top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნეტარი ქალწულ მარიამ დედუფლის მოხსენიება

„როდესაც იგი გახდა შემოქმედის დედა, იგი ჭეშმარიტად გახდა ყოველი ქმნილების დედოფალი“ – წმინდა იოანე დამასკე.


22 აგვისტოს კათოლიკე ეკლესიაში მარიამ დედუფლის მოხსენიებაა. ამ დღეს ეკლესია მარიამ იხსენებს, როგორც ცისა და მიწის დედოფალს.



მარიამის ზეცად აღყვანების დღესასწაულიდან რვა დღის შემდეგ, ეკლესია ლიტურგიულად ზეიმობს ნეტარ ქალწულ მარიამ დედუფლის სავალდებულო მოხსენიებას, რომელიც 1954 წელს დაადგინა პაპმა პიუს XII–მ ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დოგმატის მიღებიდან 100 წლისთავზე (1854 წლის 8 დეკემბერი).


IV საუკუნეში წმიდა ეფრემი მარიამს „ქალბატონს“ და „დედოფალს“ უწოდებს. მოგვიანებით, ეკლესიის მამებმა განაგრძეს ტიტულის გამოყენება.


XI-XIII საუკუნეების საგალობლებში მარიამი მოიხსენიება დედოფლად: „ჰოი, წმიდაო დედოფალო“, „ჰოი, ზეცის დედოფალო“... ასევე დომინიკელთა „სავარდი“, ფრანცისკანური „გვირგვინი“ და მარიამის ლიტანიები, აღნიშნავს მის დედოფლობას.


ღვთისმშობელს, როგორც ქალწულსა და დედუფალს ქრისტიანები დიდი ხანია მიაგებენ პატივს. ამის დასტურად, მის ხატებსა და ქანდაკებებს გვირგვინით ამკობენ.


VIII საუკუნეში ხატმებრძოლეობის ჟამს მიღებული იყო ღვთისმშობლის ხატის ან ქანდაკების გვირგვინით არასაჯაროდ შემკობის ჩვეულება. 732 წელს, პაპმა გრიგორ III–მ ღვთისმშობლის ხატი შეამკო ოქროსა და მარგალიტებით მოჭედილი გვირგვინით. 838 წელს კი, პაპმა გრიგორ IV-მმსგავსი გვირგვინი შესწირა ღვთისმშობელს რომში, წმინდა კალიქტსეს ტაძარში.


აღნიშნული ჩვეულება, XVIIსაუკუნიდან წმინდა საყდარში ოფიციალურ ტრადიციად იქცა. თავდაპირველად, სასწაულებრივი ხატების გვირგვინით შემკობა დაიწყეს იტალიაში, მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.


პირველი ხატი, რომელიც პაპის გვირგვინით შეიმკო, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ზაქრისტიაში არსებული ღვთისმშობლის ხატი იყო. (რომი, 1631 წელი).


“როგორ ახერხებს მარიამი დედუფლობას, მსახურებას, სიყვარულსადა სიფხიზლეს ჩვენზე, თავის შვილებზე? იმ შვილებზე, რომლებიც მასთან ლოცვებით ბრუნდებიან, რათა მადლობა შესწირონ ან გამოსთხოვონ დედობრივი ზრუნვა და ზეციური დახმარება. შეიძლება გზა აებნათ, ტკივილით განიმსჭვალნენ ან ცხოვრებისეული სირთულეებით დამძიმებულები, ცხოვრების ბნელ მომენტებში ბრუნდებიან მარიამთან ლოცვებით. ევედრებიან მის დაუღლელ შუამდგომლობას, რათა გააერთიანოს თავის ძეში ყოველგვარი მადლითა და გულმოწყალებით, რომელიც ესოდენ გვჭირდება ამ სამყაროში მომლოცველობის გზაზე. მასთან, ვინც განაგებს სამყაროს და ხელთ უპყრია ყოველივეს ბედი, მივმართოთ სასოებით ქალწული მარიამის შუამდგომლობით. მას, საუკუნეების მანძილზე მოიხსენიებენ, როგორც ანგელოზთა, პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წამებულთა, აღმსარებელთა, ქალწულთა, ყოველთა წმინდანთა და ოჯახების დედუფლად. ძველი ლოცვები და სავედრებლები, როგორებიცაამაგალითად: Salve Regina (იხარე დედუფალო) გვეხმარება გავიგოთ, რომ უწმინდესი ქალწული, როგორც ჩვენი დედა, რომელიც არის თავისი ძის, იესოს გვერდით ზეციურ დიდებაში, ყოველთვის ჩვენს გვერდითაა,მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ასე რომ, ტიტული „დედუფალი“ არის სასოების, სიხარულისა და სიყვარულის ტიტული. ვიცით, რომ ის, ვინც ნაწილობრივ განაგებს სამყაროს ბედს, არის კეთილი. ვუყვარვართ და გვეხმარება სირთულეების ჟამს”, – პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე.


1954 წელს ენციკლიკაში „ზეცის დედოფლისადმი“ პიუს XII აღნიშნავს, რომ მარიამი იმსახურებს დედოფლის ტიტულს, რადგან ის არის ღვთისმშობელი და მჭიდროდ არის დაკავშირებული, იესოს გამომსყიდველ საქმესთან, მისი გამორჩეული სრულყოფილებისა და შუამავლობითი ძალის გამო.


Catholic.ge

Comments


bottom of page