მიმლოცველობა ეპისკოპოსთან ერთად, ახალციხიდან თბილისამდე
- catholic.ge
- Jun 30
- 1 min read
30 ივნისს, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღევლინა წმ. წირვა, რის შემდეგაც, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსთან ერთად, მიმლოცველები შეუდგნენ გზას ახალციხიდან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძრამდე.

2025 საიუბილეო წელს, რომლის დევიზიცაა "იმედით მოგზაურნი", საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ერთგვარი "მოგზაურობით" შეუერთდებიან.
დაახლოებით 200 კილომეტრიან მარშრუტზე მიმლოცველობის მოწყობის ინიციატივა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ეკუთვნის. ექვს მსურველთან ერთად, ეპისკოპოსი მიმლოცველობის გზას ფეხით თავადაც გაივლის.
"გზის განმავლობაში სხვადასხვა გამოცდილებას შორის ორი მთავარი რამაა მისაღწევი: პირველი – საკუთარი ძალების მოსინჯვა დაღლილობისა და გზის გაგრძელების სირთულის წინაშე, ხოლო მეორე მდგომარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაში, რომლებიც თანამგზავრები არიან და ასევე "უცხოებთან", რომლებსაც გზაში შევხვდებით!

არ არსებობს მიმლოცველობა გასავლელი გზის გარეშე, ისევე, როგორც არ არსებობს გზა გარჯისა და დაღლილობის გარეშე. კონკრეტული მარშრუტი წარმოადგენს მოწვევას, რათა შევამოწმოთ ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა და გავასწოროთ ჩვენი აზროვნება, გააზრება და ხედვები საკუთარ თავზე, ღვთისა და ჩვენს გარშემო არსებული რეალობის წინაშე.
ფეხით მიმლოცველობა განსაკუთრებით შესაფერისი დროა ღმერთთან პირადი და ერთობლივი შეხვედრისთვის, ლოცვისა და მისი სიტყვის მოსმენის მეშვეობით", – წერს ეპისკოპოსი.
პირველ ღამეს მიმლოცველები ახალციხის სოფელ აგარაში გაჩერდნენ. საბოლოოდ, მიმლოცველობა 9 ივლისს უნდა დასრულდეს.
Comments