top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ომის დროს ნუ შეგეშინდებათ მოლაპარაკებების’ - პაპი ფრანცისკე

თებერვლის დასაწყისში შვეიცარიულ ტელე-რადიო კომპანია RSI - თან პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტ ლორენცო ბუცელის შეკითხვებს უპასუხა. ეს ჩანაწერი ეთერში მარტში გავა. მანამდე კი, ჟურნალისტის კითხვებზე პაპის რამდენიმე პასუხი გასაჯაროვდა. ინტერვიუში ჟურნალისტი შეეხო უკრაინასა და წმიდა მიწაზე ომის დასრულების საკითხსაც.



კითხვაზე, თუ რა სახის რეაგირებაა საჭირო ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ ვითარებაზე, წმინდა მამამ უპასუხა:

 

“ჩვენ უნდა ვიაროთ წინ. ყოველ დღე, საღამოს შვიდ საათზე ვრეკავ ღაზას სამრევლოში, სადაც ექვსასი ადამიანი ცხოვრობს და ისინი საუბრობენ საკუთარი თვალით ნანახზე -  ომზე. ომს ორ მხარე აწარმოებს და არა ერთი. ორივე მხარე უპასუხისმგებლოებია.  ამას გარდა, ომი ჰქვია არა მხოლოდ ჯარებს შორის არსებულ დაპირისპირებას, არამედ პარტიზანულ ომსაც. მაგალითად, ჰამასის მებრძოლები არ მიეკუთვნებიან ჯარს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია”.

 

„უნდა გადავხედოთ ისტორიას, განვლილ ომებს – ყველა ეს ომი მთავრდებოდა ურთიერთშეთანხმების გზით”.

 

ჟურნალისტის შემდეგი კითხვა უკრაინაში არსებულ სიტუაციას შეეხო: “უკრაინაში ზოგიერთები საუბრობენ გაბედულ დათმობაზე, „თეთრი ალმების“ აღმართვაზე. მაგრამ სხვები თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯები ძლიერების ლეგიტიმაციას მოახდენს. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?”

 

“ეს ინტერპრეტაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძლიერი იქნება ის, ვინც აცნობიერებს მდგომარეობას, ფიქრობს ხალხზე და გააჩნია „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. დღეს მოლაპარაკება შესაძლებელია საერთაშორისო ძალების დახმარებით. ‘მოლაპარაკებები’ - ეს საკმაოდ გაბედული სიტყვაა. როცა ხედავ, რომ მარცხდები, საქმე არ მიდის კარგად, უნდა იქონიო  მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა. შეიძლება სირცხვილს განიცდიდეთ, მაგრამ რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად უნდა დამთავრდეს ეს? საჭიროა მოლაპარაკებების თავის დროზე დაწყება, აუცილებელია შუამავალი ქვეყნის მოძებნა. მაგალითად, დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ბევრი გამოთქვამს სურვილს იყოს შუამავალი. ამის შემოთავაზება იყო თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან. არ უნდა შეგვრცხვეს მოლაპარაკებების, სანამ ყველაფერი უფრო არ გაუარესებულა”, – თქვა პაპმა და თავადაც დაადასტურა  შუამავლის როლის აღების მზაობა. მან პირადად გაუგზავნა წერილი ისრაელში ებრაელებს და სთხოვა არსებულ ვითარებაზე დაფიქრდნენ.

 

“მოლაპარაკებები არასდროს არის კაპიტულაცია. აქ საუბარია გამბედაობაზე, ქვეყანა არ მიიყვანო თვითმკვლელობამდე. თავის ისტორიაში, უკრაინელი ერი დაზარალდა სტალინიზმის დროს”.

 

პაპმა გაამყარა ჟურნალისტის მოსაზრება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ომი “ბინძური კოლექტიური ლაქაა”.

 

“ერთი თვის წინ, ხაზინადარი მესაუბრა ვატიკანში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. მან მკითხა ვიცოდი თუ არა, რას მოაქვს ყველაზე დიდი  ინვესტიცია? – „იარაღის ქარხნებში“, – მითხრა მან. მოგება მკვლელობისთვის. შეიარაღების მიმართულებით მომუშავე ქარხნებს მოაქვთ მაქსიმალური მოგება. ომის საშინელია და ის არასდროს არის ‘თეთრი ომი’. ის არის ან შავი, ან სისხლისფერი. ხშირად ვყვები, რომ 2014 წელს, რედიპულიას ომის მემორიალთა ვიზიტისას ვიტირე; იგივე განმეორდა ქალაქ ანციოში ვიზიტისას. ყოველი წლის 2 ნოემბერს მივდივარ სასაფლაოზე და ვლოცულობ მიცვალებულთათვის. ბოლოს მოვინახულე ბრიტანული სამხედრო სასაფლაო და ყურადღება გავამახვილე იქ დაკრძალულთა ასაკზე. ეს საშინელება იყო. ამის შესახებ უკვე ვისაუბრე არაერთხელ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. როდესაც ნორმანდიაში გადმოსხმული დესანტის გახსენების დღე იყო, მთავრობის ყველა მეთაურმა აღნიშნა ეს დღე, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამ სანაპიროზე 20 000 ახალგაზრდა დაიღუპა”.

