იცოდით, რომ წმიდა ნიკოლოზის მსგავსად, ბავშვების სურვილების წმიდა ლუჩიაც ასრულებს?
ლეგენდა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია გავრცელებული, გვიყვება:
დიდი ხნის წინათ, ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელსაც ლუცია ერქვა. იგი ძალიან კეთილი იყო და ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა, მათ, ვისაც ძალიან სჭირდებოდა. ლუციას ისე ძალიან უყვარდა ბავშვები, რომ გადაწყვიტა მსოფლიოში ემოგზაურა და ყველა ბავშვისთვის სიხარული და სიყვარული მიეტანა.
ამისათვის, ლუციამ გადაწყვიტა თავის ჩოჩორთან ერთად, მსოფლიოს ირგვლივ საოცარ მოგზაურობაში წასულიყო. მას სურდა დედამიწაზე ყველა ბავშვი გაეხარებინა, ამიტომ მოთმინებით დადიოდა სახლიდან სახლში და აგროვებდა მისდამი მიწერილ წერილებს.
ლუციასა და მისი ჩოჩრისათვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა ბავშვების წერილების კითხვა გახდა, ბავშვებმაც ძალიან შეიყვარეს თეთრებში ჩაცმული ლუცია და მისი მეგობარი. გზად დაღლილს წყალს აწვდიდნენ, ჩუქნიდნენ მანდარინს და სტაფილოს პატარა ჩოჩრისთვის.
წმინდა ლუცია ყოველ წელს აგროვებდა ბავშვების წერილებს მთელი მსოფლიოდან, კითხულობდა მათ და ყველას თავის ხელით უკეთებდა სასურველ სათამაშოს. 12 დეკემბრის ღამით კი, გაემართებოდა ბავშვებისკენ. არ ისვენებდა იქამდე, სანამ ბოლო სათამაშოს არ მიუტანდა ადრესატს. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა სახლში დასასვენებლად, ბედნიერი და კმაყოფილი.
ზოგიერთ ქვეყანაში, წმიდა ლუცია წარმოდგენილია თეთრ კაბაში, სანთლების გვირგვინით თავზე. იგი ჩამოდის ციდან, საჩუქრებით სავსე ეტლით, რომელშიც ჩოჩორია შებმული. შემდეგ კი ლუცია ყოჩაღ ბავშვებს სათამაშოებს ჩუქნის.
შემთხვევითი არ არის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვები წმიდა ლუციას ელოდებიან, არსებობოს ასეთი გამოთქმა: „წმიდა ლუციას ღამე ყველაზე გრძელიაო“, ეს სწორედ იმის გამო, რომ მას ბავშვები ელოდებიან.
სინამდვილეში, ასეთი გამოთქმა სკანდინავიური ქვეყნებიდან მოდის. იქ, სადაც 12 –13 დეკემბრიდან დღის სინათლე იმატებს და სიბნელე იკლებს. "ლუციაც" სწორედ ნათელს ნიშნავს.
წმიდა ლუციას შესახებ ლეგენდამ გავრცელება ვენეციიდან დაიწყო და იტალიისა და მთლიანად ევროპის ბევრ მხარეში გავრცელდა.
ევროპული ქვეყნების ნაწილში, 12 დეკემბრის ღამეს ბავშვები ადრე იძინებენ, წმიდა ლუციას კი უტოვებენ რძესა და ორცხობილებს, სახლის კართან კი – თივასა და სტაფილოს, რათა ჩოჩორი საკუთარ სახლში მიიზიდონ.
წმიდა ლუციას ყოველ წელს ელოდებიან შვედეთსა და დანიაშიც. მათი ტრადიციის მიხედვით, გოგონას თეთრი სამოსი აცვია და წითელ შარფი აქვს წელზე, ხოლო თავზე ადგას ტოტებიანი გვირგვინი, შვიდი სანთლით.
ლუციას ასეთი ჩაცმულობა კიდევ ერთ ამბავს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქვეყანაში ქრისტესთვის თაყვანისცემის პრაქტიკა აკრძალა, თუ ვინმე ქრისტიანულად ლოცულობდა, მას აპატიმრებდნენ. ამიტომ, ისინი, ვისაც იესოსთვის ლოცვა სურდა, გვიან ღამით, სიბნელეში, ფარულად იკრიბებოდნენ გამოქვაბულებში ან მიწის ქვეშ არსებულ ბნელ გვირაბებში, რომელსაც კატაკომბებს ეძახდნენ.
ლუცია ბავშვობიდანვე ერთგული იყო იესოსი და რადგანაც გულუხვიც გახლდათ, ხშირად ამზადებდა საჭმელს ფარულ ლოცვებზე წასაღებად.
ბნელ გვირაბებში გავლისას, მას თავზე სანთლების გვირგვინი ეკეთა, როგორც ნიშანი იმისა, რომ მეგობარი იყო და არა მტერი. ხელით კი მეგობრების გამოსაკვებად ნამცხვრები მიჰქონდა.
Commentaires