
18-25 იანვარი, 2021 წელი
როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული 18-25 იანვარს აღევლინება.
2021 წლის თემაა: „დარჩით ჩემს სიყვარულში და გამოიღებთ უხვ ნაყოფს“ (იოან.15.5-9).
ისტორია
ტრადიციულად, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტიანული საკრებულოები ერთობლივად აღავლენენ ლოცვას, რათა მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს.
ამ ტრადიციას, მთელს მსოფლიოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და იგი სათავეს იღებს გასული საუკუნის დასაწყისში, ფრანცისკანელი მღვდლის ინიციატივიდან.
მოგვიანებით მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ (World Council of Churches ) ეს მოწადინება საყოველთაო გახადა და ყოველ წელს იანვრის ბოლოს იმართება ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული.
ეს კვირეული ერთგვარად ეხმაურება იესოს სურვილს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ“ (იოან.17.21).
კვირეული საქართველოში
ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ასეთ ეკუმენურ ლოცვას უერთდებიან საქართველოში არსებული ქრისტიანული გაერთიანებები.
კვირეულის განმავლობაში, კონფესიების სასულიერო პირები და მრევლი ერთად ლოცულობს. ასეთ ლოცვას საქართველოში მხოლოდ ოთხი ეკლესია უერთდება: კათოლიკე ეკლესია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები.
ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს ამ ოთხიდან ერთ-ერთი ეკლესია არის ეკუმენური ლოცვის მასპინძელი.
გასულ წელს, ეკუმენური ლოცვის მასპინძელი იყო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, 2021 წელს კი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იქნება.
„შერიგების ეკლესიაში“ ერთობლივი მსახურება 22 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყება.
პანდემიიდან გამომდინარე, წელს მსახურებაზე იქნებიან ოთხი კონფესიის მხოლოდ სასულიერო პირები.
მსურველებს შეუძლიათ მსახურებას პირდაპირ ეთერში შეუერთდნენ. „საბამედია“ ეკუმენური ლოცვის facebook-ლაივს, 22 იანვარს შემოგთავაზებთ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentários