წმიდა ჟოზეფინა ბახიტას მოხსენიებისა და ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის XI მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ ეპისტოლე გამოსცა.

ამ საიუბილეო წელს, წმიდა მამამ საზოგადოებას მოუწოდა ერთობლივი ბრძოლისკენ ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით ქალსა და ბავშვს, მიგრანტსა და დევნილს.
„თანამედროვე მონობის სხვადასხვა ფორმა არსებობს: ორგანოებით ვაჭრობით დაწყებული, არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობით დამთავრებული; ასევე იძულებით შრომა, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობა. ასეთი მასშტაბური დანაშაულების წინაშე თითქოს იმედი იკარგება, მაგრამ სწორედ ქრისტეა ძალა და შთაგონების წყარო. უფალი გვეხმარება არ დავნებდეთ და ავანთოთ იმედის სინათლე“.
პაპი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ბრძოლის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ახალგაზრდები.
„ისინი თავიანთი მაგალითით გვიჩვენებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “იმედის მოციქულად” ყოფნა. ისინი მოქმედებენ შემართებით და სიყვარული, ეხმარებიან მსხვერპლებს და მათ, ვინც უკვე მოახერხა თავისუფლების მოპოვება. არ უნდა შევურიგდეთ უსამართლობას იმ დარწმუნებით, რომ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. პირიქით, სულიწმინდა გვანიჭებს გამბედაობასა და ძალას შევებრძოლოთ ეკონომიკურ დანაშაულებსა და კორუმპირებულ სტრუქტურებს, რომლებიც სარგებელს შოულობენ ადამიანების ექსპლუატაციით“, - ამბობს რომის ეპისკოპოსი.
“ადამიანებით ვაჭრობა რთული და ცვალებადი მოვლენაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ომები, კონფლიქტები და კლიმატური ცვლილებები. ამიტომაც ამ ბოროტებასთან ბრძოლა მოითხოვს გლობალურ პასუხს და საერთო ძალისხმევას საზოგადოების ყველა საფეხურზე. მოვუწოდებ ყველა ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, გაერთიანდნენ ადამიანის ღირსების დასაცავად, გამოცხადდეს ადამიანებით ვაჭრობა და მათი ექსპლუატაცია უკანონოდ”.
ეპისტოლეს ბოლოს, პაპმა მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც ებრძვის ადამიანებით ვაჭრობას. წმიდა მამა მათ უგზავნის სამოციქულო კურთხევას და მოუწოდებს განაგრძონ ეს გზა უფლის იმედით, რომელიც ყოველთვის ჩვენთანაა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentários