• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„მადლი ზეწოლის ქვეშ“ და...



ტოკიოს ოლიმპიადამ და პარაოლიმპიურმა თამაშებმა ნათლად დაგვანახა იმ ძალისხმევის სილამაზე, რომელიც გვეხმარება მიზნის მიღწევაში არა მხოლოდ მაშინ, როცა ეს ადვილია, რასაც ბევრი შეძლებდა, არამედ მაშინ, როცა ძნელად მისაღწევია, თითქმის შეუძლებელი.


იგივე ითქმის დიდი შრომის ფასად გამართულ გრანდიოზულ კონცერტებზე, მთის მწვერვალთა დალაშქვრაზე, კურსდამთავრებულთა მიერ ჰაერში ასროლილ ქუდებზე, გამოფენებზე... ამასთან, რამდენი ცხოვრებისეული სურათი გვინახავს მიუღწეველი წარმატების, დაუმთავრებელი სამუშაოების, უპასუხისმგებლო ადამიანების, დანგრეული ცხოვრების, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, აზარტულ თამაშებში გაფლანგული დროის შესახებ;


სხვა ცხოვრებისეული სურათები იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი მარტივია, ოღონდაც გქონდეს ფული, გყავდეს გავლენიანი ნაცნობები, შენ მაგივრად მომუშავე მშობლები, შენი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი მეგობრები... მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც გვსურს: სწავლა უნდა დაიწყო; ოჯახი უნდა შექმნა, შრომას უნდა შეუდგე; სახლი უნდა ააშენო; ვალი უნდა გადაიხადო; იდეა უნდა დაიცვა; პოლიტიკური პროგრამა უნდა განახორციელო; სიტყვა არ უნდა გატეხო; სამღვდელო მსახურება უნდა შეასრულო; საკვირაო წირვას უნდა დაესწრო და რწმენა დაამოწმო...


რამდენი ნებისყოფა, სულისკვეთება და გულმოდგინება მოგვეთხოვება ყველას, მეტადრე ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისია ღილაკზე ხელისდაჭერა, რათა ყველაფერი ამუშავდეს. ხშირად გვახსენდება დაბადების წიგნიდან (3:19) ,,ოფლი“, რომლითაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს პური არსობისა, როგორც პირველ ცოდვის სასჯელი და მაინც, რატომ არ შეიძლება ეს ,,ყველაზე ადამიანურ“გზად ჩაითვალოს ნებისმიერი შედეგის მისაღწევად, როგორც ყოველდღიურად, ისე დროთა განმავლობაში?


70 წლის შემდეგ, კვლავ საინტერესოა მკითხველისთვის სანტიაგოს გმირი, მოხუცი მეთევზე, ,,გამხდარი და ჩამომჭკნარი, კეფაზე ღრმა ნაოჭებით“, ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობიდან ,,მოხუცი და ზღვა“ (1899 -1961), რომელიც 1951 წელს გამოიცა, ხოლო 1954 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში!


მოხუცი მეთევზე, თავისი ნავით, მარტო, პატარა ბიჭის, მანოლინის გარეშე, ჯიუტად გადის ღია ზღვაში და, როგორც იქნა, დაიჭერს იმ თევზს, რომელზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ვეებერთელა, ხუთნახევარი მეტრი სიგრძის მარლინი ნავში არ დაეტევა და სანტიაგო იძულებული ხდება, გარედან მიაბას ქიმზე. დინება ნავს ზღვის სიღრმისაკენ მიათრევს, ხოლო თევზის ჭრილობიდან გამოსული სისხლის სუნზე ზვიგენები გამოჩნდებიან. ორი დღე და ორი ღამე მთელი ძალით იბრძვის სანტიაგო. მარლინი კი ისე მშვიდად, ლამის ადამიანურად იქცევა, თითქოს სურს, რომ მეზღვაურში თანაგრძნობა გამოიწვიოს და შეძლოს მასთან საუბარი. მესამე დღეს არაქათგამოცლილი სანტიაგო მიაღწევს ნაპირს, ხოლო ზვიგენებისგან შეჭმული მარლინისგან მხოლოდ ჩონჩხიღა დარჩება.


მოხუცი მეზღვაურისთვის ეს ეკონომიკური მარცხი იყო, უფრო მეტად კი - მორალური. მის ,,ზღვისფერ თვალებში“ მძიმე და დუხჭირი ცხოვრება მოჩანს, ისეთი, ბედისწერას რომ ეჯიბრება და შიშველი ხელებით ერკინება ზვიგენებს, ოღონდაც თავისი ნადავლი დაიცვას, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის სიამაყესა და გამბედაობას, რაც მასში თითქოს დროს ჩაეკლა.


ამ პერიოდში ვკითხულობდი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელოვან წარმომადგენელთა შესახებ ჩვენი ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ნაწერებს, განკუთვნილს კონკურსისათვის, რომელიც ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, და გაკვირვებული დავრჩი, რამხელა პატივისცემა იგრძნობოდა ამ ნაწერებიდან მიხეილ თამარაშვილის, პეტრე მერაბიშვილის, ელისაბედ ბეჟანიძის, იოსებ ხუციშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, მარიამ ყაუხჩიშვილის, პავლე თუმანიშვილის, ალიოზ მიზანდარისადა სხვათა მიმართ; ახალგაზრდათა უმეტესობამისინი გმირებად და სამაგალითო ადამიანებად მოიხსენია.


ჰემინგუეი ამტკიცებდა, რომ გმირის სიდიადე მდგომარეობს არა წარმატებაში, არამედ იმ ძალისხმევაში, რომელიც სჭიროა ამ წარმატების მოპოვებისა და დაცვისათვის. თუკი ეს ძალისხმევა იქნება, მაშინ გამარჯვებაც არ დააყოვნებს იქ, სადაც,ერთი შეხედვით, თითქოს დამარცხებაა მოსალოდნელი.


ჰემინგუეიმ ამ ყველაფერს,,მადლი ზეწოლის ქვეშ“ (grace under pressure) უწოდა. ჩვენ შეგვიძლია ასევე დავარქვათ: ,,მადლისგან გამხნევებული ზეწოლა“. გუშინდელ და დღევანდელ წმიდანთა ცხოვრებაც ხომ ამას მოწმობს.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი საბა/ ნოემბერი 2021