20 დეკემბერს, სოფელ არალში კათოლიკე მღვდლისა და ქართველი მეცნიერის, მამა შალვა ვარდიძის მოხსენიების დღე აღინიშნა.
არლის წმ. იოსების სახელობის ტაძარში აღევლინა მისი სულის მოსახსენებელი ლიტურგია. მას ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტო გაუძღვა. ლიტურგიაზე იმყოფებოდა ნუნციუსის მოვალეობის შემსრულებელი, მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და სხვა კათოლიკე სასულიერო პირები.
ლიტურგიული ნაწილის შემდეგ, მამა შალვა ვარდიძეს კულტურული ღონისძიებები მიეძღვნა. არალში, "კარიტასის" საგანმანათლებლო ცენტრ "ერთობაში" ქართული ენის კაბინეტს მამა შალვა ვარდიძის სახელი მიენიჭა. ამის აღსანიშნავად, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და ნუნციუსის მოვალეობის შემსრულებელმა, მონსენიორ ალექსანდრ რაჰინიამ ლენტი გაჭრეს, რის შემდეგაც კაბინეტი ეპისკოპოსმა აკურთხა.
ღონისძიების შემდეგ ნაწილში, მოწვეულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა არლის კულტურის სახლში გადაინაცვლეს, სადაც "კარიტასის" ცენტრის მოსწავლეებმა მამა შალვა ვარდიძის ცხოვრების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. მათ პედაგოგ მაია ბერიძესთან ერთად, თავად მოიძიეს სოფელში მასალები ინფორმაცია მამა შალვა ვარდიძის შესახებ. შემდეგ კი მისივე პროზისა და პოეზიის ნიმუშები აუდიტორიას გაცნეს.
ახალგაზრდების შემდეგ, მამა შალვა ვარდიძის პიროვნებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ მოწვეულმა სტუმარმა, ისტორიკოსმა ნატო ყრუაშვილმა ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მზად აქვს წიგნი მამა შალვა ვარდიძის შესახებ, რომელიც ეფუძნება სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანიდან ჩამოტანილ მასალებს, მის ხელნაწერებსა და წერილებს. მისივე თქმით, ეს მასალები მეცნიერმა შუშანა ფუტკარაძემ გადასცა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ცილა ჩილინგარაშვილმა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მამა შალვა ვარდიძის ნათესავები.
2023 წელს მამა შალვას დაბადებიდან 140 წელი, ხოლო გარდაცვალებიდან – 65 წელი შესრულდა.
20 დეკემბერი არის დღე, როცა მამა შალვა ვარდიძე ლიბანში, ბეირუთში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2023 წელს გაირკვა, რომ იგი 1958 წლის 20 დეკემბერს აღესრულა, აქამდე კათოლიკე ეკლესია საქართველოში, მოკლებული იყო მამა შალვას გარდაცვალების თარიღისა და მისი საფლავის შესახებ ინფორმაციას.
ფოტო მასალა – რობი ზარიძე
თაკო ფეიქრიშვილი
Comments