top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მღვდელი კონსტანტინე საფარიშვილი

Updated: Dec 17, 2023

17 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია მამა კონსტანტინე საფარიშვილს იხსენებს.



"როგორც ის თვითონვე აღწერს, თავის ავტობიოგრაფიულ წერილში, იგი დაიბადა თბილისში, კათოლიკურ ოჯახში. განათლება თურქეთში, ფერიქოის კათოლიკურ სავანეში და რომში მიიღო.


1911 წელს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა. თავისი პირველი წირვა მან სტამბოლის ქართულ სავანეში ჩაატარა. თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებული, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. შემდეგი მიეცა სამღვდლო დანიშნულება და 1916 წელს, მდ. ვოლგაზე გერმანულ დასახლება სეივალდში.


რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს სარატოვის ეპისკოპოსის მიერ გორში მიავლინეს სამრევლოს წინამძღვრად.


1921 წელს პატრი მეორედ დააპატიმრეს, ხოლო გორის ეკლესია კი დაკეტეს. უნდა შევნიშნოთ, რომ გათავისუფლებული საფარიშვილი გამალებით იბრძოდა ეკლესიის ხელახლა გახსნისთვის, რის გამოც ისევ დააპატიმრეს, სცემეს და ორი კვირაში ისევ გამოუშვეს. ეკლესიის გარეშე დარჩენილი პატრი კონსტანტინე ეპისკოპოსმა ჯერ კახეთის სოფ. სანავარდოში, შემდეგ კი ხიზაში მიავლინა, სადაც იგი უკვე მეოთხედ დააპატიმრეს ჯაშუშობის და მავნებლობის ბრალდებით. ლაგოდეხიდან 40 კილომეტრი ფეხით ატარეს და სიღნაღის ციხეში მას დახვრეტის ინსცენირება მოუწყვეს. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, რომლის დროსაც მან რამდენიმე საპატიმრო გამოიცვალა, საფარიშვილი 1925 წელს ისევ მსახურებას დააბრუნეს ამჯერად უდეს ეკლესიაში.


იქ ორი წლის მანძილზე იგი აქტიურ მსახურებას ეწეოდა განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში. პატრიმ შესძლო 14-15 წლის ახალგაზრდების შერჩევა დიაკვნებად და მათ, პირობითად, „12 მოციქულის“ სახელით მოიხსენიებდა. საფარიშვილი მათ ქართულ და ლათინურ ენებზე ასწავლიდა ლოცვას და ესაუბრებოდა საღვთისმეტყველო საკითხებზე. როგორც ერთ-ერთი დიაკვანთაგანი – იოსებ პეტაშვილი მოგონებებში იხსენებს: პატრი „დიდ ხუთშაბათს წმიდა წირვაზე მლოცველების თანდასწრებით დიაკვნებს სიმბოლურად ფეხებს ბანდა და ფეხზე ეამბორებოდა“ [პეტაშვილი, 2003:10-12].


პატრი კონსტანტინეს დროს უდეში საეკლესიო ცხოვრება ბევრი სხვა მიმართულებითაც გამოცოცხლდა და ახალი ტრადიციებიც დამკვიდრდა. მაგალითად: უდეს ეკლესიაში მლოცველები წირვის დროს ფეხზე იდგნენ და ლოცვის დროს მუხლებზე დგებოდნენ. პატრი კონსტანტინეს ინიციატივით, საყდრის შიგნით მთელ სიგრძეზე, ორ რიგად გრძელი დასაჯდომი მერხები განულაგებიათ – მარცხნივ ქალებისთვის და მარჯვნივ – კაცებისთვის და ამიერიდან დღემდე მრევლი ძირითადად დამჯდარი უსმენდა ქადაგებას.


ასევე, ეკლესიაში მოეწყო სცენა მგალობელი გოგონებისთვის და იქვე დაიდგა საფარიშვილის მიერ ნაყიდი ფორტეპიანო. გალობაში გოგონების გაწვრთნაში უდელი ქალბატონი ანიკო თუმანიშვილი ეხმარებოდა, რომელსაც საღვთისმეტყველო და მუსიკალური განათლება სტამბოლის სავანეში ჰქონდა მიღებული [იქვე].


სწორედ ასეთი აქტიური საქმიანობა ახალგაზრდებს შორის გახდა მიზეზი 1927 წელს საფარიშვილის უკვე მეხუთეჯერ დაპატიმრებისა. როგორც პატრის ჩანაწერებიდან ირკვევა, უდეში მრევლი აქტიური და მრავალრიცხოვანი იყო და პატრიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამიტომ, ადგილზე მრევლის პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ მღვდელი მოტყუებით გამოიხმო: როგორც ის თავის ბიოგრაფიაში იხსენებს – მას დაავალეს გორში ამანათის მიტანა და სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოცხადება. იქ მისული, მღვდლის სამოსელშივე, დააპატიმრეს და ჯერ თბილისის ჩეკაში (6 თვით), შემდეგ კი მეტეხის ციხეში მოუწყვეს დაკითხვები.


სცემდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვა ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობაზე, რაზეც პატრი მტკიცე უარს აცხადებდა. რადგან პოზიციას არ იცვლიდა, 1928 წელს მას გადასახლება მიუსაჯეს და ეტაპირების წესით სოლოვეცკის ბანაკში გაგზავნეს.


სოლოვეცკის ბანაკები (1920-1939), მდებარეობდა თეთრ ზღვაში გაფანტულ კუნძულთა არქიპელაგზე – დიდი სოლოვეცკი, ანზერი, დიდი და მცირე მუკსალმა, დიდი ზაიატსკი. იძულებითი შრომის ბანაკი სსრკ-ში სოლოვეცკის კუნძულების ტერიტორიაზე შეიქმნა განსაკუთრებით საშიში პოლიტიკური და კრიმინალური დამნაშავეების იზოლაციის, შრომითი გამოყენებისა და გამოსწორებისთვის. იმ დროისთვის, როდესაც იქ კონსტანტინე საფარიშვილი განაწესეს, ბანაკში მოხვედრილთა რიცხვმა თავის მაქსიმუმს – 8000 პატიმარს აღწევდა. ამიტომ, 1925-1929 წლები ყველაზე აქტიურად არის ასახული პატიმართა მემუარისტიკაში.


იმავე წლებში, როდესაც მამა კონსტანტინე იყო დაპატიმრებული, სოლოვეცკის ბანაკში უამრავი სასულიერო და საერო პირი იყო შეკრებილი. თუმცა, სასულიერო პირების რაოდენობის საკითხი ბოლომდე გაურკვეველია, სხვადასხვა წყაროში მოყვანილი მაჩვენებლები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან [История СЛОН, 2021]. ერთ-ერთ ასეთ მემუარულ ნაწარმოებში, რომელიც მოგილიოვის მეტროპოლიის ადმინისტრატორს, კათოლიკე ეპისკოპოს ბოლესლავ სლოსკანს (1893-1981) ეკუთვნოდა, დეტალურად არის აღწერილი სოლოვეცკის ბანაკებში ცხოვრება და მოხსენიებულია მასში მოხვედრილი არაერთი კათოლიკე მღვდელი საქართველოდან. მათ შორის კონსტანტინე საფარიშვილი და შიო ბათმანიშვილი (1885-1937). უკანასკნელს პატრი კონსტანტინეც ახსენებს თავის ბიოგრაფიაში. იგი წერდა: რომ, გზად ლენინგრადის ციხეში ჩაიყვანეს, სადაც შეხვდა კონსტანტინეპოლში ქართული სავანის წინამძღვარს, რომელსაც 10 წელი ჰქონდა მისჯილი. მოგვიანებით პატრი კონსტანტინე კემში გადაიყვანეს, სადაც მამა შიოსთან და ბოლისლავ სლოსკანთან ერთად აღმოჩნდა. სლოსკანი ასე აღწერს სიტუაციას, რომელიც დახვდათ ბანაკში პოპოვის კუნძულზე:


„გამანაწილებელ პუნქტში მესაზღვრეები აგრესიული ლანძღვა-გინებით დაგვხვდნენ. ეზოში მწკრივში უნდა ჩავმდგარიყავით. გინებით გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გვეპასუხა მათ მისალმებაზე. მათი უხეში ხუმრობები ჩვენზე სამ საათს გაგრძელდა. მერე ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიყოლებით, ყაზარმაში, ჩვენთვის დანიშნულ ადგილზე გაგვიყვანეს. დასაწოლი ადგილები იმდენად ვიწრო იყო, რომ მხოლოდ გვერდზე წოლით უნდა დაგვეძინა. ყაზარმები უზარმაზარ ხის ბეღლებს წააგავდა. შიგ ორი რკინის ღუმელი და ორ რიგად ფიცრული საწოლები იდგა. სიბინძურემ და აუტანელმა უჰაერობამ შეძრა ყველა შემოსული. რწყილები, ტილები და სხვა მწერები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ვერავინ იძინებდა ზემო სათავსოზე. დღისით კი აქვე ვმუშაობდით....


მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა: ყინულის ჭრა, თოვლის გადაზიდვა, ხის დაჭრა“. 1928 წლის აპრილში 13 მღვდლისგან შემდგარი ჯგუფი უხტაში გადაიყვანეს დიდი გზის მშენებლობაზე. სლოსკანის სიტყვებით მამა კონსტანტინეს დამსახურება იყო, რომ აქაც ის მასთან ერთად აღმოჩენდა და რომ გაუსაძლის სამუშაო პირობებში პატრი საფარიშვილი მისი მორალური დასაყრდენი გახდა [Из Истории..., 2021]. მიუხედავად მძიმე პირობებისა და მკაცრი კონტროლისა კაზაკი ზედამხედველების მხრიდან, მამა კონსტანტინეს, ისევე როგორც სხვა მღვდლებს, ბოლესლავ სლოსკანი არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთ უშუალო მოწოდებაზე. როგორც პატრი საფარიშვილი წერს, ის მუშაობდა კანტორაში, გზატკეცილზე, მეკუჭნავედ და ყველაზე დიდხანს ფოსტალიონად. ეს აძლევდა საშუალებას შეესრულებინა მისი რელიგიური მოვალეობები. ტყის სიღრმეში ატარებდა წირვას, წერილების დატარებისას კი იბარებდა აღსარებას, რის შემდეგ ფარულად თეთრ ქაღალდში გახვეულ „ოსტიას“ აწვდიდა და ასე აზიარებდა მორწმუნე კათოლიკეებს, რომლებიც კუნძულის სხვადასხვა მხარეს იყვნენ მიმოფანტულნი.


ბოლო მკაცრი დანიშნულების ე.წ. სოლოვეცკის „მონასტერში“ მასთან ერთად 25 კათოლიკე მღვდელი და 2 ეპისკოპოსი იმყოფებოდა. ყველანი რწმენის გამო გადასახლებულები. წელიწადში ორჯერ ახერხებდნენ ღამით ფარულად შეკრებას და წირვის ჩატარებას. პატრი წერდა: „ყველგან სადაც ვიმყოფებოდი, ვახერხებდი წირვის ჩატარებას და საჭიროებისამებრ ადამიანების ზიარებას“ (ავტობიოგრაფია). სლოსკანი მამა კონსტანტინესთან დაკავშირებით იხსენებს: „ერთ დღეს ამანათი მივიღე. მასში შედიოდა ყველაფერი, რაც წმინდა მესასთვის იყო საჭირო. მამა საფარიშვილს მოკლე წერილი გავუგზავნე და ღამით, დაცვის შინ წასვლის შემდეგ, მამა მოვიდა ჩემთან. ორივემ ერთმანეთს აღსარება ჩავაბარეთ და შევძელით მესის ჩატარება ჩვენს „საქათმეში“ შებოლილ სუფრაზე. გავიხარეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ჩვენი სულიერი დღესასწაულის პატივსაცემად მივირთვით უგემრიელესი ცხიმიანი კერძები და ვერმიშელი, რომელიც ასევე ამანათში იყო“ [Из Истории..., 2021].


[...]საფარიშვილმა მკაცრ გადასახლებაში ორნახევარი წელი გაატარა კემში, საიდანაც, შემდეგ, თავისუფალ გადასახლებაში ჩრდილოეთ პენეგაში გადაიყვანეს. იქ იგი 1931 წლამდე იმყოფებოდა. პენეგაში პატრი იძულებით სამუშაოებს ასრულებდა ხარკოვის მრევლის წინამძღვარ ილგინთან და უნიატ ეპისკოპოს ლეონიდთან ერთად.


პატიმრობიდან გათავისუფლებულ საფარიშვილს არ ჰქონდა მღვდელმსახურების და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება უფლება. 1936 წელს, მოსკოვის ნებართვით, მან თბილისში მოიპოვა დროებითი დასახლების და მსახურების უფლება, თუმცა მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე უარის გამო ეს უფლება 6 თვეში ისევ ჩამოართვეს.


ამის შემდეგ, პატრი ბორჯომში დარეგისტრირდა, სადაც იგი 1966 წლამდე (40 წელი) ცხოვრობდა.


