• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კიდევ სამი ტაძარი, რომლებიც კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს დაუთმეს



ტაძრები, რომლებიც კათოლიკე ეკლესიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებლებს დაუთმო ლიტურგიის აღსავლენად, უამრავია. მათი ერთიანი აღრიცხვა შეუძლებელია.


12 ოქტომბერს catholic.ge–მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც არაერთი ტაძრის შესახებაა ინფორმაცია, რომლებიც კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს უსასყიდლოდ გადასცეს და ამით, თავისუფალი ლოცვის საშულება მისცეს.


ამჯერად, დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ სოციალურ ქსელში კიდევ სამი ტაძრის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას და ამბობს, რომ იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის ქალაქებში კათოლიკეებმა კვლავ უსასყიდლოდ დათმეს ტაძრები ქართველი მართლმადიდებლებისათვის, თუმცა ამის შესახებ საქართველოში ფართო მასებისათვის ცნობილი არ არის.


1. იტალია, ქალაქ ბარი



„კათოლიკური ეკლესიის კიდევ ერთი საჩუქარი: იტალიის ქალაქ ბარში ყოველკვირეული მსახურებისათვის ქართული სამრევლოსათვის დათმობილი მოქმედი კათოლიკური ეკლესია Santa Chiara. ამის გარდა სხვადასხვა დღეებში წირვა-ლოცვისა და პარაკლისებისათვის ქართულ სამრევლოსდა ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეთმობა წმ. ნიკოლოზის საფლავის კათოლიკური ბაზილიკა.“



2. ესპანეთი, ქალაქი ბარსელონა



„ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში წმ. ევლალია ქალწულ მოწამის წამების ადგილზე აგებული მე-20 საუკუნის შესანიშნავი კათოლიკური ტაძარი რამდენიმე წლის წინ უსასყიდლოდ და დიდი დროით გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ დასავლეთ ევროპის ქართული ეპარქიის ბარსელონის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლოს (წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი).

ეკლესიას აქვს შესანიშნავი ვიტრაჟები და საკმაოდ მოცულობითი დარბაზი".




3. თურქეთი, ქალაქი ანკარა



„ანკარის წმ. ტერეზას კათოლიკური ეკლესია. 2019

კათოლიკური ეკლესიის ქველმოქმედება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება: თვით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში კათოლიკური ეკლესია უთმობდა თავის ტაძარს საქართველოს საპატრიარქოს მღვდელს, იღუმენ მიქაელ ბრეგვაძეს 2019-2020 წლებში, რათა ადგილობრივი ქართველებისათვის წირვა-ლოცვა ჩაეტარებინა“ , – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი.



ცნობისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კათოლიკეების მიერ ქართველი მართლმადიდებლებისათვის გადაცემული ტაძრების შესახებ საუბარი ქართულ ინტერნეტ სივრცეში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოში ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მომლოცველობა დაიწყო.

ეკლესიის დიდი სურვილი იყო ფატიმის ღვთისმშობელი მიებრძანებინა იმ ტაძრებშიც, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა კომუნისტური პერიოდის შემდეგ, მართლმადიდებლებს გადაეცათ და დღეს ამ ნაგებობებით ისინი სარგებლობენ. მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეების სურვილი გააპროტესტეს და კათოლიკეებისათვის ტაძრებში შესვლა აკრძალეს.


საკითხზე catholic.ge-სთან ისაუბრა ქუთაისის სამრევლოს წინამძღვარმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინმა და აღნიშნა:


„უცნაურია, რომ როდესაც მართლმადიდებელი ქართველები იტალიაში არიან, იქ კათოლიკურ ეკლესიაში შედიან. მათ კათოლიკე ეკლესია აძლევს ტაძრებს, სადაც შეუძლიათ აღავლინონ თავიანთი ლოცვა. იტალიაში კათოლიკური ეკლესია ბედნიერია, რომ შეუძლია მათი დახმარება. მაშინ, ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი ეპისკოპოსების მიმართ: ნუ შეუშვებთ, რადგან ჩვენ [კათოლიკეების] მათთვის არავინ ვართ, ეშმაკები და ერეტიკოსები ვართო?“.


უკვე წლებია, კათოლიკე ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისაკუთრებული ტაძრების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.


ამავე თემაზე ნახეთ:


ტაძრები, რომლებიც კათოლიკე ეკლესიამ ქართველ მართლმადიდებლებს უფასოდ გადასცა


‘ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ!’ – კათოლიკე მღვდელი ქუთაისის ინციდენტზე


თაკო ფეიქრიშვილი