top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მარხვა


მომხმარებლური საზოგადოებისათვის ამ „უხერხულ“ არგუმენტზე საუბარს დავიწყებ პაპ ფრანცისკეს მოსაზრებით: „დიდმარხვა: მონანიებისა და მარხვის გამორჩეული ჟამია. მაინც როგორ მონანიებასა და მარხვას ითხოვს უფალი ადამიანისაგან? (...) ეს ეხება არა მხოლოდ „კვებით არჩევანს“, არამედ ცხოვრების წესს, როდესაც ადამიანი უნდა იჩენდეს „თავმდაბლობას“ და თანმიმდევრულობას, რათა აღიაროს და გამოასწოროს საკუთარი ცოდვები“. სწორედ ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ ჩვენი მარხვა ნამდვილია (შდრ. ეს. 58,6.10; იერ. 36,6,9; დან. 6,19; 9,3; იოელ. 2,15). თუ არ შეგიძლია სრულად დაიცვა მარხვა, რომელიც ძვლებსაც კი განაცდევინებს შიმშილს, მაშინ მოკრძალებულად მაინც იმარხულე, მაგრამ ეს მარხვა იყოს ნამდვილი“ (მედიტაცია, 02.16. 2018).


დღეს მარხვის სხვადასხვა სახეობა არსებობს: წყვეტილი, დიეტური, ესთეტიკური, გამაჯანსაღებელი, პროტესტის გამომხატველი შიმშილობით და ა.შ. ჩვენთვის საინტერესოა, რას ნიშნავს ქრისტიანული მარხვა? რატომ უნდა შევიკავოთ თავი ნებაყოფლობით საკვებისა და სასმელისაგან, რაც ესოდენ სასარგებლოა ადამიანის ყოფისათვის?


წმიდა წერილი, მთელი ქრისტიანული ტრადიცია, ეკლესიის მამები და ყოველი ეპოქის წმიდანები შეგვაგონებენ, რომ მარხვა, რომელსაც თან ახლავს ლოცვა და მოწყალება (შდრ. მათ. 17, 21), სულიერი იარაღია ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად და ისეთ სნებათაგან განსაკურნებლად, როგორიცაა ნაყროვანება, ალკოჰოლურ სასმელზე, თამბაქოზე, პორნოგრაფიაზე, აზარტულ თამაშებზე, მობილურ ტელეფონზე, ეგოცენტრიზმზე დამოკიდებულება და სხვა. თუკი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, რომ გარედან „შევივსოთ“, მაშინ მონები ვართ და არა თავისუფალი ადამიანები.

მარხვა უფალთან მეგობრობის განახლების საუკეთესო გზაა. ამიტომაც არაერთგზის გაისმის მარხვისკენ  მოხმობა ხსნის ისტორიაში. წმიდა წერილის პირველივე გვერდებზე უფალი უბრძანებს ადამს, თავი შეიკავოს აკრძალული ხის ნაყოფის ჭამისაგან: ,,და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: ,,ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო,  მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბ. 2, 16-17). წმიდა ბასილი აღნიშნავს, რომ „მარხვა სამოთხეში დაწესდა“ და „პირველი ბრძანება ამის შესახებ ადამს მიეცა“. შემდეგ დაასკვნის: „მაშასადამე, ჭამისაგან თავშეკავება მარხვისა და თავშეკავების კანონია“ (შდრ. Sermo De jejunio: PG 31, 163 98). ასე მარხულობდნენ მოსე, პატრიარქები (1მეფ. 31.13), მეფე დავითი (2მეფ.12.16), ეზრა (8.21), ნეემია (9.1), ესთერი და ხალხი (4.3; 9.31), ნინევეს მკვიდრნი (3.9) და ა.შ.


ახალ აღთქმაში იესო მარხვის ღრმა მიზეზებს გვიჩვენებს, განიკითხავს ფარისევლებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ რჯულით დადგენილ მცნებებს, მაგრამ მათი გული შორს იყო ღმერთისაგან. იესო შეგვახსენებს, რომ ნამდვილი მარხვა ნების აღსრულებაა ზეციური მამისა, „რომელიც ხედავს დაფარულში და ცხადად მოგიზღავს“ (მათ. 6,18).  თავად იესო გვაძლევს ამის მაგალითს სატანისთვის გაცემული პასუხით, უდაბნოში გატარებული 40 დღის ბოლოს: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათ. 4, 4). ჭეშმარიტი მარხვა მიზნად ისახავს „ჭეშმარიტი საკვების“ მიღებას, რაც მამის ნების აღსრულებაა (შდრ. იოან. 4, 34). ადამი არ დაემორჩილა უფლის ბრძანებას „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო“, მაგრამ მორწმუნე მარხვით ცდილობს თავმდაბლობით დაემორჩილოს ღმერთს, მიენდოს მის სიკეთესა და გულმოწყალებას.


შეგვიძლია შევაჯამოთ: მარხვა წყალობაა, რომელიც ღმერთისგან უნდა გამოვითხოვოთ, ის კურნავს ხილულ თუ ფარულ მანკიერებებს, გვიცავს დამოკიდებულებისა და ამპარტავნებისაგან; გვალამაზებს და გვათავისუფლებს; გვამტკიცებს რწმენასა და ღმერთთან ზიარებაში. როგორ ვიმარხულოთ? სუფთა სახით, სურნელოვანი თავით, თავმდაბლობით, სიხარულით, ღვთის სიტყვაზე ფიქრით, ნეფე იესოს მოსვლის მოლოდინით, ნეფისა, რომელიც ადამის ძეთა უმშვენესია (შდრ. ფს. 44.3), რომელიც მკვდრეთით აღდგა ჩემთვის და შენთვის!


დედა მარია გრაცია

ჟურნალი "საბა" / 2025, მარტი

Comments


bottom of page