top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კამილიელთა დღის ცენტრში დედებსა და ქალებს ღონისძიება მიუძღვნეს

კამილიელთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ახალციხის ფილიალში დედის დღესა და ქალთა დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. ბენეფიციარებმა დედებსა და ოჯახის წევრებს საკონცერტო ნომრები წარმოუდგინეს და საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრებიც გადასცეს.



8 მარტს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში, სპეციალურად ბენეფიციართა ოჯახის წევრებისათვის ფერადი დღესასწაული მოეწყო. ლექსები, სიმღერები და ცეკვები დედებისთვის შესრულდა.


„მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტი უქმე დღეა, ავიღეთ ინიციატივა, რომ ეს დღე ჩვენი ბენეფიციარების მნიშვნელოვანი ყოფილიყო და მათი ინტეგრაცია მომხდარიყო, ვინაიდან სხვა ღონისძიებებზე ჩვენი ახალგაზრდები დიდად ვერ დადიან. ამიტომ შევეცადეთ ჩვენ გაგველამაზებინა ეს დღე. თითოეულ მათგანს თავისი უნარი და ძლიერი მხარე აქვს, მათ ნიჭს მივეცით წარმოჩენის საშუალება და ვანახეთ მშობლებსაც“, – ამბობს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალის მენეჯერი ქრისტინა ლაზარიშვილი.


ახალციხის დღის ცენტრში მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერიოდულად ეწყობა და მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება. ამისთვის ბენეფიციარებს პედაგოგები და მოხალისეები აქტიურად ეხმარებიან. ისინი უკვე წლებია თითოეული ბენეფიციარის საჭიროებაზე ზრუნავენ და ყველა მათგანის უნარსა და თვისებას კარგად იცნობენ.


„ეს ღონისძიებები ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც და ჩვენთვისაც თითქოს ახალი გამოღვიძებაა, ყოველდღიურობიდან გამოსასვლელად. დღევანდელ ღონისძიებას ბევრი დატვირთვა ჰქონდა. ერთი, რომ შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის და მეორე, რომ მზრუნველობა გამოგვეჩინა მშობლების მიმართ, რომლებიც ჩვენს ბენეფიციარებზე ყოველთვის ზრუნავენ. ამ შემთხვევაში, შევეცადეთ ბენეფიციარებს ეზრუნათ მშობლებზე, ჩვენი ცენტრის საშუალებით“, – ამბობს არტ თერაპიის ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ მათოშვილი.


მარტის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახალისო ვიქტორინით დასრულდა, რომლის დროსაც ბენეფიციარებმა დედებსა და დებს საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირები გადასცეს.



თაკო ფეიქრიშვილი





bottom of page