top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მოთმინება ლოცვაში ანუ სიღრმისეული ლოცვა

ფრაგმენტი თომას კიტინგის წიგნიდან "გახსნილი გონება, გახსნილი გული. სახარების ჭვრეტითი განზომილება".

ვატიკანის მეორე კრებიდან მოყოლებული, რომის კათოლიკე ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, იცხოვრონ ქრისტიანული ცხოვრების სისავსით და არ მოელოდნენ, რომ მათ ნაცვლად ამას სამღვდელოება, ბერ-მონაზვნები ან სხვა ვინმე გააკეთებს.

ეს ნიშნავს ერისკაცთა შემოქმედებითი და პასუხისმგებლიანი მიდგომის აუცილებლობას ისეთი სტრუქტურების შესაქმნელად, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს განიცადონ სახარების ჭვრეტითი განზომილება საერო ცხოვრებაში.


ღმერთთან ერთობა ყოველი ქრისტიანის მიზანია. ნათლობით ჩვენ მოგვენიჭა ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა ვისწრაფოდეთ სრულყოფისკენ ჩვენს ადამიანურ ბუნებაში და ღვთის შვილობაში. ამისთვის, ცხოვრების წესის შეცვლა, აუცილებელი სულაც არ არის.


რამდენიმე წლის წინ, საერო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის გამართულ კონფერენციას ვუძღვებოდი. დამსწრეთა შორის იყვნენ საოჯახო და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, საერო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ახლადდაარსებული საეკლესიო თანამეგობრობების მონაწილეები. ჩემს მოხსენებაში ვეყრდნობოდი სამონაზვნო სულიერებას, თუმცა სიტყვა "სამონაზვნოს" ნაცვლად ვიყენებდი "ქრისტიანულს". მსმენელთა უმრავლესობა იზიარებდა ამ ტრადიციულ სწავლებას, რადგან იგი შეესაბამებოდა მათ პირად გამოცდილებას.

 

ღვთაებრივთან შეერთების გზა

სულიერი პრაქტიკები, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს რაღაც, რისი აღსრულებაც შესაძლებელია ღვთაებრივთან შეერთების გზაზე პირველი ნაბიჯის გადასადგმელად, თუკი შევეხებით ღვთაებრივს და მოგვენიჭება მადლი იმის შეცნობისა, რომ ასეთი ღვთაებრივი ერთობის მდგომარეობა არსებობს.


სიღრმისეული ლოცვა არის სულიერი დისციპლინა, რომელიც შემუშავებულია ჭვრეტითი ლოცვის სრული განვითარების გზაზე დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად. მისი მარტივი პრინციპები ახლოსაა თანამედროვე აზროვნებასთან, სადაც მნიშვნელოვანია პრაქტიკული მითითებები: "როგორ განვახორციელოთ ეს?". ეს არის საშუალება, წარსულის დავიწყებული გვერდებიდან თანამედროვეობის სინათლეზე გამოვიტანოთ ჭვრეტის პრინციპები, რომლებიც შეგვიძლია ვპოვოთ ქრისტიანული სულიერების დიდ მოძღვართა სწავლებაში. სიღრმისეული ლოცვა არ არის მხოლოდ მეთოდი - ეს ჭეშმარიტი ლოცვაა, რომელშიც გამოვხატავთ თანხმობას ღვთის მყოფობასა და მის მოქმედებაზე ჩვენს სულიერ სამყაროში. ამ ლოცვის უმნიშვნელოვანესი ბიბლიური საფუძველია უფლის სიბრძნით აღსავსე სიტყვები, ჩაწერილი მათეს სახარებაში (6:6): "შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, დახურე კარი და ილოცე შენი მამის მიმართ, რომელიც დაფარულშია. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ".


