8 დეკემბერს, ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ ღვთისმშობლის დედობრივ მზრუნველობას შეავედრა მარადიული ქალაქი და მთელი მსოფლიო. განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც ომებითა და უსამართლობით ზარალდებიან.
რომის დროით 16:00 საათზე პაპი ფრანცისკე ესპანეთის მოედანზე მივიდა და თეთრი ვარდებით აწყობილი გვირგვინით შეამკო ღვთისმშობლის მთავარი ქანდაკება. მასთან ერთად იყვნენ საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები და მომლოცველები.
რომის ეპისკოპოსმა ღვთისმშობელს, ოჯახების, მშრომელების, სნეულების, პატიმრებისა და უსახლკაროებითვის შუამდგომლობა შესთხოვა.
“ჰოი, დედაო ჩვენო, გვჭირდები, შენ შეგვახსენებ, რომ ბოროტებას არ ეკუთვნის არც პირველი და არც საბოლოო სიტყვა; რომ ჩვენი ხვედრი არ არის სიკვდილი, არამედ სიცოცხლე, არ არის სიძულვილი, არამედ ძმობა, არ არის კონფლიქტი, არამედ ჰარმონია, არ არის ომი, არამედ მშვიდობა”.
პაპმა აღავლინა ლოცვა ღვთისმშობლისადმი და შესთხოვა, რათა მოწყალედ გადმოხედოს უსამართლობითა და სიღატაკით დაჩაგრულთ, ომით განადგურებულ ერებს; მრავალტანჯულ უკრაინას, პალესტინასა და ისრაელს, რომლებიც კვლავ გაეხვივნენ ძალადობის სპირალში.
წმიდა მამამ ქრისტეს დედას შეავედრა ყველა დედა, რომელსაც ომებისა და ტერორიზმის გამო, შვილი მოუკვდა; დედები, რომლებიც ცდილობენ გაათავისუფლონ შვილები სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებებისგან; დედები, რომლებიც გვერდით უდგანან შვილებს მძიმე ავადმყოფობების ჟამს და სხვა...
პაპმა ილოცა ქალებისათვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, რათა საზოგადოება დადგეს განწმენდის გზაზე და წინ აღუდგეს გულსა და გონებაში ჩამალულ ბოროტს.
“ღვთისმშობელო, კვლავ გვიჩვენე მოქცევის გზა, ვინაიდან არ არსებობს მშვიდობა მიტევების გარეშე, ხოლო მიტევება მონანიების გარეშე. სამყარო შეიცვლება, თუ შეიცვლება ადამიანის გული და ყველამ უნდა დაიწყოს საკუთარი გულიდან”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments