• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მილიონი ბავშვი ლოცულობს სავარდს' – კამპანია მშვიდობისთვის

18 ოქტომბერს, პონტიფიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია Aid to the Church in Need–ის (ACN) მიერ დაგეგმილია ბავშვთა ყოველწლიური ლოცვა – "მილიონი ბავშვი ლოცულობს სავარდს“.



მთელი მსოფლიოდან ასიათასობით ბავშვი სულიერად გაერთიანდება, რათა მონაწილეობა მიიღონ ლოცვის კამპანიაში. კამპანიის მიზანია, წაახალისოს ბავშვები და ახალგაზრდები, რათა მსოფლიოში მშვიდობისა და ერთიანობისთვის უფალს მიმართონ. ACN მონაწილეობისთვის მოუწოდებს ოჯახებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და ეკლესიებს.


ორგანიზაციის ვებ–გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღემდე, ხუთი კონტინენტიდან ლოცვის კამპანიაში 550 000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

ACN-ის საეკლესიო თანაშემწის მღვდელ მარტინ ბარტას თქმით, სასიხარულოა, რომ დარეგისტრირებულ ბავშვებს შორის არიან ერაყში, სირიასა და მიანმარში მცხოვრები ბავშვები, რადგან ამ ქვეყნებში, ყველაზე მეტად სჭირდებათ მშვიდობა.


ინიციატივას მხარს უჭერს პაპი ფრანცისკე. იგი მადლიერია იმ ბავშვებისა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ მშვიდობისთვის ილოცონ. პაპმა ბავშვებს მოუწოდა ასევე ილოცონ უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებულებისთვის.


მილიონი ბავშვის ერთად ლოცვის იდეა პირველად 2005 წელს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაჩნდა. შემდეგში უკვე კამპანია მთელს მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა.

2008 წელს პონტიფიკურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ კამპანიას მხარი დაუჭირა, მასზე პასუხისმგებლობა კი 2019 წელს აიღო.


ლოცვის კამპანია "მილიონი ბავშვი ლოცულობს სავარდს" ტარდება წმინდა ლუკა მახარებლის პატივსაცემად, რომლის სახარებაც იესო ქრისტეს ბავშვობას აღწერს.

წლების განმავლობაში, კამპანიაში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება.

ორგანიზატორების თქმით, „სავარდის“ კამპანია გვახსენებს ღვთისმშობლის ფატიმაში გამოცხადებას, რომ სავარდის ლოცვას შეუძლია ჭეშმარიტად გარდაქმნას სამყარო, დაამარცხოს ბოროტება და გაამეფოს მშვიდობა.


sw news


თაკო ფეიქრიშვილი