მოწოდება შინაგანი მდუმარებისკენ


აბბა ისააკი, იოანე კასიანეს "კონფერენციების" მეცხრე თავში, ამ სახარებისეულ მუხლს განმარტავს როგორც მოწოდებას შინაგანი მდუმარებისკენ, ჩვენში ღვთის დასამკვიდრებლად გულის გახსნილობისა და მზაობისკენ. სიღრმისეული ლოცვა, როგორც მეთოდი, შეესაბამება პირველ ორ საფეხურს, რომლებზეც უფალი იესო მიგვითითებს - გარეგან გარემოცვასთან კავშირის გაწყვეტასა და ჩვენი აზრებისა და გრძნობების შინაგანი ქარბუქის დაცხრომას. ეს სიმბოლურად გამოიხატება მათ წინაშე კარის დახშვით. ის, რასაც უფალი უწოდებდა ლოცვას დაფარულში, როგორც ჩანს, შეესაბამება იმას, რასაც მოგვიანებით ქრისტიანული ტრადიცია უწოდებდა ჭვრეტას. უდავოა, რომ ეს არის სამი საფეხური, რომლებიც მიგვიყვანს მდუმარების უფრო ღრმა დონეებამდე. მესამე საფეხური იწყება მაშინ, როცა ჩვენი ცნობიერება ერწყმის დაფარულ ღმერთს იმ საიდუმლოში, სადაც იგი იმყოფება და ჩვენ გველოდება.


სიღრმისეული ლოცვისას გადაგვაქვს ყურადღება აზრების ჩვეულებრივი ნაკადიდან. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება გავაიგივოთ თავი სწორედ ამ აზრთა ნაკადთან. თუმცა, ჩვენში არსებობს უფრო ღრმა დონე - სულიერი დონე. სიღრმისეული ლოცვა ხსნის ცნობიერებას ჩვენი არსებობის ამ უფრო ღრმა დონისთვის; ის შეგვიძლია შევადაროთ ნაკადს ან მდინარეს, რომელზეც მიედინება ჩვენი ყველა მოგონება, ხატი, გრძნობა, შინაგანი გამოცდილება და გარე საგნების აღქმა. ზოგიერთი ადამიანი იმდენად მტკიცედ აიგივებს თავს თავისი აზრებისა და გრძნობების ჩვეულებრივ ნაკადთან, რომ კარგავს იმ წყაროს შეგრძნებას, საიდანაც ყველა ეს გონებრივი ობიექტი წარმოიშობა. ისევე როგორც ნავები ან სხვა საგნები ტივტივებენ მდინარის ზედაპირზე, ჩვენი აზრები და გრძნობებიც რაღაცაზე უნდა ისვენებდნენ. ეს არის ცნობიერების შინაგანი ნაკადი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს წილს ღვთის არსებობაში.


სულიერი დონე არ არის ცხადი ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის - საჭიროა გარკვეული ძალისხმევა ამ ცნობიერების განსავითარებლად. სწორედ ცნობიერების ეს დონე ეხება ჩვენში იმას, რაც ყველაზე ადამიანურია. ღირებულებები, რომლებსაც იქ აღმოვაჩენთ, გაცილებით დიდებულია, ვიდრე ის, რაც ჩვენი ფსიქიკის ზედაპირზე ტივტივებს. ამ ღრმა დონის შეგრძნება ჩვენ უნდა განვაახლოთ ყოველდღე. როგორც ყოველდღიურად გვჭირდება საზრდო, დასვენება, ძილი, ასევე გვჭირდება შინაგანი მდუმარების წამები, რადგან ისინი გვანიჭებენ განახლების ყველაზე ღრმა სახეობას.

 

ნება მივცეთ აზრებს, გახდნენ ფონი


სიღრმისეული ლოცვა არის ღმერთისადმი სრული თანხმობით მინდობა. სულიერი გზა არ არის მოგზაურობა რაიმე ადგილისკენ, რადგან ღმერთი მუდმივად არის ჩვენში. საქმე ეხება იმას, რომ ნება მივცეთ ჩვენს ჩვეულებრივ აზრებს, გახდნენ მხოლოდ ფონი, არ დაიკავონ ჩვენი ყურადღება, როდესაც ისინი მიედინებიან ცნობიერების ნაკადში, ისე რომ ჩვენი ყურადღება მიმართული იყოს თავად ნაკადზე, რომელიც მათ ატარებს. ჩვენ ვგავართ ადამიანს, რომელიც ზის მდინარის ნაპირზე და აკვირდება გამავალ ნავებს. თუ განზრახ ვფოკუსირდებით მდინარეზე ნავების ნაცვლად, ჩვენი უნარი, უგულებელვყოთ გამავალი აზრები, იზრდება და ჩნდება ყურადღების გარკვეული სახეობა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სულიერი სიფხიზლე.


სიღრმისეული ლოცვის მეთოდის კონტექსტში აზრია ყველაფერი, რაც ჩნდება ცნობიერების შინაგან ეკრანზე. ეს შეიძლება იყოს აზრი, წარმოსახვა, განსჯა, სხეულის შეგრძნება, გრძნობა, ხატი, მოგონება, გეგმა, გარე ხმაური, სიმშვიდის განცდა და თუნდაც სულიერი კომუნიკაცია. ამგვარად, ყველაფერი, რაც აღიბეჭდება ცნობიერების შინაგან ეკრანზე, სიღრმისეული ლოცვის მეთოდის თვალსაზრისით იწოდება "აზრად". განხილული მეთოდი გულისხმობს ლოცვის დროს ყველა სახის აზრის მიტოვებას, თუნდაც ყველაზე ღვთისმოსავის.


როგორ დავეუფლოთ სიღრმისეულ ლოცვას?


აზრების მიტოვების პროცესის ხელშეწყობა შესაძლებელია. მიიღეთ შეძლებისდაგვარად მოხერხებული მდგომარეობა, ისე რომ არ იფიქროთ თქვენს სხეულზე. მოერიდეთ ისეთ პოზას, რომელიც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, რადგან დაიწყებთ ფიქრს თანმხლებ დისკომფორტზე. აირჩიეთ შედარებით მშვიდი ადგილი, რომ მოულოდნელმა ხმებმა ან ზედმეტმა ხმაურმა არ შეგაწუხოთ. თუ სახლში ასეთი ადგილის პოვნა შეუძლებელია, აირჩიეთ დღის ის მონაკვეთი, როდესაც ხელისშემშლელი ფაქტორები ყველაზე ნაკლებია. ვინაიდან გვაქვს მიდრეკილება ვიფიქროთ იმაზე, რასაც ვხედავთ, უმჯობესია თვალები დავხუჭოთ. გარე გრძნობების ჩვეული აქტივობის შეჩერებით შეიძლება ღრმა მოსვენების მდგომარეობაში აღვმოჩნდეთ, და მაშინ მოულოდნელმა ხმამ ან შეშფოთებამ, მაგალითად ტელეფონის ზარმა, შეიძლება შეგვძრას. თუ მაღვიძარას ან ტაიმერს იყენებთ ლოცვის დროის განსასაზღვრად, დააყენეთ მშვიდი ხმა ან გადააფარეთ საათს ბალიში. შეძლებისდაგვარად ეცადეთ აღმოფხვრათ გარე ხმაური, თუმცა თუ ეს საერთოდ შეუძლებელია, ნუ შეწუხდებით. შეწუხება ემოციურად დატვირთული მდგომარეობაა და დიდი ალბათობით დაარღვევს ნებისმიერ შინაგან სიმშვიდეს, რომელსაც უახლოვდებით. ლოცვისთვის შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც სრულად გამოღვიძებული იქნებით ამასთან, კარგი დროა ადრიანი დილა , როდესაც ყოველდღიური რუტინა ჯერ არ დაწყებულა.


შესაფერისი დროისა და ადგილის შერჩევის შემდეგ, დაიკავეთ მოხერხებული პოზა სკამზე ან სხვა შესაფერის ადგილას. დახუჭეთ თვალები და აირჩიეთ ერთი სიტყვა, ერთი ან ორი მარცვლისგან შემდგარი, რომელიც, თქვენი აზრით, გამოხატავს სრულ თანხმობას ღვთის მყოფობაზე. ეს არის თქვენი წმინდა სიტყვა. არ წარმოთქვათ ის ხმამაღლა - არც ბაგეებით, არც ხმის სიმებით. მხოლოდ გონებაში მოიხმეთ იგი ლოცვის დაწყებისას. შემდგომ, ყოველთვის, როცა შეამჩნევთ, რომ ფიქრებმა გაგიტაცათ, კვლავ დაუბრუნდით მას თქვენს ცნობიერებაში.


