top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მამა იან სნეჟინსკის გახსენება

2011 წლის 4 ოქტომბერს, პოლონეთში გარდაიცვალა წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის ჯერ ვიკარი, შემდეგ კი წინამძღვარი მამა იან სნეჟინსკი.


მამა კონსტანტინე საფარაშვილი და მამა იან სნეჟინსკი

მამა იანი დაიბადა 1940 წელს, ვინიცის ოლქში, ჟმერინსკის რაიონის დაბა ბრაილოვში. 1963 წელს სასწავლებლად შევიდა რიგის სასულიერო სემინარიაში. მისი მღვდლად კურთხევა მოხდა რიგის წმ. იაკობის კათედრალურ ტაძარში, ეპისკოპოს (შემდეგში კარდინალი) იულიანს ვაევოდსის მიერ.


ორი წელი ღვთისმსახურებას ეწეოდა ვარაკლიანის ეკლესიაში, შემდეგ კი, თბილისის წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ეკლესიის (იმჟამად ერთადერთი მოქმედი კათოლიკური ეკლესია საქართველოში) მრევლის თხოვნით, ეპისკოპოსმა იულიანს ვაევოდსმა მიავლინა საქართველოში, მამა კონსტანტინე საფარიშვილის მოადგილე-ვიკარად.


მამა კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, 1973 წლის 28 დეკემბერს, ვატიკანის გადაწყვეტილებით, მამა იანი ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.


მამა იანს შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმჟამინდელ მესვეურებთან. ამის შესახებ მამა იანი ასე იხსენებდა: “საქართველოში რომ ჩამოვედი, მ. კონსტანტინე საფარიშვილის თხოვნით, შევხვდი კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს. მან ძალზე თბილად, შეიძლება ითქვას, სიყვარულითაც კი მიმიღო. მის დაკრძალვაზე, სადაც ოფიციალურად ვიყავი მიწვეული, შევხვდი ამჟამინდელ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს (მაშინ იგი სოხუმის მიტროპოლიტი იყო). მან დიდი პატივით წარმადგინა მოსკოვის პატრიარქის წინაშე”.



წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ეკლესიის მრევლი მრავალფეროვანი და მრავალენოვანი იყო, მაგრამ მამა იანი ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას, რადგანაც, მისი თქმით, ყველას ქრისტეს რწმენა და სიყვარული აერთიანებდა.


მ. იანი განსაკუთრებით ქართველ მრევლს მოუწოდებდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ წმიდა წირვაში. მამა იანი ყოველთვის ეძებდა “გაფანტულ ცხვრებს”, ცდილობდა, მიეყვანა ისინი ღვთის სახლში. “ჩემი მიზანია, ვემსახურო ქართველ ხალხს მის ევანგელიზაციაში. უფალს სურს, რომ მე აქ ვიყო და ამიტომ ავლენს ჩემთვის თავისი წყალობის სასწაულებს, საქართველოში ჩემი მუშაობის მანძილზე. რა თქმა უნდა, უფალი ამას საქართველოს გამო აკეთებს”, – ამბობდა მამა იანი.


იგი ოცდახუთ წელზე მეტხანს ემსახურა საქართველოს კათოლიკეებს, საქართველოს. მისი ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულებში.

მადლობა, მამა იან, შენი მოსიყვარულე გულისა და შენი მსახურებისათვის! ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთმა თავის საუფლოში მიიხმო მისი რჩეული შვილი.


1995 წლის 25 ივლისი, თბილისის აეროპორტში მ. ადამ ოხალი, სამოციქულო ნუნციუსი მეუფე ჟან-პოლ გობელი, მ. იან სნეჟინსკი, რომელიც ყველასათვის იყო უბრალოდ "პატერ იან". პატერ იანი საქართველოდან მიემგზავრება 25 წლის მსახურების შემდეგ

ციცინო ხითარიშვილი


ჟურნალი "საბა" / 2011, ნოემბერი

Comments


bottom of page