წელს ხშირად ვიგონებდი ჩვენს მაესტროს,ზაქარია ფალიაშვილს, როდესაც ქუთაისში ვსტუმრობდი მის მშობლიურ სახლს, ბაგრატის ტაძრისა და კათოლიკე ეკლესიის ჩრდილქვეშ აგებულს; ამ ეკლესიას ახსოვს მისი დაბადება, ხოლო მის მშობლებს - ეკლესიის აგება.

ვინ იცის, რას იტყოდა ახლა, როცა შეიტყობდა, რომ იქ ვეღარ დაუკრავდა და ვეღარ იდირიჟორებდა! ვფიქრობდი მის სახლზე, სადაც იგი ცხოვრობდა თბილისში და მის საფლავზე, კვიპაროსების ჩრდილში და თბილისის მჩქეფარე ცხოვრების შუაგულში რომ მოქცეულა; ვფიქრობდი მასზე განსაკუთრებით მისი დაბადების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისის მარიამის აღყვანების ტაძარში აღვლენილი წირვისას, რომელსაც ასე ველოდებოდით. მინდოდა წარმოსახვით გამეცოცხლებინა იგი თავის ეპოქაში; დღეს ეს ძნელია ჩვენთვის და ალბათ, მისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ჩვენი დრო.
მასზე ფიქრისას, იმ სიტყვებზეც დავფიქრებულვარ, ამ ბოლო პერიოდში რომ მესმის მრავალი ადამიანისაგან: ,,როგორ შეიცვალა ხალხი ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე“; მე ალბათ დავამატებდი, უფრო მცირე დროში, ათი წლის განმავლობაში; იქნებ კიდევ უფრო ნაკლებ დროში, მხოლოდ ორ წელიწადში, რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიის შედეგებზე. ამბობენ, რომ ადამიანები უფრო გულგახსნილნი, უფრო სოციალურები, ყურადღებიანები იყვნენ, შეიძლება ნაკლებ პრაქტიკულებიც...
დღეს კი უფრო ჩაკეტილები, გულჩახვეულები, ეგოისტები არიან; ერთმანეთს აღარ ცნობენ, აღარ ესალმებიან, თითოეული იმაზე ფიქრობს, როგორ გადაჭრას საკუთარი პრობლემები, სხვების გასაჭირი არ ანაღვლებთ. სამაგიეროდ, იოლად საუბრობენ სხვის შეცვლაზე, ხშირად უარყოფითი ტერმინებით და უჭირთ იმაზე საუბარი, რომ თავადაც იცვლებიან და ღმერთმა ნუ ქნას - უარესობისკენ; მეც ხომ მათსავით არ ვიქცევი, ვისაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს? დღეს რომ ჩვენს ძვირფას მაესტროს აქ ეცხოვრა, იქნებ იგივე ეთქვა? განა მის დროს არ ამბობდა ხალხი, რომ ყველაფერი იცვლება, და რომ უწინ ყველაფერი საუკეთესო იყო (დიდი ლათინი პოეტის ჰორაციუსის ცნობილი ფრაზა 'laudatores temporis acti')? დიახ, რადგანაც წარსულს მუდმივად ახასიათებს ქება, იმ განსხვავებით, რომ დღეს ყველაფერი ისე სწრაფად მიედინება, ძნელია, შეამჩნიო ცვლილება, რომელიც ცვლის და გვცვლის უმტკივნეულოდ.
ცვლილებისთვის თვალის გასასწორებლად საჭირო აპატიოსნება, ძალისხმევა, სტაბილურობა, გამბედაობა: ჩვენში მიმდინარე ცვლილება რომ შევამჩნიოთ, უნდა დავინახოთ ის ცვლილებები, რასაც სხვებში ვხედავთ და დავფიქრდეთ, ჩვენც ხომ არ გვეხება იგი; შევხედოთ სხვას არა გაკიცხვის მიზნით, არამედ ჩვენივე თავის დასანახავად. ამისთვის შეიძლება სხვებიც მოვიშველიოთ, ის, რაც მათ ირგვლივ ხდება, გინდა არ გინდა, ჩვენშიც ხდება; ალბათ ეს იმას მოიტანს, რომ ტყუილუბრალოდ, ზედაპირულად, გაუცნობიერებლად არ ვილაპარაკებთ სხვების ცვლილებებზე, ის, რაც ოდესღაც დიადი დევიზი იყო: ,,თუ გინდა შეცვალო სხვები, დაიწყე საკუთარი თავით“, დღეს შეიძლება ასე გავაგრძელოთ ,,და სხვებზე ზრუნვით“, სწორედ იმისთვის, რომ საკუთარი ცვლილება შევიგნოთ.
