ბევრი წლის შემდეგ, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში ქართულ ენაზე აღევლინა ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებები.

2025 წლის 11 თებერვალს, ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეობაზე, საქართველოდან ჩასულმა მღვდელმსახურებმა და მრევლმა დღესასწაული აღნიშნეს, ამავე ლიტურგიაზე, არალში მცხოვრები გიორგი ბათმანაშვილი მოინათლა, მირონი იცხო და ზიარება მიიღო.
ნათლობის, მირონცხებისა და პირველი ზიარების საიდუმლოებები ხიზაბავრისა და ვარგავის ადმინისტრატორმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა აღავლინა. მასთან ერთად ლიტურგიაში მონაწილეობდნენ არლის სამრევლოს წინამძღვარი მამა დარიუშ კომადოვსკი და წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის მღვდელმსახური მამა მიხეილ სურმავა.
სპეციალურად დღესასწაულისთვის საქართველოდან სტამბოლში მღვდელმსახურებთან ერთად 18 ადამიანი გაემგზავრა. ლიტურგიას სტამბოლში მცხოვრები ზაზაძეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ეს არის ოჯახი, რომელიც უკვე მრავალი წელია სტამბოლის ქართველთა სავანეს უფრთხილდება, უვლის და იცავს.
წირვის შემდეგ, ზაზაძეების ოჯახმა საქართველოდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლა და სავანეში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.
სტამბოლის ქართველთა სავანე 1861 წელს, აბატ პეტრე ხარისჭირაშვილის ძალისხმევით აშენდა. წლების მანძილზე იგი არა მხოლოდ რელიგიური საკულტო ნაგებობა, არამედ მნიშველოვანი საგანმანათლებლო და ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა.
ტრადიციულად, 11 თებერვლისთვის ქართველ კათოლიკეთა სავანეში ყოველწლიურად ეწყობა მიმლოცველობა და ტაძარში აღევლინება ქართულენოვანი წირვა.
Comments