დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ასეთი, განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანებისთვის კი, საქართველოში უკვე 12 წელია მუშაობს კათოლიკე სასულიერო პირთა ორდენის, კამილიელთა სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრები.
აქ სხვადასხვა მომსახურებას რეგულარულად 100-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს. დღის ცენტრები თბილისსა და ახალციხეშია განთავსებული.
პანდემიის პერიოდში, დღის ცენტრები გამოწვევების წინაშე დადგნენ, მათ მუშაობა დისტანციურად მოუწიათ, თუმცა საქმიანობას ბენეფიციართა მშობლების აქტიური ჩართულობით აგრძელებენ.
„როდესაც გაზაფხულზე, სკოლებმა შეაჩერეს მუშაობა, ჩვენც შევჩერდით. სექტემბრიდან განახლდა დღის ცენტრებში მუშაობა და ნოემბრის შუა რიცხვებიდან ისევ გადავიდნენ დისტანციურ, ონლაინ მუშაობაზე. ცოტა რთულია ვთქვათ, მუსიკოთერაპია დისტანციურად. თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ეს ადამიანები ერთვებიან საზოგადოებაში. ამ პროცესში უფრო ღრმად არიან ჩართულები მშობლები, მათ გარეშე, არც სამედიცინო ფიზკულტურა არ გამოვა“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი მამა პავლე დილი.
მისივე თქმით, ბენეფიციართათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად, ორდენი ახალციხეში კიდევ ერთ დღის ცენტრს აშენებს: „იმედი გვაქვს, რომ მალე დავამარცხებთ კორონავირუსს და დავბრუნდებით დღის ცენტრებში. საზოგადოებაში ყოფნა, მეგობრებთან ურთიერთობა და გარეთ გამოსვლა - ამ ადამიანებისთვის არის ჟანგბადი. ამიტომ მუშაობის გაგრძელება ჩვენს ცენტრებში ძალიან მნიშვნელოვანია“.
თბილისში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი კამილიელებმა 2008 წელს დააარსეს, შემდეგ კი 2012 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უფრო მასშტაბური ცენტრი გაიხსნა.
2010 წლიდან შშმ პირთა დღის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო ქალაქ ახალციხეშიც. იგი დღეს „ტალიტა კუმის“ სახელით არის ცნობილი. 2014 წელს ცენტრი უფრო მეტად გაფართოვდა.
დღისათვის, თბილისის დღის ცენტრი ყოველდღიურად 52 ბენეფიციარს ემსახურება. ამავე ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, სადაც 100 ბენეფიციარია ჩართული.
რაც შეეხება ახალციხის ფილიალს, აქ ყოველდღიურად დღის ცენტრში 22 ბენეფიციარი ირიცხება, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით კი 18 მათგანი სარგებლობს.
ორივე ქალაქში დღის ცენტრები საერთო პრინციპით მუშაობენ. დლის 09:00 საათიდან ბენეფიციარებს ტრანსპორტი ემსახურებათ, რომელსაც დღის ცენტრში გადაჰყავს ისინი, დღის განმავლობაში კი მათ არტ-თერაპიის, მუსიკოთერაპიის, ქარგვა-გობელენის, ხეზე კვეთის, თიხის დამუშავების და სხვა სახის განმავითარებელი გაკვეთილები უტარდებათ.
ცენტრებში მთლიანობაში 50 ადამიანი მუშაობს.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა. მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
Comments