კარდინალი როლანდას მაკრიცკასი ფოთის მიტროპოლიტს შეხვდა
- catholic.ge
- Jun 25
- 1 min read
კარდინალი როლანდას მაკრიცკასი, რომელიც ბათუმის ტაძრის კურთხევის იუბილესთვის ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვიდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, "ახალი საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორს, მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) შეხვდა.

შეხვედრა 24 ივნისს, ქალაქ ფოთში, ფოთისა და ხობის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა. მას ასევე ესწრებოდნენ, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური სამრევლოების დეკანი მამა გაბრიელე ბრაგანტინი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკლესიათა მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.
მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა კარდინალს სტუმრობისა და ქვეყნისადმი კეთილგანწყობისათვის.
სასულიერო პირებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ რთულ პერიოდში რელიგიის როლზე, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მიტროპოლიტმა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს ტაძრის კურთხევის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და მამა გაბრიელე ბრაგანტინის მნიშვნელოვან მოღვაწეობას საქართველოში კათოლიკე მრევლის საკეთილდღეოდ.
კარდინალმა როლანდას მაკრიცკასმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გულთბილი მიღებისათვის. პატივისცემით მოიკითხა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ჯანმრთელობა უსურვა მას, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის მნიშვნელობასა და ქართველი ერის თავგანწირვაზე, სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის. კარდინალმა საქართველოს მშვიდობა, სიძლიერე და გაერთიანება უსურვა.
ცნობისთვის, 24 ივნისს, ბათუმში ახალი კათოლიკური ტაძრის კურთხევიდან 25 წლის იუბილე აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვიდა კარდინალი როლანდას მაკრიცკასი, რომელმაც სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. კადინალი ამჟამად რომის პონტეფიკალური ბაზილიკის სანტა მარია მაჯორეს კვადიუტორი არქიხუცესი და ეპისკოპოსთა დიკასტერიის წევრია.
კარდინალი როლანდას მაკრიცკასი 2006 წლიდან საქართველოში მსახურობდა ნუნციუსის, კლაუდიო გუჯეროტის მრჩევლად. 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა.
Comments