top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ნება მიეცით იესოს განგკურნოთ’ - პაპი ფრანცისკე

11 თებერვალს, სნეულთა მსოფლიო დღეს, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა წმინდა წირვა და წმინდანად შერაცხა XVIII საუკუნეში მოღვაწე არგენტინელი  საერო პირი – მარია ანტონია დე პას ფიგერო იგივე დედა ანტული.

 


წმინდა მამამ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ლიტურგიულ საკითხავებზე, სადაც საუბარია კეთროვანზე, გარიყულსა და სოციალურ უბედურებაზე, რომლისგანაც იესოს ჩვენი გამოხსნა სურს. იმ დროს, კეთროვნები იძულებულები იყვნენ დასახლების გარეთ ეცხოვრათ. საზოგადოება მათ დევნიდა, რადგან ეშინოდათ, რომ კეთროვანები სხვებსაც დაასნებოვნებდნენ, თუმცა უფალი წინ აღუდგა სტერეოტიპებს და ორი რამ მოიმოქმედა: შეეხო კეთროვანს და განკურნა იგი.

 

“იესო განკაცდა, რათა შეხებოდა ჩვენს უძლურებებს, ჩვენს ცოდვებს. იესოს მიბაძვისას მოწაფეებს უნდა უკუეგდოთ ეგოიზმი და წინაღობები, რომლებიც მათ აშორებდათ მოყვასს და კეტავდა შიშის წრეში. ასეთი სულიერი კეთრის წამალი სიყვარული და თანაგრძნობაა”, - განმარტა პაპმა.

 

“ადამიანს განკურნებისათვის უფლის შეხება სჭირდება. ლოცვით, თაყვანისცემით, სიტყვითა და საიდუმლოებებით იესოს საშუალებას  ვაძლევთ ჩვენში შიგნიდან იმოქმედოს, გაგვათავისუფლოს ცოდვისგან და ჩაკეტილობისგან. ქრისტეს ჩვენდამი შეხებით იბადება ჩვენში უკეთესი, განახლდება გული, ხორცდება წარსული შეცდომების ჭრილობები, ურთიერთობები უფრო ჯანსაღი ხდება და ვიძენთ უშიშარი და წინაღობის გარეშე დარჩენილ სიყვარულის უნარს. ხელახლა დაბადების სასწაული შეიძლება ყოველდღიურად ხდებოდეს ოჯახებში, სამსახურში, საზოგადოებაში, სხვებისადმი მსახურებისას, როცა არ ფიქრობ საკუთარი თავის განდიდებაზე. ასეთი სიყვარულის ნიმუში არის წმინდა მარია ანტონია დე პას ფიგერო. სირთულეების მიუხედავად, იგი თავგანწირვით ეხმარებოდა სხვებს, რათა შეეგრძნოთ იესოს შეხება და დარწმუნებული იყო, რომ მოთმინება კარგი იყო, ხოლო სიმტკიცე – უკეთესი”. 

 

“დაე, წმინდა მარია ანტონიას მაგალითითა და შუამდგომლობით გავიზარდოთ გულმოწყალებაში, ქრისტეს გულის მიბაძვით”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

 

წმინდა წირვისას პაპმა ასევე ისაუბრა ლურდის ღვთისმშობლის სასწაულზე, მის ძალასა და მადლზე.

 

“სნეულებზე ზრუნვა ნიშნავს იზრუნო ყველანაირი გაგებით. ღმერთის, მოყვასის, ახლობლების, მეგობრების, სამედიცინო პერსონალის, ქმნილებების და საკუთარი თავის მეშვეობით. ეს უმთავრესი თერაპიაა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა დანერგოს სნეულებთან მიმართ, რათა განვკურნოთ ჩვენი საზოგადოების სნეულებები. სნეულთა მდგომარეობა გვაიძულებს შევანელოთ ტემპი, რომელშიც ჩაძირულნი ვართ და კვლავ ვიპოვოთ საკუთარი თავი”, - აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.

 

“სნეულები, ღარიბები და უძლურები ეკლესიის გულში არიან და ასევე, ჩვენი, ადამიანური ყურადღებისა და მწყემსური საზრუნავის ცენტრში უნდა იყვნენ”, - თქვა ქადაგების ბოლოს წმინდა მამამ.

 შოთა გიქოშვილი

 

コメント


bottom of page