top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მღვდელი ყოვლისმცოდნე მასწავლებელი როდია' – ლაშა მანუკიანის მღვდლად კურთხევა


საქართველოში კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი მღვდელი ჰყავს. 2022 წლის 1–ელ თებერვალს დიაკონი ლაშა მანუკიანი მღვდლად ეკურთხა. მისი ხელდასხმა თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში გაიმართა.



ლაშა მანუკიანის მღვდლად ხელდასხმისათვის საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს, ჯუზეპე პაზოტოს კამილიელთა ორდენის პოლონეთის პროვინციის პროვინციალმა 2022 წლის 10 იანვარს წერილობით მიმართა:


„მე ქვემორე ხელის მომწერი, მამა მიროსლავ შვაინახი, სნეულთ მსახურთა მოწესე ბერ–მონაზონთა კამილიელთა ორდენის პოლონეთის პროვინციის პროვინციალი, ჩემი მრჩეველთა საბჭოს დადებითი აზრით, ნებას ვრთავ მღვდლად ხელდასხმისათვის სამუდამო აღთქმების ბერს, ლაშა მანუკიანს და წარგიდგენთ მას თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორო ხელდასხმისათვის“.


ლიტურგიაზე ამ წერილის საჯაროს წაკითხვის შემდეგ, მღვდლად კურთხევის ცერემონია დაიწყო.


დიაკვან ლაშა მანუკიანს ხელი ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ დაასხა. ლიტურგიაზე წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში – არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოში მოღვაწე მღვდლები და პოლონეთიდან ჩამოსული კამილიელთა ორდენის ბერ–მონაზვნები იმყოფებოდნენ.


ქადაგებისას ეპისკოპოსმა სამ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი:


„ფონს შენით ვერ გახვალ! (გამ 18,19). ჰო, ჰო, სწორედ ასეა, ძვირფასო ლაშა, მარტო ვერ განახორციელებ ამ ნიჭს, ადრე თუ გვიან ჩამოიშლები. „სამღვდლო მსახურებას აქვს რადიკალურად საკრებულო ფორმა და შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ, როგორც საერთო საქმე“ (წმ. იოანე პავლე II Pastores dabo vobis 17)...

ნურასოდეს გეგონება თავი სხვათა მფლობელი! წერს წმიდა პავლე კორინთელებს: არ ვაპირებთ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს (2კორ 1,24). მღვდელი „ყოვლისმცოდნე მასწავლებელი“ როდია, არც უბნის მეთაური, მღვდელი თითოეულის სიხარულის მსახური და თანამშრომელია...

მიგიზიდოს ადამიანთა ხორციელმა და სულიერმა იარებმა: აქ გაბრწყინდება შენი კამილიური მღვდლობა! შენს ცხოვრებაში განგიცდია გულმოწყალება და მიეძღვენი ღმერთისა და ეკლესიის გულმოწყალების მსახურებას. შენი კამილიური მოწოდება იბადება წმ. კამილოს ამ განწყობიდან ტანჯული ადამიანის წინაშე. რამდენი ხალხი იტანჯება. თითოეული განვიცდით ტანჯვას!“...


ამ სიტყვებით მიმართა ეპისკოპოსმა დიაკონ ლაშა მანუკიანს და ღვთისმშობელ მარიამის მფარველობა უსურვა...


26 წლის ლაშა მანუკიანი უკვე კამილიელთა ორდენის ბევრ–მონაზონია. წმინდა კამილოს ძმების ოჯახთან ერთად იგი რამდენიმე წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ მათი საქმიანობა მის მოწოდებასთან ყველაზე ახლოს დგას და სწორედ ამიტომ აირჩია ეს გზა.


2014 წლის 8 სექტემბერს მან საბერმონაზვნო ცხოვრებისათვის მომზადება დაიწყო.

2015–2019 წლებში სწავლობდა ყაზახეთის სასულიერო სემინარიაში.


2019 წლის 6 ოქტომბერს, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში მან მუდმივი აღთქმა დადო.


2021 წლის 24 აპრილს თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში დიაკვნად ეკურთხა.


მღვდლად კურთხევის შემდეგ, პირველი წმ. წირვა მამა ლაშა მანუკიანმა კამილიელ ბერ–მონაზვნებთან ერთად, მათსავე ოჯახში აღავლინა. პირველი საკვირაო წმ. წირვა კი, ადიგენის სოფელ არლის წმ. იოსების სახელობის ტაძარში.


თაკო ფეიქრიშვილი

Catholic.ge

Commentaires


bottom of page