რეპრესირების კიდევ ერთი ეპიზოდი საფარიშვილის ცხოვრებაში იყო 1952 წელს. ამჯერად, პატრი, სტალინის კულტის მსხვერპლი გახდა, რისთვისაც მას ბორჯომის დატოვება უბრძანეს. სტალინის მოსალოდნელი ვიზიტის გამო ბორჯომი უნდა გაწმენდილიყო გადასახლებულებისა და პატიმრებისგან. თუმცა, მალევე, 1953 წელს, სტალინი გარდაიცვალა და მამა კონსტანტინეს მიეცა შესაძლებლობა გაეგრძელებინა ბორჯომში ცხოვრება. მას მღვდელმსახურება აკრძალული ჰქონდა და, რადგანაც სსრკ-ში უმუშევრობა კანონით ისჯებოდა, ამიტომაც პატრი ფოტოგრაფობით დაკავდა. ბორჯომში მას პატარა ოთახი ჰქონდა, სადაც ფოტოგრაფობის დროსაც ახერხებდა სამღვდლო ვალი მოეხადა: იგი ფარულად წერდა ჯვარს, აზიარებდა, იბარებდა აღსარებას, ნათლავდა და აღავლენდა წირვას. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მასთან მოსულ მრევლს ასაჩუქრებდა ხატების ფოტორეპროდუქციით, რომელთაც მის მიერვე შედგენილი და საკუთარი ხელით მიწერილი მცირე ლოცვები ახლდა თან.


ბორჯომში მოღვაწეობის პერიოდში მამა კონსტანტინემ დიდი ამაგი დასდო ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის გადარჩენის საქმეს. დონ დამიანე სააკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, კათოლიკური ეკლესია ქუთაისში დაიხურა და მრევლი ბინაზე, ტელმანის ქ. 38-ში განაგრძობდა შეკრებას. პატრი ჯერ ფარულად საკუთარ ქადაგებებს უგზავნიდა, რომელთაც მორწმუნეები რეპრესიების შიშით არ ბეჭდავდნენ, არამედ ხელით გადაწერდნენ და ისე გადასცემდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით კი, მამა კონსტანტინემ ბორჯომიდან ყოველ კვირა დღეს დაიწყო ქუთაისში ჩასვლა და ბინაზე მსახურების ფარულად წირვის ჩატარება. რეპრესიების მერე ეს იყო პირველი საეკლესიო წირვა. მსგავსი თანადგომით პატრიმ კათოლიკურ ეკლესიას ქუთაისში შეუნარჩუნა არსებობის უწყვეტი ტრადიცია [საფარიშვილი, 2000:12].


1966 წელს, თბილისის პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის მამა ემანუელ ვარდიძის (1886-1966) გარდაცვალების შემდეგ, საფარიშვილმა მიიღო თბილისში დაბრუნების და მღვდელმსახურების ნებართვა. მისი მსახურება და რწმენისთვის გადახდილი ფასი სათანადოდ დააფასა წმ. საყდარმა. 1971 წელს, სასულიერო მოღვაწეობის 60 წელი, ქართულ ენაზე, გულთბილად მიულოცა რომის პაპმა პავლე VI-მ (1963-1978). გარდა მისალოცი ბარათისა, მას პონტიფიკისგან ამანათიც მიუღია, რომელშიც საჩუქრად მღვდლის საზეიმო სამოსი იყო. პატრის შთამომავლების მოგონებებით, საბჭოთა ხელისუფლების მიმართ უნდობლობის და რეპრესიების შიში პატრის ბოლომდე არ ტოვებდა. ამანათის მიღების შესახებ ცნობა მას დიდ ნერვიულობად დაუჯდა, რადგან იგი მუდმივ მოლოდინში იყო, რომ ამის გამო კვლავ დააპატიმრებდნენ.


საფარიშვილი 1973 წლის 11 დეკემბრამდე, გარდაცვალებამდე, აღასრულებდა ეკლესიის წინამძღვრის მოვალეობას. ბოლო გზაზე გასაცილებლად და პატივის მისაგებად ეკლესიაში შეიკრიბნენ სხვადასხვა კონფესიის ეკლესიის წინამძღვრები, მათ შორის მართლმადიდებელი და სომხური სამოციქულო ეკლესიიდან. დაკრძალულია პეტრე-პავლეს ეკლესიის გალავანში [საფარიშვილი, 2000:12].


შეიძლება ითქვას, რომ მამა კონსტანტინე საფარიშვილმა მართლაც ღირსეულად აღასრულა მის მიერვე ცხოვრების დევიზად შერჩეული სიტყვები 109-ე ფსალმუნიდან „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე“.


მისი გარდაცვალებიდან 17 წელიწადში, 1990 წლის 13 აგვისტოს მოხდა მამა კონსტანტინეს რეაბილიტაცია. მამა კონსტანტინე ფლობდა 10 უცხო ენას, რომელთა არდავიწყების მიზნით, ყოველდღე სხვადასხვა ენაზე აღავლენდა ლოცვას. გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით. მის მიერ არანჟირებული საგალობლები დიდი ხნის მანძილზე სრულდებოდა თბილისის პეტრე-პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში.


"კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში"

Comments


bottom of page