ფრანგი კათოლიკე მონაზონი ანდრე რანდონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, 118 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გერონტოლოგიის კვლევის ჯგუფის ცნობით, მონაზონი რანდონი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 19 აპრილს, იაპონელი კეინ ტანაკა 119 წლის ასაკში გარდაიცვალა:
„ძალიან ვწუხვართ მაგრამ ... მისი სურვილი იყო, შეერთებოდა საყვარელ ძმას. მისთვის გარდაცვალება განთავისუფლება იყო“, - განმარტა მოხუცთა თავშესაფრის წარმომადგენელმა დევიდ ტაველამ.
ლუსილ რანდონი 1904 წლის 11 თებერვალს, საფრანგეთში, ალესში დაიბადა. 19 წლის ასაკში პროტესტანტობა მიატოვა და კათოლიკე გახდა. იქამდე, სანამ 40 წლის ასაკში მონაზვნად აღიკვეცებოდა, საფრანგეთის საავადმყოფოში ბავშვებსა და მოხუცებს უვლიდა. 1944 წელს შეუერთდა „ქველმოქმედების ქალიშვილების“ გაერთიანებას და სახელად „ანდრე“ მიიღო, თავისი გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად.
76 წლის რომ შესრულდა, მონაზონი ანდრე საცხოვრებლად ტულონში, სამხრეთ საფრანგეთში გადავიდა და სანტ კატრინ ლაბურეს მოხუცთა სახლში დასახლდა, სწორედ აქ გარდაიცვალა.
2021 წელს იგი COVID-19-ით დაინფიცირდა. იყო იზოლირებული, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
კითხვაზე, ეშინოდა თუ არა მას COVID-ის, საფრანგეთის ტელევიზიას – BFM განუცხადა: „არა, არ შემშინებია, რადგან სიკვდილის არ მეშინია… ბედნიერი ვარ, თქვენს გვერდით ყოფნით, მაგრამ ვისურვებდი ვიყო სხვაგან, სადაც შევუერთდები ჩემს დიდ ძმას, ბაბუასა და ბებიას".
2019 წელს მისი 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, და ანდრემ მიიღო ბარათი და ნაკურთხი კრიალოსანი პაპ ფრანცისკესგან. კრიალოსანს იგი ყოველდღე იყენებდა.
2020 წელს, როცა 116 წელი შეუსრულდა, ვინსენტიანელმა მონაზონმა მას თავისი „ბედნიერი ცხოვრების რეცეპტი“ გაუზიარა - ლოცვა და ფინჯანი ცხელი კაკაო, ყოველდღე.
გერონტოლოგიის კვლევის ჯგუფის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია მარია ბრანიას მორერა, 115 წლის, ესპანეთის მკვიდრი.
თაკო ფეიქრიშვილი
댓글