21 ივნისს, „საქართველოს კარიტასის“ არლისა და ვალის დღის ცენტრების მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები ფართო საზოგადოებას აჩვენეს. გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ფანქრით, გუაშებით, აკრილით, საღებავებითა და სხვა მასალით შესრულებული ნახატების გარდა, ცენტრის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს.
„საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრები ახალციხის სამხატვრო სკოლაში გამოგვეფინა და ამისთვის მადლობა ახალციხის მერიას, რადგანაც მოგვცა ამისი უფლება. ეს ჩვენთვის პირველი ასეთი მასშტაბური გამოფენაა და იმედი მაქვს რომ შემდეგშიც გაგრძელდება“, – ამბობს „კარიტასის“ სამხრეთ საქართველოს პროგრამის ოფიცერი ხათუნა ხითარიშვილი.
ნახატების გამოფენაზე არლისა და ვალის ცენტრების 24 მოსწავლის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ამისათვის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად მთელი წელი იშრომეს. როგორც „კარიტასში“ ამბობენ, მომავალი გამოფენები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.
დღევანდელ ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, ასევე რეგიონის კულტურის გაერთიანების სამსახურის დირექტორი ქეთევან მიშველიძე და მერიის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დასასრულს ყველა მოსწავლეს სპეციალური სიგელი გადაეცა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments