• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მშვიდობა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა – პაპი. Urbi et Orbi




17 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაული მიულოცა. „წელს, უკრაინაში მიმდინარე ომმა ამ დღის აღნიშვნას დაღი დაასვა“, – აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა „ქალაქსა და მსოფლიოს“მიმართვაში (Urbi et Orbi).


გთავაზობთ წმინდა მამის სააღდგომო მიმართვის სრულ ტექსტს:


„ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


ჯვარცმული იესო აღდგა! იგი მიდის მათკენ, ვინც სახლში გამოკეტილი შიშითადა ვაებით სტირის. იგი მათთან შედის და ეუბნება: “მშვიდობა თქვენდა”! (იოან. 20,19). უჩვენებს ჭრილობებს ხელებზე, ფეხებსადა ფერდზე. ისარ არის მოჩვენება, ის იესოა, რომელიც ჯვარზე მოკლეს და დამარხეს. მოციქულთა უნდობი გამოხედვის საპასუხოდ იგი იმეორებს: “მშვიდობა თქვენდა”! (იოან.21).


ამ აღდგომას, რომელსაც ომის ჟამს აღვნიშნავთ, ჩვენი მზერაც, მოციქულების მსგავსად, ნდობისგან დაცლილია. ჩვენ ძალიან ბევრი სისხლისა და ძალაობის მხილველნი გავხდით. ჩვენი გულებიც სავსეა შიშთა და ლტოლვით, მაშინ, როცა ჩვენი ძმები და დები იძულებულნი არიან ბომბებისგან გადარჩნენ სახლებში დამალვით. ძნელია დავიჯეროთ, რომ იესო ჭეშმარიტად აღდგა, რომ მან ნამდვილად დაამარცხა სიკვდილი იქნებ ეს სულაც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია და ილუზია?



არა, ეს ილუზია არ არის! დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული სიძლიერით ჟღერს ქრისტიანებისთვის ესოდენ ძვირფასი სააღდგომო უწყება: “ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა”! დღეს, დიდმარხვის დასასრულს, რომელიც თითქოს არ აპირებდადამთავრებას, როგორც არასდროს ისე გვჭირდება უფალი. ჩვენ უკან მოვიტოვეთ პანდემიის ორი წელი, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა. ახლა დადგა დრო ძალებისა და რესურსების გაერთიანებით ხელიხელ ჩაკიდებულები გვირაბიდან გავიდეთ. თუმცა ამის მაგივრად ვაჩვენებთ, რომ ჩვენში კვლავ ცოცხლობს კაენის სულისკვეთება, რომელიც უცქერს აბელს არა როგორც ძმას, არამედ, როგორც მოწინააღმდეგეს და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოკლას იგი. ჩვენ გვჭირდება აღმდგარი,ჯვარცმული, რომ ვირწმუნოთ სიყვარულის გამარჯვების, რომ ვიმედოვნოთ შერიგება. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება იესო,რომ მოვიდეს ჩვენთან და კვლავ გვითხრას: “მშვიდობა თქვენდა!”


მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება. მხოლოდ მას აქვს უფლება გვახაროს მშვიდობა. მხოლოდ იესო, მხოლოდ იგი ატარებს ჩვენს ჭრილობებს. მისი ჭრილობები ორმაგად ჩვენი ჭრილობებია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მივაყენეთ მას ეს ჭრილობები ჩვენი ცოდვებით, გულის ეშმაკობით, ძმისმკვლელი სიძულვილით; მეორე რიგში იმიტომ, რომ იგი ატარებს ამ ჭრილობებს ჩვენ გამო, მას არ წაუშლია იგი თავისი დიდებული სხეულიდან, მან ისურვა ამ ჭრილობების შენარჩუნება, მათი მარადიულად ტარება. ეს ჭრილობები ჩვენდამი სიყვარულის წარუშლელი ბეჭდებია; ისინიამუდმივი შუამდგომლობა, რათა ჩვენმა ზეციერმა მამამ იხილოს, შეგვიწყალოს ჩვენ და მთელი მსოფლიო. აღმდგარ ქრისტეს სხეულზე არსებული ჭრილობები არის იმ შებრძოლების ნიშანი, რომელშიც მან გაიმარჯვა სიყვარულის იარაღით, რათა ჩვენ გვქონოდა მშვიდობა, მშვიდობაში ყოფნა და მშვიდობაში ცხოვრება.


ამ დიადი ჭრილობების ცქერისას მწიფდებიან ჩვენი, რწმენიდან დაცლილი თვალები. იწყებენ ნათლად დანახვას. რბილდება ჩვენი გაქვავებული გული და საშუალებას აძლევს შემოვიდეს ჩვენში სააღდგომო უწყება: “მშვიდობა თქვენდა!”


მოდით, შემოვუშვათ ქრისტეს მშვიდობა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სახლებში, ჩვენს ქვეყნებში.


დაე, ნატანჯ უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ, რომელიც მძიმედ იტანჯება სასტიკი და უაზრო ომის ნგრევისა და ძალადობისაგან, რომელშიც ჩაითრიეს იგი. დაე, სიკვდილისა და ტანჯვის ამ საშინელ სიბნელეში ამობრწყინდეს იმედის ახალი გარიჟრაჟი. დაე,არჩევანი გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ. საკმარისია ძალების დემონსტრირება მაშინ, როცა ამით ადამიანები იტანჯებიან. გთხოვთ. მოდით, ნუ მივეჩვევით ომს. მოდით, ყველამ დავივალდებულოთ თავი ხმამაღლა მოვუწოდოთ სახლებიდან და ქუჩებიდან მშვიდობისაკენ. დაე, პოლიტიკურმა ლიდერებმა და ერებმა შეისმინონ ერის ხმა მშვიდობაზე. დაე, მათ ყურადღება მიაქციონ ამ შემაშფოთებელ კითხვას, რომელიც მეცნიერებმა თითქმის 70 წლის წინ დასვეს: “ჩვენ უნდა გავანადგუროთ კაცობრიობა, თუ კაცთა მოდგმა შეძლებს ომზე უარის თმას?” (რასელ აინშტაინის მანიფესტი. 1955 წლის 9 ივლისი).


ჩემს გულში – უკრაინელი ხალხის მრავალრიცხოვანი დაღუპული ადამიანია, მილიონობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ადამიანია, დაყოფილი ოჯახებია, მარტოდ დარჩენილი მოხუცები არიან, განადგურებული სიცოცხლე და მიწის პირიდან აღგვილი ქალაქებია. ჩემს თვალწინ დგანან მთელს მსოფლიოში დაობლებული ბავშვები, ისინი, რომლებიც შიმშილით კვდებიან ან არ აქვთ სათანადო მოვლა; ისინი, რომლებიც სასტიკი მოქცევისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა და ისინი, რომლებსაც წაართვეს დაბადების უფლება.


თუმცა ამ შემაძრწუნებელი ომების მიღმა არის იმედის მომცემი ნიშნები. ევროპაში უამრავმა ოჯახმა და საზოგადოებამ გაუღეს თავიანთი სახლის კარები მიგრანტებსა და დევნილებს. დაე, გულმოწყალების ეს მრავალრიცხოვანი საქმეები იქცნენ ჩვენი ეგოიზმითა და ინდივიდუალიზმით დეგრადირებული საზოგადოების კურთხევად. დაე,დაეხმაროს მათ იყვნენ ყველასთვის სტუმართმოყვარენი.


ევროპაში არსებულმა კონფლიქტმა გვაიძულა უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ დაძაბულობის სხვა სიტუაციებს, ტანჯვებსა და ტკივილს, რომლებიც მსოფლიოს ძალიან ბევრ რეგიონს შეეხო და რომელთა დავიწყებაც არცშეგვიძლია და არც გვსურს.


