top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მესხეთის დეკანატში ანიმატორთა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა


კათოლიკე ეკლესიის მესხეთის დეკანატში ანიმატორების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა შეაჯამეს 2022 წლის ზაფხულში ჩატარებული ბანაკები, განიხილეს ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და გამოწვევები.



2 და 3 სექტემბერს ანიმატორების დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში, კაპუცინ ძმების სამრევლო სახლში გაიმართა. მისი ორგანიზატორი საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი იყო. შეხვედრაზე მესხეთის დეკანატის სამრევლოებიდან 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათი მიზანი 2022 წლის ზაფხულში ჩატარებული ბანაკების შეჯამება იყო.


„ჩვენ გვჭირდება ფიზიკურად ერთად ყოფნა, რადგან რეალურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები და გრძნობები, ამისთვის ერთად ყოფნა გვიჭირდება და ავირჩიეთ ეს ფორმატი. ამ შეხვედრას იმ შემთხვევაში ჩავთვლი ნაყოფიერად თუ კი ანიმატორები აქ მიღებულ გამოცდილებას, რჩევებსა და რეკომენდაციებს პრაქტიკაში დანერგავენ“,- კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის სულიერმა მოძღვარმა, მამა მიხალ იახმა.


ანიმატორების ორ დღიანი შემაჯამებელი შეხვედრა რამდენიმე ეტაპად წარიმართა.

პირველ ნაწილი ბანკების შეჯამებას, ჯგუფებში მუშაობასა და დისკუსიის გამართვას ეხებოდა. რომლის განმავლობაშიც ანიმატორებმა შეაჯამეს ზაფხულში ჩატარებული ბანაკები, იმსჯელეს დადებით და უარყოფით მხარეებზე და შეაფასეს ანიმატორების ჩართულობა ბანაკებში.



შეხვედრის მეორე ნაწილი კი, სამომავლოდ ბანაკების ჩატარების ფორმატზე საუბარს შეეხო. დაიგეგმა მომავლის სტრატეგიები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს შემდეგი წლების ბანაკები.


შეხვედრა ასევე მოიცავდა სულიერ ასპექტს, ლოცვასა და წმ. წირვას.

„ძალიან მომეწონა ეს შეხვედრა. საშუალება მომეცა გამეზიარებინა იდეები და ბანაკის მსვლელობის დროს დაგროვებული ჩემი გამოცდილება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად ჩატარდეს და მეტად ინფორმირებულები ვიყოთ“, - ამბობს მარიამ აბულაძე, უდის სამრევლოდან.


შეხვედრის მეორე დღე მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებს შეეხებოდა, რომელიც 2023 წელს პორტუგალიაში გაიმართება. დღის კულმინაცია კი თრიალას ტბაზე ანიმატორებისა და სასულიერო პირების ერთობლივი ექსკურსია იყო.




მედეა ხითარიშვილი




Comentários


bottom of page