• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და პაპ ფრანცისკეს ძმური ამბორი მსოფლიოში მშვიდობისთვის


ვატიკანი მასპინძლობს თბილისის წმინდა სამების კათედრალური ტაძრის მგალობელთა გუნდს, რომელიც 26 ივნისს კონცერტით წარდგება სიქსტეს კაპელაში, ხოლო 29 ივნისს, წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, წმ. პეტრეს ტაძარში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, შეასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის „ავე მარიას“.



ეს ინიციატივა სათავეს იღებს 2019 წლის 30 ნოემბერს, როცა პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს მიმართა წერილით, რომლითაც იწვევდა მას ვატიკანში, პატრიარქის მიერ ვატიკანში 1980 წელს განხორციელებული პირველ ვიზიტის ორმოცის წლისთავის აღსანიშნავად.


პატრიარქი გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის „უპირველესი დიპლომატი“ მსოფლიო ასპარეზზე. წერილში პაპი გამოთქვამდა სურვილს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღო თბილისის წმინდა სამების ტაძრის მგალობელთა გუნდს, რათა ვატიკანში შესრულებულიყო საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები და, ზოგადად, ქართული მუსიკა.

პაპ ფრანცისკეს წერილი მის უწმიდესობა ილია II-ს გადაეცა 2019 წლის 18 დეკემბერს, როცა პატრიარქს ეახლნენ წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკური, კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მეუფე ჯუზეპე პაზოტო, და წმინდა საყდრის სადესპანოს მრჩეველი მონსინიორ ჯუზეპე ლატერცა.



ორიოდე კვირის შემდეგ, 2019 წლის 29 დეკემბერს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, მისმა მაღალმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას პირადად განაახლა პაპის მხრიდან პატრიარქის მიწვევა.


კარდინალი პაროლინი უმაღლესი პატივით იქნა მიღებული მისი უწმიდესობა ილია II-ის და წმინდა სინოდის მიერ თბილისში, საპატრიარქოს დიდ დარბაზში.

2022 წელს, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, სააღდგომო მოლოცვების ტრადიციული გაცვლისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილობით დაუდასტურა პაპ ფრანცისკეს, რომ წმინდა სამების ტაძრის გუნდი იმღერებდა ვატიკანში.


გალობა, რომლითაც გუნდი ვატიკანში წარდგება, წარმოადგენს დიადი ქართველი ერის რწმენითა და უმშვენიერესი ტრადიციით განმსჭვალულ მრავალსაუკუნოვან ლოცვებს, რომლებიც ადამიანის სულიერი სიღრმეებიდან იღებს სათავეს და მარადიულ და მიღმიერ უფალთან გვაერთებს. ისინი III-IV საუკუნეების პირველ ქრისტიანულ თემთა რწმენაში, კურთხეული მარიამ ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემასა და უდაბნოს მამათა, წმინდანთა და წამებულთა სულიერებაშია ფესვგადგმული.


ქართული საზოგადოების სხვადასხვა წრეებისა და ქვეყნის ხელისუფლების თანადგომით, აღნიშნული ინიციატივა ისტორიულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში კვლავაც მძვინვარებს სასტიკი ომი, რომლის სიმწარეც საქართველომაც გამოსცადა, სადაც ომის დევნილთა საკითხი ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.


იმედია, წმინდა სამების ტაძრის გუნდის გალობა ხელს შეგვიწყობს უკეთ გავიცნოთ და დავაფასოთ ერთმანეთის ტრადიციები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ხალხებსა და ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებს და შთაგვაგონებს ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში.


არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური
წმინდა საყდრის სადესპანო საქართველოში