ქართველი კათოლიკე ახალგარზდები რომში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემულ ტაძარს ეხმაურებიან. კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი, სოციალურ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წერილს ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 17 ივნისს, რომში კათოლიკური ტაძრის მართლმადიდებლებისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემას დაესწრო, კათოლიკე ახალგაზრდები ახსენებენ, რომ საქრთველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე წლებია 6 კათოლიკური ტაძარი აქვს მითვისებული და სარგებლობს.
Catholic.ge კათოლიკე ახალგაზრდების წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო,
ვხედავთ, თქვენი ვიზიტი ვატიკანში წარმატებული გამოდგა რომში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის, უშედეგო და ცარიელი! მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, ნუთუ არ გაგახსენდათ ქართველი კათოლიკეების ის ექვსი ტაძარი, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ გვიბრუნებს, ნუთუ არ გაგხსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ, როცა დიდი სიამაყით უცქერდით ვატიკანის არქივში დაცულ მასალებს საქართველოს შესახებ, მაშინ იქნებ გეფიქრათ, რას შეინახავენ 100 წლის შემდეგ, ალბათ იმას, რომ ჩვენ ქართველი კათოლიკეებს ისე გვექცევიან, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში! დიახ სტუმრები, უუფლებო სტუმრები, რომლებსაც არც ძველ ეკლესიებს უბრუნებენ, არც ახლის აშენების უფლებას აძლევენ და არც იმას უკანონებენ, რაც მათია. (აქ შევჩერდებით, ყველა პრობლემის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი ნაშრომი დასჭირდება).
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ქართველი კათოლიკეები, აი იმ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ, რომელთა ღვაწლი თქვენთვის კარგადაა ცნობილი, იმედია, გახსოვთ ფალიაშვილი, ზუბალაშვილები, ოცხელები, მელიქიშვილი და სხვა მრავალნი.
პაპის საჩუქარი, რომელმაც ამხელა სიხარული გამოიწვია, თქვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი საპატრიარქოსთვის, ვფიქრობთ მინიშნებაა, იმედს ვიტოვებთ, თქვენ მიხვდებით, რისი თქმა უნდოდა პაპს თქვენთვის!
პატივისცემით, ქართველი კათოლიკე ახალგაზრდები", - წერია წერილში.
catholic.ge
Comments