‘კმარა დაპირებები, გამოკვებეთ ადამიანები’ - პაპი ლეონ XIV
- catholic.ge
- Jul 1
- 1 min read
30 ივნისს, პაპმა ლეონ XIV - მ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) რიგით 44-ე საერთაშორისო კონფერენციისთვის მიმართვა გაუგზავნა.

პაპმა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა გლობალური შიმშილის წინააღმდეგ გზების მოძიებისათვის:
“პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმაა ვიდრე ჩვენ გვგონია. პრობლემა არ მდგომარეობს რესურსების უკმარისობაში, პრობლემა მდგომარეობს მათ არასწორ განაწილებაში”, – აცხადებს პაპი.
წმიდა მამამ ბიბლიიდან მოიშველია ციტატა (მათე 14,13-21) და განაცხადა, რომ პურის გამრავლების ნამდვილი სასწაული მის სიუხვეში მდგომარეობს.
„მსოფლიო საკმარის საკვებს აწარმოებს, რომ ყველა ადამიანი დანაყრდეს, მაგრამ ირჩევს პრობლემები დააგროვოს, იომოს და სპეკულირებდეს“, – აღნიშნა პაპმა.
მისივე თქმით, დღეს შიმშილი ხშირად გამოიყენება როგორც „ომის ძალიან იაფი იარაღი“: იწვება მინდვრები, ირღვევა სასურსათო ჯაჭვები, იბლოკება ჰუმანიტარული დახმარება და ადამიანები შიმშილით იღუპებიან, მაშინ როცა კორუფცია და დაუსჯელობა ყვავის.
„ფინანსური რესურსები და ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც გლობალური სიღარიბისა და შიმშილის აღმოსაფხვრელად უნდა გამოიყენებოდეს, რეალურად გადამისამართებულია იარაღის წარმოებასა და გაყიდვაზე“, – აღნიშნა მან.
პაპის თქმით, პრობლემების გადაჭრის გადადება არ შეიძლება — „დროა სიტყვებიდან საქმეზე გადავიდეთ“. მან მსოფლიოს მოუწოდა, გარდაქმნას აგრარული და საკვები სისტემები მდგრად და სამართლიან მოდელად, ითანამშრომლოს მშვიდობისთვის, დაიმახსოვროს უქმი რიტორიკისა და დამანგრეველი მომხმარებლობის უარყოფის აუცილებლობა.
ეკოსისტემებისა და გაჭირვებული თემების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობების დასაცავად, საჭიროა სამთავრობო, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე ადგილობრივი და ეროვნული ორგანიზაციების რესურსების მობილიზება ისეთი სტრატეგიებისთვის, რომლებიც ბიომრავალფეროვნების და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენას პრიორიტეტს მიანიჭებს.
სიტყვის დასასრულს, პაპმა ლეონ XIV-ემ დაადასტურა, რომ წმიდა საყდარი კვლავაც ითანამშრომლებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მშვიდობის, სამართლიანობისა და ღირსების დასაცავად, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილისა და დავიწყების მსხვერპლნი არიან.
შოთა გიქოშვილი
Comentarios