ევაგრე პონტოელი არის ქრისტიანული ასკეტურ-მისტიკური მწერლობის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელი, მე-4 საუკუნის მეორე ნახევრის საეკლესიო მწერალი და გამოჩენილი მოღვაწე. იგი დაიბადა 346 წელს, რომის იმპერიის, პონტოს პროვინციის ქალაქ ებორაში (ამჟამად ჩრდილოეთ თურქეთი), ადგილობრივი მღვდლის შეძლებულ ოჯახში. სწავლებას კაბადოკიის კესარიაში გადიოდა, რიტორიკული განათლება კი ცნობილმა ფილოსოფოსმა ლიბანიუსმა მისცა.
ევაგრეს შრომები ძირითადად ეხებოდა ბერმონაზვნურ ცხოვრებას; იგი საუბრობს რვა მზაკვრული ფიქრის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას.
ნაყროვანება
ნაყროვანების გზას აყოლილ ადამიანებს სამყარო ეჩვენებათ ერთ უზარმაზარ კერძად, რომელიც უნდა მოიხმარონ. სამყარო მათთვის არ წარმოადგენს დახმარებას ხსნისაკენ მიმავალ გზაზე, არც უფლის არსებობის ხილულ ნიშანს, არამედ ისეთ რაღაცას, რაც უნდა მოინელონ, რაც მათ ეკუთვნით და რაც შეუძლიათ „საკვებად მოიხმარონ“. ასეთი ადამიანები გაუმაძღრობით იტანჯებიან, მათთვის მიღებული არასდროსაა საკმარისი და სულ დამატებას ითხოვენ. ამასთან, ნაყროვანების დემონი ბერს გადამეტებული ჭამისკენ პირდაპირ კი არ უბიძგებს, არამედ იმით აშინებს, რომ ზედმეტად ასკეტური ცხოვრებით შეიძლება ჯანმრთელობას ავნოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნაყროვანების დემონთან სულიერი ბრძოლა ეხება არა უშუალოდ ჭამას, არამედ კონცენტრირდება ჯანმრთელობასა და ფიზიკური თვითგადარჩენის სურვილზე.
სიძვა
გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, სიძვისაკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი ახალგაზრდები კი არ არიან, არამედ, უწინარესად, ისინი, რომელთაც ეჩვენებათ, თითქოს მათი ცხოვრება დღითიდღე თვალსა და ხელს შუა გარბის: „სულ ცოტა ხანი დამრჩა, რამის შეცნობა რომ მოვასწრო, მერე ამის შანსი აღარ მექნება“. მათთვის ცხოვრება ჰგავს საათის ხმამაღალ წიკწიკს, რომელიც შეახსენებს, რომ მათი დრო იწურება; ვფიქრობ, ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ სიძვა.
ადამიანი იმპულსურად იღებს გადაწყვეტილებას, რაც მას სრულიად ბიოლოგიურ სურვილებზე დამოკიდებულს ხდის. სიძვა თავდაპირველად ფიქრებსა და წარმოსახვაში ჩნდება, რასაც შემდეგ ფიზიკური ცოდვის ჩადენა მოსდევს. სიძვასთან ბრძოლა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს, სანამ ის ძლიერ ცდუნებად გადაიქცევა.
ამრიგად, უნდა შევეცადოთ თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, რომელიც შეიძლება ცდუნების წყარო გახდეს. აქედან მოდის ბერის ასეთი რადიკალური დამოკიდებულება ქალებთან ყოველგვარ კონტაქტთან დაკავშირებით (ვლადიმერ ზატორსკი,Włodzimierz Zatorski); მამა გერონტიუსი პეტრადან აღნიშნავდა, რომ ბევრი მათგანი, ვინც ხორციელი სიამოვნებებით არის ცდუნებული, რყვნის არა ხორცს, არამედ სულს; ხორციელ უბიწოებას ინარჩუნებს, სამაგიეროდ, სულს უწმინდურებაში აგდებს; „ამიტომ, საყვარელნო, კარგია შევასრულოთ ის, რაც დაწერილია: რათა ყველა, უპირველეს ყოვლისა, თავის გულს გაუფრთხილდეს“ (მეუდაბნოეთა გამონათქვამები).
