მსოფლიო ახალგაზრდული დღე 2023 წლის 1–6 აგვისტოს ჩათვლით პორტუგალიაში გაიმართება. მოსამზადებელ სამუშაოებში 400–ზე მეტი მოხალისე და ქვეყნის 21 ეპარქიაა ჩართული.
ტრადიციისამებრ, მსოფლიო ახალგაზრდული დღის თარიღი წმინდა ფრანცისკე ასიზელის ლიტურგიული მოხსენიების დღეს, 4 ოქტომბერს ცხადდება.
მსოფლიო ახალგაზრდული დღის შეხვედრა თავდაპირველად 2022 წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა, თუმცა პანდემიის გამო, თარიღი 2023 წლის აგვისტოში გადაიტანეს.
საეროთა, ოჯახებისა და სიცოცხლის საკითხთა დეპარტამენტის პრეფექტმა, კარდინალმა კევინ ფერელმა, 2019 წლის 27 იანვარს, პანამაში, მსოფლიო ახალგაზრდულ დღეზე გამოაცხადა მომდევნო მსოფლიო ახალგაზრდული დღის ჩატარების ადგილი.
ლოგოტიპი 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა, ხოლო ამავე წლის 22 ნოემბერს, ქრისტეს, სამყაროს მეფის დღესასწაულზე პაპ ფრანცისკეს უშუალო მონაწილეობით, მსოფლიო ახალგაზრდული დღის ჯვარი გადაეცათ პორტუგალიელებს.
2021 წლის იანვარში მ.ა.დ – ის, ლისაბონის საორგანიზაციო საკითხთა კომიტეტმა წარადგინა ჰიმნი სახელწოდებით: „Ha Pressa no ar“. ჰიმნი შეიქმნა წინა შეხვედრის ჰიმნის შთაგონებით: „მარიამი ადგა და წავიდა ჩქარა“ (ლუკ. 1,39).
საორგანიზაციო კომიტეტის პრეს–ცენტრში ამბობენ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდები მოუთმენლად ელოდნენ მად–ის თარიღის გამოცხადებას. ლისაბონის პატრიარქი, კარდინალი მანუელ კლემენტი იმედს გამოთქვამს, რომ 22 თვე, რომელიც მსოფლიო დღემდე დარჩა, მთელს მსოფლიოში ევანგელიზაციისთვის იქნება გამოყენებული.
ღონისძიებას პორტუგალიაში 400–ზე მეტი მოხალისე და პორტუგალიის 21 ეპარქია ამზადებს. ამავე ეპარქიებში შეიქმნა საორგანიზაციო კომისიები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მად–ის მომზადებაზე.
მსოფლიო ახალგაზრდული დღე წმინდა პაპის, იოანე პავლე მეორის მიერ, 1985 წელს დადგინდა და იგი მილიონობით ახალგაზრდის ურთიერთობის საშუალება და ადგილი გახდა.
პირველი მსოფლიო ახალგაზრდული დღე 1986 წელს ჩატარდა, რომში და მას შემდეგ ტარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში: 1987 – ბუენოს აირესი, 1989 – სანტიაგო–დე–კომპოსტელა, 1991 – ჩენსტოხოვა, 1993 – დენვერი, 1995 – მილანი, 1997 – პარიზი, 2000 – რომი. 2002 – ტორონტო, 2005 – კიოლნი, 2008 – სიდნეი, 2011 – მადრიდი. 2013 – რიო–დე–ჟანეირო. 2016 – კრაკოვი და 2019 – პანამა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments