1919 წლის 1–ელ თებერვალს გარდაიცვალა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის მღვდელი, მამა იოსებ მერაბიშვილი. მას სავანეში იცნობდნენ, როგორც „მამა მერაბი“ ან „პატრი მერაბი“.
მამა მერაბი ადიგენის სოფელ უდეში დაიბადა. იგი ცნობილი ექიმისა და მეცენატის, პეტრე მერაბიშვილის, იგივე “დოქტორ მერაბის“ უფროსი ძმა იყო. კარგად ფლობდა ფრანგულ ენას და იყო ფრანგული ენის პედაგოგი.
1911 წელს, როცა სავანეში, ახალარჩეული წინამძღვარი, მამა დომინიკე მუღაშვილი პაწაძე სოფელ სკრაში მოკლეს, იოსებ მერაბიშვილი წინამძღვრობის ერთ–ერთი კანდიდატი იყო. აი, რას წერდნენ მის შესახებ:
„მაშასადამე, უფროსის არჩევნები უნდა მოხდეს ხელ – მეორედ. ამ მონასტრის ბედ – იღბალი ჩვენთვის იმდენად ძვირფასი და საინტერესოა, რომ არ შეგვიძლია ხმა არ ამოვიღოთ და ჩვენი რჩევა არ შევუთვალოთ პატივცემულ ამომრჩევლებს.
დარწმუნებულნი იყვნენ ისინი, რომ ჩვენი რჩევა და სურვილი წრფელი და მონასტრის მომავლისათვის საკეთილდღეოდ არის მიმართული.
ჩვენ ჩვენის მხრივ შეგვიძლია თამამად ვურჩიოთ უფროსად მამა პატრი მერაბი, როგორც ამ შემთხვევაში სასარგებლო კაცი.
პატრი მერაბი ჯერ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე კაცია; სწავლა – განათლება აქვს მიღებული საზღვარ – გარედ და ეხლა სტამბოლის ფრანგების და ქართველების სკოლის დირექტორობის თანამდებობას ასრულებს. მამა მერაბის ამორჩევა ჩვენთვის იმიტომ უფრო იქნება სასიამოვნო, რომ, როგორც ამ ბოლო ხანს გამოაშკარავდა, მონასტერი უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფება. ეხლა საჭიროა ენერგიული კაცი, რომელსაც აუცილებლად შეეძლება მონასტერი დააყენოს სასურველ ნიადაგზე“.
ჯავახიძე (უცნობი ფსევდონიმი)/ „სახალხო გაზეთი“, 1911 წ. N 446.
„ამ რამდენიმე დღის წინათ „სახალხო გაზეთში“ წავიკითხე, რომ ხსენებული მონასტრის ერთი პატივცემული მცოდნე პირი ურჩევს, – სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის უფროსათ აირჩიონ იმავე მონასტერში მყოფი დიდათ პატივცემული ცნობილი მამა მერაბი.
სრულიად ვეთანხმებით პატივცემულ ავტორის აზრს, რომ ბევრის მხრით უპირატესობა ეკუთვნის მამა მერაბს – რადგან იგი აღჭცრვილია – ენერგიით, სწავლა – განათლებით, შესაფერისი მხნეობით, მოსიყვარულეა თავის სამშობლოსი ერის და დამხმარე ყველა გაჭირვებულ მოძმისა.
ამას ასე გულახთილათ მისთვის ვაღიარებ სახალხოთ, რომ ყოველივე ჩემის თვალით მინახავს, რაც სტამბოლში ორწელიწადნახევარს ვსცხოვრობდი.
იმას არ ვამბობ, რომ სტამბოლის მონასტერში სხვა ღირსი და დიდათ პატივცემული პირი არ მოიპოებოდეს. მაგალითად, მამა სტეფანე გიორგაძე ყოვლად პატიოსანი და კეთილი პირი ბძანდება, მაგრამ ამას და იმის რამდენსამე პატივცემულ ძმებს ხელს უშლის უპირატესათ ხნოვანება, დასვენების საჭიროება. არიან ახალგაზდანი, რომს სწავლადამთავრებულნი, ამათ ჯერ გამოცთილება და სიდინჯე აკლიათ. ასე რომ უპირატესობა მონასტრის უფროსობისა მამა მერაბს ეკუთვნის, თუ კი სამართლიანობა ქვეყანაზე კიდევ სუფევს.
ჩემი ღრმა რწმენაა, რომ: მ. მერაბი შეინახავს ქართველების ძვირფას საზოგადო ტაძარს, რომელიც იქნება ყველა გაჭირვებულთა და ტვირთმძიმეთა თავშესაფერი, თანახმათ მაცხოვრის სიტყვისა და მონასტრის დამფუძნებელის, ყოვლად ღირსისა და პატიოსნის მამა ხარისჭირაშვილის ანდერძისა, მონასტრის სიმდიდრე იქნება უნაკლულოთ დაცული; ვერავინ რამეს წააგლეჯს მონასტერს და ვერავინ დაჩაგრავს იქ მყოფ ქართველებს; ბევრ რამეში დიდათ დაეხმარება ათონის მონასტერში მყოფ მოძმე ქართველ ბერებს, რომელნიც უსამართლოთ და სასტიკათაც იტანჯებიან იქ მყოფი სხვა ერის ბერებისაგან. ეს ათონში შევიწროებული ბერები ხსნისა და შველისათვის ხშირათ მოდიან სტამბოლს საშველათ, და სამრთლის საძიებლად.
ყველა ამ მოსაზრებით სიხარულით მივეგებები იმ დღეს, როცა მამა მერაბი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის უფროსი და გამგე გახთება“.
ვლადიმერ წერეთელი „კოლხიდა“, 1911 წ. N 193, გვ. 3
თაკო ფეიქრიშვილი
Comments