ანგარება
ანგარებით შეპყრობილი ადამიანი ვერ ეგუება ამ წუთისოფელში თავისი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას; ანგარება აიძულებს მას, მოიქცეს ისე, თითქოს მისი „შიმშილი“ უნდა დაკმაყოფილდეს აქ და ამჟამად და ამის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი, თუნდაც სხვისი სიცოცხლის ხელყოფა მოუწიოს. ამ დროს იგი თავს ვეღარ აკონტროლებს. ყოველი დაკმაყოფილებული მოთხოვნილება გზას უსხნის მომდევნოს, შემდეგ კი მოთხოვნილება უფრო და უფრო ძლიერდება. ფაქტობრივად, ეს პროცესი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. ანგარების დემონი ადამიანს უბიძგებს არა იმდენად ფულისა თუ სხვა მატერიალური საშუალებების მოპოვებისაკენ, რამდენადაც აშინებს იმით, რომ ხანდაზმულობის ჟამს, როცა ის დაუძლურდება და მუშაობას ვეღარ შეძლებს, სიღარიბეში ცხოვრება მოუწევს. ამიტომ მასში ჩნდება შიმშილის, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებისა და რაიმეს გაკეთების შეუძლებლობის გრძნობა. „ეს საშინელი და დაუოკებელი ვნება, როგორიც არის ანგარება, ვერასდროს ვერ გაძღება და ამ მახეში გამომწყვდეულ სულს საბოლოო დაღუპვა მოელის; ამიტომ თავიდანვე აუცილებელია განვდევნოთ იგი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმხელა ძალას მოიკრებს, რომ ადრე თუ გვიან დაუმარცხებელ მტრად იქცევა“ (მეუდაბნოეთა გამონათქვამები).
მედიდურობა
მედიდურობას ადამიანი საბოლოოდ მიჰყავს სასოწარკვეთამდე, უძლურებამდე, რადგან ადრე თუ გვიან ის აცნობიერებს, რომ საკუთარ და სხვათა მანკიერებებს თავისით ვერ გაუმკლავდება. ამიტომ თავს უფრო გაუსაძლისი შრომისკენ უბიძგებს, მაგრამ ეს არის არა შრომისმოყვარეობა, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, არამედ უფრო ჰგავს სიზიფეს შრომას, რომელიც თავისთავშივე უშედეგოა. რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი, რაც უფრო მეტად ირჯება, მით უფრო იაზრებს, რომ ყველაფერს მაინც ვერ გაუმკლავდება.
საბოლოოდ, მედიდურობის დემონი ათეისტად აქცევს ადამიანს; გვგგონია, რასაც სულიერებაში მივაღწიეთ, მხოლოდ ჩვენი დამსახურებაა, რომ სხვები ჩვენზე უარესები არიან, ვერ ამჩნევენ ჩვენს განსაკუთრებულობას, რაც იწვევს მწუხარებასა და მრისხანებას. ერთმა ძმამ ჰკითხა მამა რუფუსს: „რა არის მოსვენება (hesychia) და რა სარგებელი მოაქვს მას?“ ბერმა მიუგო: ,,მოსვენება ნიშნავს ცხოვრობდე კელიაში, გეშინოდეს და იცნობდე ღმერთს, ემიჯნებოდე შურისძიებასა და მედიდურობას. ასეთი მოსვენება ყველა ღირსების დედაა, რომელიც ბერს მტრის ცეცხლოვანი ისრებისგან იცავს და არ აძლევს საშუალებას, ჭრილობები მიაყენოს მას. ასეა, ძმაო, ამას ეძიებდე და გახსოვდეს, რომ არ იცი, თუ რომელ საათზე მოგაკითხავს სიკვდილი. ამრიგად, იზრუნე საკუთარ სულზე“.
სტანისლავ ციბულსკი
ჟურნალი "საბა" / მაისი, 2023
Comments