top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მოწამეები გვიჩვენებენ, რომ ქრისტიანი მოწოდებულია დაამოწმოს სიცოცხლით’ – პაპი

19 აპრილს, საჯარო აუდიენციაზე პაპმა ფრანცისკემ მახარებელთა სამოციქულო იმპულსზე ისაუბრა და კატეხიზაცია მიუძღვნა თემას: “ყველა ასაკის, ენისა და ერის მოწამეები, რომლებმაც სიცოცხლე ქრისტეს გამო შესწირეს”.


„მოციქულთა თაობის შემდგომი თაობა სახარების უმაღლესი ხარისხის „მოწმეები“ იყვნენ“, - აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა და გაიხსენა, რომ მათგან პირველი იყო დიაკონი სტეფანე.


„სიტყვა "წამება" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “მარტირია”, ე.ი. ჩვენება, მოწმობა, მაგრამ მალევე ეკლესიამ დაიწყო სიტყვა „მოწამის“ გამოყენება აღსანიშნავად იმ ადამიანებისა, ვინც ქრისტე საკუთარი სისხლით დაამოწმა“.


ამ კონტექსტში, პაპმა ფრანცისკემ გაიხსენა წმინდა ავგუსტინეს ქადაგება, რომელიც წმინდა ლავრენტის დღესასწაულზე დაიწერა: “რომის ეკლესიაში წმინდა ლავრენტი ასრულებდა დიაკვნის ფუნქციას.იგი იყო ქრისტეს სისხლის მსახური და თავად დაღვარა სისხლი ქრისტეს სახელის გამო. წმინდა იოანემ სრულად გადმოსცა უფლის სერობის საიდუმლო და თქვა: ‘როგორც ქრისტემ გასწირა სიცოცხლე ჩვენთვის, ჩვენც უნდა გავწიროთ სიცოცხლე ძმებისთვის. წმინდა ლავრენტი მიხვდა, ძმებო, მიხვდა და გააკეთა; რასაც ჭამდა უფლის სუფრაზე, მზად იყო შეეწირა. მან შეიყვარა ქრისტე სიცოცხლით, მან შეიყვარა იგი თავისი სიკვდილით’ .


ასეთი სიტყვებით ხსნიდა წმინდა ავგუსტინე სულიერ დინამიზმს, რომელიც სულს ბერავდა მოწამეებს“, - თქვა პაპმა და მორწმუნეებს მოუწოდა გაეხსენებინათ ყველა მოწამე, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობდნენ.


„ჩვენს დროში ისინი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირველ საუკუნეებში იყვნენ. ვატიკანის მეორე კრება გვეუბნება, რომ მოწამე, რომლებიც სამყაროს ხსნისათვის, შეწირულ მასწავლებელს ემსგავსება სისხლის დაღვრით, ეკლესიის მიერ პატივდებულია, როგორც ძვირფასი საჩუქარი და სიყვარულის უმაღლესი გამომვლინებელი (Lumen gentium 42). მოწამეები, იესოს მიბაძვითა და მისი მადლის ძალით, შეცვლიან სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებად მათ სისასტიკეს, რომლებიც უარყოფენ სახარებას.


მიუხედავად იმისა, რომ მოწამეობრივი სიკვდილი მხოლოდ ზოგიერთების ხვედრია, ყველა მზად უნდა იყოს აღიაროს ქრისტე ადამიანთა წინაშე და გაჰყვეს მას ჯვრის გზაზე, იმ დევნის ფონზე, რომელსაც ეკლესია ყოველთვის განიცდის". მოწამეები აჩვენებენ, რომ ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია დაამოწმოს სიცოცხლით, მაშინაც კი, თუ აუცილებელი არ ხდება სისხლის დაღვრა. მოწაფე თავს უძღვნის ღმერთსა და მოყვასს თავისი მასწავლებლის მიბაძვით“.


რომის ეპისკოპოსმა მორწმუნეებს შეახსენა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების ქრისტიანული დამოწმების შესახებ. მაგალითისთვის, მან მოიყვანა იემენი: “უკვე მრავალი წელია სასტიკი მივიწყებული ომის გამო იტანჯება უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვები. სწორედ ამ ქვეყანაში იყო მოწყალების მისიონერი დების მოწმობები, რომლებიც მუსლიმ თანამშრომლებთან ერთად, ბოროტმოქმედთა ხელით დაიღუპნენ. სისხლით დამოწმებამ შეიძლება გააერთიანოს სხვადასხვა რელიგიის ადამიანი. არ შეიძლება ღმერთის სახელით მკვლელობა, ვინაიდან, ჩვენ ყველანი მისთვის ძმები და დები ვართ”.


საჯარო აუდიენციის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მორწმუნეებს ილოცონ სახარების დამოწმების მადლისათვის, მწუხარების ჟამსაც კი.


„დაე, ყველა წმინდანი და წმიდა მოწამე იყოს ხალხთა შორის მშვიდობისა და შერიგების თესლი, უფრო ჰუმანური და ძმური სამყაროსათვის ცათა სასუფევლის სრული გამოცხადების მოლოდინში, როცა ღმერთი იქნება ყველაფერი ყველაში“.


წმინდა პეტრეს მოედანზე სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ათასობით მორწმუნისადმი მისალმებისას პაპმა თქვა:


“უფრო მყისიერად დავუდგეთ გვერდით სულიერად საყვარელ, მრავალტანჯულ უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის საშინელ ტანჯვას”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page