top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კონკლავის 5 ყველაზე ახალგაზრდა კარდინალი

7 მაისს, კათოლიკე ეკლესიაში ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი დაიწყება. 135 ამომრჩეველ კარდინალს შორის, 15 მათგანი 60 წლამდეა. ახალგაზრდა კარდინალები, რომლებიც პირველად მიიღებენ კონკლავში მონაწილეობას, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ:


კარდინალი მიკოლა ბიჩოკი — 45 წლის, არის უკრაინელი, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი, მსახურობს ავსტრალიაში, მელბურნის ეპარქიაში. იგი არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდაა კონკლავის მონაწილეებს შორის, არამედ წარმოადგენს აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიის ახალ ხმას.


კარდინალი დაიბადა ტერნოპილში, უკრაინაში, თავისი მოწოდება 15 წლის ასაკში იპოვა და 1997 წელს შეუერთდა რედემპტორისტთა ორდენს. მას შემდეგ მსახურობდა უკრაინაში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.

2020 წელს პაპმა ფრანცისკემ იგი მელბურნის უკრაინული ბერძნულ-კათოლიკური ეპარქიის მღვდელმთავრად დანიშნა. სადაც მან თავი მიუძღვნა უკრაინულ დიასპორასა და ახალგაზრდებთან მუშაობას.2024 წლის 7 დეკემბერს იგი კარდინალად აკურთხეს, რის შემდეგაც გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კარდინალი.


კარდინალი ჯორჯო მარენგო — 50 წლის, არის მონღოლეთის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი. კარდინალი მარენგო დაიბადა 1974 წელს, იტალიაში  კუნეოში. 2003 წელს მისიონერი გახდა და მას შემდეგ მსახურობდა მონღოლეთში.


2020 წელს დაინიშნა ულან–ბატორის აპოსტოლურ პრეფექტად.2022 წელს  48 წლის ასაკში, პაპმა ფრანცისკემ იგი კარდინალის  ხარისხში აიყვანა, რის შედეგადაც იგი კარდინალთა კოლეგიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.



კარდინალი ამერიკო მანუელ აგუარ ალვეში — 51 წლის, არის პორტუგალიელი კარდინალი. დაიბადა 1973 წელს.

2001 წელს მღვდლად აკურთხეს და მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა პორტოს ეპარქიაში, შემდეგ კი ლისაბონის დამხმარე ეპისკოპოსად.

 

2023 წელს ლისაბონში მსოფლიო ახალგაზრდობის დღის ხელმძღვანელობით, მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ შეხვედრაზე პორტუგალიაში 1,5 მილიონზე მეტი ახალგაზრდა შეკრიბა.


2023 წლის ბოლოს, პაპმა ფრანცისკემ იგი კარდინალად აკურთხა.

კარდინალი ჯორჯ ჯეიკობ კოვაკადი — 51 წლის, დაიბადა 1973 წელს, ინდოეთში, კერალას შტატში. იგი არის სირიულ-მალაბარული ეკლესიის არქიეპისკოპოსი და ვატიკანის დიპლომატიის გამოცდილი წარმომადგენელი.


2020 წელს იგი დაბრუნდა რომში, რათა 2021-2024 წლებში მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა პაპის ფრანცისკეს საერთაშორისო მოგზაურობების ორგანიზებაში. 2024 წლის 7 დეკემბერს იგი კარდინალად აკურთხეს და რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის პრეფექტად დანიშნეს.

 


კარდინალი ფრენსის ლეო – 53 წლის, დაიბადა 1971 წელს კანადაის ქალაქ მონრეალში, არის ტორონტოს არქიეპისკოპოსი და ცნობილი თეოლოგი, რომელიც სპეციალიზებულია მარიოლოგიაში.


1996 წელს იგი მღვდლად აკურთხეს, მას შემდეგ მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, მათ შორის, 2015 – 2021 წლებში იყო კანადის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალური მდივანი. 2023 წელს დაინიშნა ტორონტოს არქიეპისკოპოსად და ამჟამად ხელმძღვანელობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კათოლიკურ საზოგადოებას კანადაში.

2024 წლის დეკემბერში, პაპმა ფრანცისკემ ის კარდინალად აკურთხა.

 

 თაკო ფეიქრიშვილი

 

 

 

 

Comments


bottom of page