top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მღვდლებო, იყავით სულიწმიდით ცხებული წინასწარმეტყველები’ - პაპი

6 აპრილს, დიდი ხუთშაბათს პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მირონისა და წმინდა ზეთების კურთხევის წმინდა წირვას წარუძღვა. ლიტურგიაზე რომის ეპარქიის მღვდლებმა სამღვდელო ფიცი განაახლეს.



რომის ეპისკოპოსის ქადაგება ძირითადად სულიწმიდის უბადლო როლს მიეძღვნა, რომელიც ყოველი მწყემსის მსახურების წყარო და მაცოცხლებელი ძალაა. „ეკლესია სულიწმიდა გარეშე ქრისტეს ცოცხალი პატარძალი კი არა, მხოლოდ რელიგიური ორგანიზაცია იქნებოდა; იქნებოდა არა ქრისტეს სხეული, არამედ ადამიანის ხელით აგებული ტაძარი. მღვდლებმა ყოველდღე უნდა მოუხმონ უფლის სულს, რომ იყვნენ ღვთის ერისთვის მამები და მწყემსები. ქრისტემ მოუხმო მოწაფეებს და სცხო მათ თავისი სიტყვით, ამან ძირეულად შეცვალა მათი ცხოვრება და გულანთებულ მიმდევრებად აქცია მანამდე, სანამ არ მოახლოვდა პასექი, როდესაც მათ უარყვეს მასწავლებელი. იესომ იცოდა, რომ ისინი მარტონი თავს ვერ გაართმევდნენ, ამიტომაც მან აღუთქვა მოწაფეებს მანუგეშებელი სული. ორმოცდამეათე დღეს სწორედ ამ მეორედ ცხებამ გარდაქმნა მოწაფეები, აღანთო მათში სურვილი ემწყემსათ ღვთის ფარა და არა საკუთარი თავები. მათ დაკარგეს შიში, შეწყვიტეს საპატიო ადგილებისაკენ სწრაფვა და გავიდნენ წუთისოფელში სახარების საქადაგებლად“, - თქვა პაპმა.


მსგავსი მარშრუტი გადის ყველა მღვდლის ცხოვრებაზე. დროთა განმავლობაში კრიზისი სხვადასხვა ფორმით მოდის. საკვანძო ზღვარი დაკავშირებულია სამ სახიფათო საცდურზე. კომპრომისზე მარტივად წასვლა და ტკბობა იმით, რაც ისწავლე;სუროგატებით „დამუხტვის“ მცდელობა და მათით ცხებულობის ჩანაცვლება; იმედგაცრუება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა და გზის ინერციით გაგრძელება. მსგავს შემთხვევებში ცხებულის სურნელს სიცოცხლის სუნი აღარ ასდის, ხოლო გული აღარ ფართოვდება.


თუმცა კრიზისი მადლის ჟამია, ვიანიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ნავისა და ბადეების მიტოვება, რათა გარკვეული დროით გავყვეთ ქრისტეს, საჭიროა გოლგოთამდე გზის გავლა, რათა მივიღოთ გაკვეთილი, გამოვიღოთ ნაყოფი, წავიდეთ სულიწმიდის დახმარებით სიცოცხლის ბოლოსკენ, რომელიც უნდა დასრულდეს უფლის სრულყოფილ სიყვარულში. ჩვენთვის, ისევე, როგორც მოციქულებისთვის, დგება ჟამი “მეორედ ცხებისა”, რომელიც სულიწმიდას მისცემს საშუალებას სცხოს ჩვენი სისუსტეები, ტვირთი და საჭიროებები.


მღვდლებს მოეთხოვებათ საკუთარი სისუსტეების თავმდაბლად აღიარება. სულიწმიდა მოგვიწოდებს ვიდგეთ სიმართლეში. სამღვდელო ზრდასრულობა მაშინ მოდის, როდესაც მღვდლის ცხოვრებაში უმთავრესი გმირი სულიწმიდაა; როდესაც ყველაფერი იცვლის პერსპექტივას. თუ სულიწმიდას მივცემთ საშუალებას იმოქმედოს ჩვენში, მაშინ შევინარჩუნებთ ცხებულობას. ჰარმონია - აი, რა სურს სულიწმიდას, განსაკუთრებით კი მათი მეშვეობით, ვისზეც გადმოღვარა თავისი ცხებულობა. ჰარმონია ჩვენს შორის არა იმდენად ეკლესიის კარგი მუშაობის ეფექტია, რამდენადაც შინაგანი ცხოვრების მოთხოვნილება. ნუ დაალაქავებთ უფლის ცხებულობას და დედა-ეკლესიას განხეთქილებებით, პოლარიზაციით, გულქვაობითა და უთანხმოებებით“, განმარტა პაპმა.


ბოლოს, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა მღვდლებს მოწმობის, ნუგეშისა და პატიებისათვის, ასევე კეთილი მსახურებისათვის, რომელიც ხშირად აღესრულება დიდი ძალისხმევით მცირედი აღიარების პირობებში. „დაე, უფლის სულმა აღგავსოთ მშვიდობით და გაგხადოთ წინასწარმეტყველებად თავისი ცხებისა და ჰარმონიის მოციქულებად“, - უსურვა თავის ქადაგების დასასრულს მღვდლებს რომის ეპისკოპოსმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page