დაე, დაისადგუროს მშვიდობამ მრავალწლიანი კონფლიქტებითა და განხეთქილებით დატანჯულ ახლო აღმოსავლეთში, ამ დიდებულ დღეს ვთხოვოთ მშვიდობა იერუსალიმისათვის და მათთვის, რომელთაც ის უყვართ. (შედრ. ფს. 121). ვთხოვოთ მშვიდობა ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმებისთვის. დაე, ებრაელებმა და პალესტინელებმა, რომლებიც თანაცხოვრობენ ამ წმინდა ქალაქში, მომლოცველებთან ერთად, შეიგრძნონ მშვიდობის სიმშვენიერე, იცხოვრონ ძმობაშიდა თავისუფლად მოილოცონ წმინდა ადგილები ურთიერთპატივისცემითა და ერთმანეთის უფლებების დაცვით.


დაე, ლიბანის, სირიისა და ერაყის ხალხებში მოხდეს შერიგება და დამყარდეს მშვიდობა. განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანული საკრებულოებისათვის.


დაე, ასევე დამყარდეს მშვიდობა ლიბიაში, რათა მათ, ბევრი წლის შემდეგ,მოიპოვონ სტაბილურობა. იემენშიც იყოს მშვიდობა, რომელიც იტანჯება ყველასგან მივიწყებული კონფლიქტით, რაც არის მუდმივი მსხვერპლის მიზეზი. ბოლო დღეებში ხელმოწერილმა ზავმა შეიძლება მოსახლეობაში გააჩინოს იმედი.

ვთხოვთ აღმდგარ უფალს მაინმარში შერიგების მადლისათვის, სადაც გრძელდება სიძულვილისა და ძალადობის დრამატული სცენარი, ასევე ვთხოვოთ მადლი ავღანეთისათვის, რომლის მოსახლეობაც გამუდმებული დაძაბულობისა და სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს.


დაე, დაისადგუროს მშვიდობამ აფრიკის მთელს კონტინენტზე, რათა შეწყდეს ტერორისტული აქტებით გამოწვეული სისხლისღვრა და ადამიანების ექსპლუატაცია. განსაკუთრებით ვთხოვოთ მადლი სახელიას რაიონისათვის, უნდა აღმოვუჩინოთ მათ კონკრეტული მხარდაჭერა. დაე, ეთიოპიაში დაისადგუროს დიალოგის გზამ და შერიგებამ, სადაც მძვინვარებს ჰუმანიტარული კრიზისი. დაე, შეწყდეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალადობა, ნუ მოაკლდებათ ჩვენი ლოცვები, სოლიდარობა და წყალობა სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილს, რომლებიც დაზარალდნენ დამანგრეველი წყალდიდობით.


დაე, აღმდგარი ქრისტე დაეხმაროს და წინ წაუძღვეს ლათინური ამერიკის ხალხს, რომლებსაც გაუუარესდათ სოციალური პირობები პანდემიით გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში, რასაც უფრო ართულებს დანაშაულებრივი ქმედებები, კორუფცია, ძალადობა და ნარკომოვაჭრეობა.


აღმდგარ ქრისტეს ვთხოვთ, წინ გაუძღვეს შერიგების გზაზე მდგარ კანადის კათოლიკე ეკლესიას, რომლისკენაც მიდის აბორიგენ ხალხთან ერთად. დაე, აღმდგარი ქრისტეს სულით განიკურნოს მათი წარსულის ჭრილობები და მიმართოს მათი გულები ძმობისა და ჭეშმარიტების ძიებისაკენ.


ძვირფასო ძმანო და დანო, ყოველ ომს მოაქვს შედეგები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელს კაცობრიობაზე, ლტოლვილთა მწუხარებიდან და დრამებიდან დაწყებული ეკონომიკურ და სასურსათო კრიზისამდე დამთავრებული, რომლის ნიშნებს უკვე ვხედავთ. განუწყვეტელი ომის დროს, ისევე როგორც ცხოვრებაში მრავალი მტკივნეული მარცხის წინაშე, ცოდვაზე, შიშსა და სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტე მოგვიწოდებს, არ დავემორჩილოთ ბოროტებას და ძალადობას. მოდით, მივცეთ ქრისტეს მშვიდობას საშუალება გაიმარჯვოს ჩვენზე, მშვიდობა შესაძლებელია, მშვიდობა აუცილებელია, მშვიდობა ყველა ჩვენგანის მთავარი პასუხისმგებლობაა!


შოთა გიქოშვილი