლმადიდებელი“ უნდა გაიგივდეს „ქართულთან“; „კათოლიკე“ ნიშნავს ,,უნივერსალურობას“, როგორც მთლიანობა, რომელიც ყველას მოიცავს და არავის და არაფერს რიყავს; პირიქით... როგორც მეორე საუკუნის დასაწყისში დიოგნეტოსის მიმართ ეპისტოლეს ავტორი წერდა ქრისტიანებზე საუბრისას, სწორედ კათოლიკეა, ვინც ყველა ქვეყანაში თავს ისე გრძნობს, როგორც სამშობლოში და ყველას სამშობლო მისთვისაც შეიძლება იყოს სამშობლო, რადგან „ყოველი უცხო მხარე მათი სამშობლოა, თუმცა, ყველა სამშობლო მათთვის უცხო მიწაა“. ,,სამშობლო“ და ,,კულტურა“ მშვენიერი და კეთილშობილური ცნებებია, თუკი ვაღიარებთ ამ ფაქტის სიცხადეს: სამშობლო ეკუთვნის მას, ვისაც ის უყვარს და პატივს სცემს და არა იმას, ვინც მხოლოდ იქ დაიბადა და, შესაძლოა, არად აგდებდეს მის კანონებსა და ნორმებს; სამშობლო ეკუთვნის მას, ვინც უფრთხილდება და ავითარებს არა სექტორულ, არამედ უნივერსალურ, არა ექსკლუზიურ, არამედ ინკლუზიურ ღირებულებებს.
„ქართველობა“ კი რაც არ უნდა მშვენიერი, უნიკალური, საინტერესო იყოს, როგორც ყოველი კულტურა, თუკი მთლიანობის, საყოველთაოს ნაწილად არ იგრძნობს თავს, გაქრება, ისე, რომ ვერ შეძლებს თავისი მრავალფეროვანი რეალობის ინტეგრირებას, ყველასადმი პატივისცემით.
კათოლიკობა თუ ქართველობა? კითხვა, რომელიც იპოვის თავის ნამდვილ პასუხს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყოველი მორწმუნე, ჭეშმარიტი რწმენის დაცვით, ყოველგვარი შიშის გარეშე იგრძნობს მისი შენარჩუნების აუცილებლობას საზოგადოებაში; როდესაც კათოლიკე ეკლესიას ჩემი ქართველობის დასამტკიცებლად ვტოვებ, ან თუნდაც მართლმადიდებელი იმიტომ ვარ, რომ სხვაზე ნაკლებ ქართველად არ ვიგრძნო თავი, აქ უსათუოდ საჭირო ხდება გავიხსენოთ სახარება იესო ქრისტესი, რომელიც მუდამ გვიხმობს მოქცევისა და ყველა ეკლესიასთან ზიარებისკენ, კერძოდ კი, რომის ეკლესიასთან, „ეკლესიასთან, რომელიც სიყვარულში წინამძღოლობს“, როგორც წერდა წმიდა ეგნატე ანტიოქიელი.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" / 2023, ივლისი
Comments