ჩვენს სათაყვანებელ მასწავლებელს, რომ შემეძლოს, მორიდებით და თავაზიანად შევეკითხებოდი, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ისეთმა მოვლენებმა, როგორიც იყო შვილის გარდაცვალება, ცოლთან განშორება; როგორ დაეხმარა მას მეგობრობა, სილამაზე, მუსიკა, რომ საკუთარ თავში არ ჩაკეტილიყო, არ გამქრალიყო მის თვალებში კათოლიკური რწმენის ნაპერწკალი, უფრო ძლიერი, ვიდრე სიკვდილი, ტანჯვა, მარტოობა.
შემორჩენილია 1971 წლის რამდენიმე ფოტო და ვიდეო მასალა (იხ. ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური სამრევლოს საიტი facebook-ზე), სადაც ჩანს ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის ინტერიერი, რომელიც საკონცერტო დარბაზად გადააკეთეს სწორედ დიდი კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად;
მართლაც, გენიალური იდეა იყო, დროებით გაეხსნათ ეკლესია, რომელიც 1937 წლიდან დაკეტეს და მას სიკვდილამდე იცავდა დონ დამიანე სააკაშვილი (1943). (აქ უნებლიეთ ჩნდება საკამათო კითხვა: სად იყვნენ იმ წლებში მართლმადიდებელი მღვდლები?). ამ იდეამ შესაძლებლობა მისცა ქუთაისის კათოლიკეებს, იმ ხანგრძლივი გაბნეულობის წლებში, თავიანთ ეკლესიაში კიდევ ერთხელ შეკრებილიყვნენ. და აი, პავლე თუმანიშვილის წყალობით, თითქმის სასწაულებრივად იხსნება ეს ეკლესია, რომ თავისი სივრცე (და მერე რა სივრცე!) დაუთმოს უნივერსალურ მუსიკას, ყველა თაობისთვის შეუდარებელ საჩუქარს; უწყვეტ ცვლილებაში არის რაღაც, რაც რჩება და შეცვლაში გვეხმარება, ჩვენთან ერთად იცვლება და იზრდება, თუნდაც „ვაი მათ, ვინც მუსიკას შეცვლის“; ვაი მათ, ვინც საუკეთესოდ არ შეასრულებს მუსიკას, თუნდაც ფალიაშვილისას; ის, ვინც ოპერაში მიდის, მიდის იმიტომ,რომ ელოდება იმ ნოტებს, იმ სიტყვებს, იმ ბგერებს, ემოციებს: გავიხსენოთ ,,შენ ხარ ვენახი“, მუსიკა და სიტყვები, რომლებმაც დრო და მარადისობა გამოიწვიეს... და,ასევე, თბილისის ცხოვრების რიტმი, როგორც ეს იყო 3 აგვისტოს მის საფლავზე მისი ხსოვნის მოსაგონებლად.
სულ მალე, ჩვენ, როგორც კათოლიკე ეკლესიის წევრებს, შესაძლებლობა გვექნება სიხარულით შევხვდეთ უწმიდესი მარიამის გამოსახულებას, რომელიც ჩვენთან ოქტომბერში ჩამობრძანდება ფატიმიდან (პორტუგალია); ამბობენ, რომ ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ჯერ კიდევ სამოციქულო მქადაგებლობის დასაწყისში ჩამოიტანეს; მას შემდეგ რამდენმა გამოსახულებამ აღავსო ეს მიწა, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი სახლები: ყველგან, სადაც კი იოტისოდენა რწმენა და ღვთაებრივი სიყვარული გაიელვებს, სადაც მზერა იკვეთება აკვნიდან საფლავამდე. ,,გააკეთეთ, რასაც ის გეუბნებათ“, - გვიმეორებს დღეს მარიამი, ისევე, როგორც ფატიმაში მიმართავდასამ პატარა მწყემსს; ეს არის არა ახალი სიტყვები, არამედ მარადიული სიტყვა, ერთადერთი, რომელიც არის მისი ძე; როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დღეს ეს სიტყვა, რათა ვუსმინოთ მას და გავიგოთ, ვეზიაროთ და შევითვისოთ ისე, რომჩვენთვის იქცესსაკვებად, ძალად, მეგზურად, ლოცვად, საქმედ და... მელოდიად ამ განუწყვეტელ ცვლილებაში.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" / 2021 წელი, სექტემბერი