წმინდა სიტყვა არ არის საშუალება იქ მისაღწევად, სადაც გსურთ აღმოჩნდეთ. იგი უბრალოდ ადასტურებს და მიმართულებას აძლევს თქვენს სურვილს სრული თანხმობისა ღვთის მყოფობაზე და ამგვარად ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსალური ცნობიერების განვითარებას, რომლისკენაც ისწრაფვის ჩვენი სულიერი ბუნება. თქვენი ამოცანა არ არის აზრების ჩახშობა, რადგან ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივ აზრი ჩნდება უკვე ნახევარი წუთის შინაგანი მდუმარების შემდეგ ან უფრო სწრაფადაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მადლის მოქმედება იმდენად ძლიერია, რომ ღმერთში ჩაიძირებით. სიღრმისეული ლოცვა არ არის ღილაკი, რომელიც რთავს ღვთის მყოფობას, არამედ უფრო საშუალება იმის სათქმელად: "აჰა, მე აქ ვარ". შემდეგი ნაბიჯი ღმერთს ეკუთვნის. ეს არის გზა ღვთის განკარგულებაში სრული თავის მიცემისა, დაქვემდებარებისა ღვთის უდიდესი სურვილისადმი, რომ სრულად მოგანიჭოთ თავი.

შესაძლოა, იცნობთ ხელების დაკრეფის ჟესტს თითებით ზემოთ მიმართულით. ეს არის სიმბოლო ადამიანის ყველა ძალის შეკრებისა და ღვთისკენ მიმართვისა. წმინდა სიტყვას მსგავსი დანიშნულება აქვს, თუმცა ეს უფრო შინაგანი ჟესტია, ვიდრე ხილული. წმინდა სიტყვა უნდა შემოვიდეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე: დაე, გამოჩნდეს როგორც ნებისმიერი სხვა სპონტანური აზრი, რომელიც არ მოითხოვს ძალისხმევას.


წმინდა სიტყვა არის გზა ყველა ჩვეულებრივი აზრის მიტოვებისა, ისევე როგორც უფრო საინტერესო აზრებში ჩართულობის, რომლებიც ცნობიერების ნაკადში ჩნდება. ეს ხდება არა აზრებზე პირდაპირი შეტევით, არამედ ღვთის მყოფობასა და მის შინაგან მოქმედებაზე თანხმობის პოზიციის დადასტურებით. ასეთი თანხმობის განახლება აძლიერებს ნებას და როდესაც უკვე ბუნებრივი გახდება, შექმნის ატმოსფეროს, სადაც შესაძლებელია სრულად ან მნიშვნელოვანწილად უგულებელვყოთ აზრების გარდაუვალი ნაკადი.

 

სიღრმისეული ლოცვის პრაქტიკას არაფერი აქვს საერთო უმოქმედობასთან


თუ გაღიზიანებთ ის, რომ ატარებთ დროს რაღაცაზე, რაც გამოიყურება როგორც უმოქმედობა, იფიქრეთ, რომ არავინ ყოყმანობს ყოველ ღამე ექვსი თუ რვა საათით დასაძინებლად. ამ ლოცვის პრაქტიკას არაფერი აქვს საერთო უმოქმედობასთან, არამედ ეს არის აქტივობის ძალიან დახვეწილი ფორმა. სანამ ნება რჩება ღმერთის მიმართ თანხმობის პოზიციაში წმინდა სიტყვასთან დაბრუნების გზით აზრებში ყოველი ჩართვისას, ეს არის საკმარისი აქტივობა, რომ დარჩეთ ფხიზლად და მღვიძარედ.

ოცი, ოცდაათი წუთი არის მინიმალური დრო, რომელიც სჭირდება ადამიანთა უმრავლესობას, რომ დაამკვიდროს შინაგანი მდუმარება და გასცდეს ზედაპირულ აზრებს. შეიძლება გქონდეთ სურვილი, რომ ეს დრო გაახანგრძლივოთ. გამოცდილება დაგეხმარებათ განსაზღვროთ შესაფერისი დროის ხანგრძლივობა. როდესაც დასრულდება დრო, რომელიც თქვენთვის განსაზღვრეთ, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ აზრებს. ეს შეიძლება იყოს კარგი მომენტი ღმერთთან სასაუბროდ; შეიძლება გქონდეთ სურვილი, გამოიყენოთ რაიმე სიტყვიერი, ჩუმად წარმოთქმული ლოცვა ან დაიწყოთ თქვენი დღის დაგეგმვა. მიეცით საკუთარ თავს დაახლოებით ორი წუთი, სანამ თვალებს გაახელთ. გარე და შინაგანი გრძნობების ჩვეული გამოყენებიდან გამოსვლა გადაგიყვანთ ღრმა სულიერ კონცენტრაციაში, ამიტომ თვალების უეცარი გახელა შეიძლება შემაშფოთებელი იყოს.


ღვთის მყოფობა ჩვეულებრივი აქტივობის დროს


ამ ლოცვის ყოველდღიური პრაქტიკით თქვენი არსებობის სულიერი განზომილების მიმართ მგრძნობელობის განვითარებასთან ერთად შეიძლება გაჩნდეს თქვენში ღვთის მყოფობის შეგრძნება ჩვეულებრივი აქტივობის დროს. შეიძლება იგრძნოთ მოწოდება, რომ შინაგანად მიუბრუნდეთ ღმერთს, სრულიად არ იცოდეთ რატომ. თქვენი სულიერი მგრძნობელობა ვითარდება და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სიგნალები სამყაროდან, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი იყო. ღმერთზე განზრახული ფიქრის გარეშე შეიძლება გააცნობიეროთ ღვთის მყოფობა ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას. ეს გამოცდილება ჰგავს სიტუაციას, როდესაც შავ-თეთრ ტელევიზორს ფერი დაემატება. გამოსახულება წარმოადგენს იგივეს, მაგრამ გაცილებით მდიდარია, რადგან დაემატა ახალი განზომილება, რომელიც ადრე არ ჩანდა. ფერი იყო გამოსახულების ნაწილი, მაგრამ რადგან არ არსებობდა სათანადო საშუალება მის გამოსავლენად, ის უხილავი რჩებოდა.


სიღრმისეული ლოცვა არის გზა იმ დონის რეალობასთან დასაკავშირებლად, რომელიც მუდამ არსებობს და რომელშიც მონაწილეობისკენაც ვართ მოწოდებული. საჭიროა შესაბამისი დისციპლინა, რათა შევგანვაგრძობ:


საჭიროა შესაბამისი დისციპლინა, რათა შევზღუდოთ დაბრკოლებები ამ გაფართოებული ცნობიერებისკენ მიმავალ გზაზე.

 

სიღრმისეული ლოცვის ძირითადი განწყობა არის ღმერთისადმი თანხმობის გამოხატვა


სიღრმისეული ლოცვის განხილვისას არ ვეხები სხეულის, გონების ან ნერვული სისტემის დამშვიდების მეთოდებს. ასეთი მეთოდები გამოსადეგია რელაქსაციისთვის, ჩვენ კი ფოკუსირებული ვართ რწმენაში ურთიერთობაზე. ეს ურთიერთობა გამოიხატება ყოველდღიურად დროის დათმობაში ღმერთის წინაშე გახსნილობის პრაქტიკისთვის, ღმერთის იმდენად სერიოზულად მიღებაში, რომ ყოველდღე შევხვდეთ მას; შეხვედრის გამოტოვება წარმოუდგენელი ხდება, თუ არა ძალიან სერიოზული მიზეზების გამო, და რადგან შეხვედრა არ მოითხოვს არანაირ ძალისხმევას ან ფიქრს, ის შესაძლებელია ავადმყოფობის დროსაც კი.


სიღრმისეული ლოცვის ძირითადი განწყობა არის ღმერთისადმი თანხმობის გამოხატვა. ქრისტიანული პრაქტიკა შეიძლება შეჯამდეს ერთი სიტყვით - მოთმინება. ახალ აღთქმაში მოთმინება ნიშნავს, რომ ღმერთს ელოდები თუნდაც დიდხანს, რჩები ადგილზე, არ ვარდები მოწყენილობაში ან სასოწარკვეთილებაში. ეს არის სახარებისეული მსახურის პოზიცია, რომელიც ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ უფალი აგვიანებს და მხოლოდ შუაღამის შემდეგ ბრუნდება. როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩნდება სახლში, ის მსახურს მთელი თავისი სახლის ზედამხედველად აქცევს. თუ მოითმენ, ღმერთი გამოცხადდება, თუმცა ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ლოდინი.


მამა პავლე დილი

Comments


bottom of page