 

პაპთან ინტერვიუსას შვეიცარიული ტელეარხის ჟურნალისტმა აღნიშნა: “ადამიანს ნათლად შეუძლია წარმოდგენა თუ რა მოაქვს ომებს, მაგრამ მუდმივად უბრუნდება მათ. მე ასევე ვფიქრობ თქვენს მოწოდებებზე… რატომ არ გამოგდით ადამიანებამდე მიიტანოთ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ღუპავს ომი?”

აღნიშნულზე პაპმა უპასუხა:

 

“ორ მაგალითს მოვიყვან. პირველი, რომელიც ყოველთვის გულში ჩამწვდომია ჩემთვის: ეს არის დედის ხატება, რომელმაც მიიღო წერილი შემდეგი სიტყვებით: ‘ქალბატონო, გვაქვს პატივი შეგატყობინოთ, რომ თქვენი შვილი გმირია და აჰა, მისი ჯილდო’. თუმცა დედისთვის მნიშვნელოვანია შვილი და არა მისი ჯილდო. მას შვილი წაართვეს და მისცეს ჯილდო. დედა თავს მოტყუებულად გრძნობს.

 

აი, მეორე მაგალითი:  სლოვაკეთში ვიზიტის დროს, დაგეგმილი იყო ჩემი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ვერტმფრენით გადაფრენა, მაგრამ  უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. მე გავემგზავრე ავტომობილით და გზად რამდენიმე პატარა სოფელი გავიარე. ხალხმა რადიოში მოისმინა, რომ მათ სიახლოვეს ჩაივლის პაპი და გამოდიოდნენ ქუჩებში ჩემს სანახავად. იქ იყვნენ პატარა ბავშვები, ახალგაზრდა წყვილები და ბებიები. თუმცა არ იყვნენ ბაბუები და ეს იყო ომის შედეგი. ომი სიგიჟეა!”.

 

პაპთან საუბრისას, ლორენცო ბუჩელიმ ხაზი გაუსვა მშვიდობის ნიშანს და თქვა, რომ მტრედი მშვიდობის სიმბოლოა, ნიშანი ომის დასრულებისა, თუმცა დასრულების შემდეგ იწყება ომის შემდგომი პერიოდი - დრო ბევრი და ღრმა ჭრილობის მოშუშებისა.

 

ამაზე წმინდა მამამ თქვა, რომ მის მეხსიერებაში აღიბეჭდა ერთი ნიშანდობლივი სურათი:

 

“ერთ-ერთ მოსახსენიებელ ღონისძიებაზე უნდა მესაუბრა მშვიდობაზე და გამეშვა ორი მტრედი. როცა პირველად წმინდა პეტრეს მოედანზე იგივე გავაკეთე და მტრედი გავუშვი, უეცრად ყორანმა გაუფრინა და მოიტაცა. ეს იყო სასტიკად სანახავი და ძალიან ჰგავდა იმას, რაც ომში ხდება. ბევრი უდანაშაულო ბავშვი ვერ ხდება ზრდასრული, ბევრი ბავშვისთვის წართმეულია მომავალი. აქ, (ვატიკანში) ჩვენთან ხშირად მოდიან უკრაინელი ბავშვები, რომლებიც გამოექცნენ ომს. მისალმებისას, არც ერთი მათგანი არ იღიმის, თითქოს არ ჰქონდეთ მომავალი. გთხოვთ, ვიფიქროთ ამაზე. ომი ყოველთვის მარცხია, მარცხი არა გეოგრაფიული, არამედ კაცობრიობის”.

 

ჟურნალისტის კითხვაზე – “როგორ რეაგირებენ ძლიერნი ამა სოფლისა, როცა სთხოვთ მათ მშვიდობას”? ამ კითხვაზე პაპმა შემდეგნაირად უპასუხა:

 

“ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სწორია, თუმცა ვალდებულნი ვართ თავი დავიცვათო. შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ აქვთ საავიაციო ქარხანა, რათა დაბომბონ სხვები. არა თავდაცვის, არამედ განადგურების მიზნით. რითი სრულდება ომი? სიკვდილით, ნგრევით, დაობლებით. ყოველთვის არსებობს რაიმე გეოგრაფიული ან ისტორიული სიტუაცია, რომელიც ახდენს ომის პროვოცირებას. გარკვეული ომი პრაქტიკული წარმოდგენებიდან შეიძლება სამართლიანი ჩანდეს, თუმცა ომის მიღმა ყოველთვის იარაღის ინდუსტრიაა, ეს კი ნიშნავს ფინანსურ მოგებას. ომი ყოველთვის წყვდიადია, სიბნელის ძალაუფლება. სინათლე ასოცირდება უდანაშაულობასთან, სიკეთესა და სხვა უამრავ მშვენიერ რამესთან. წყვდიადზე საუბრისას ვგულისხმობთ სიბნელის სამეფოს. ის, რისი გაგებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ის რაც უსამართლოა. ამაზე საუბარია ბიბლიაშიც –  სიბნელეს აქვს ძლიერი დამანგრეველი ძალა, როცა ვიღაცა მიდის მკვლელობაზე, გავიხსენოთ კაენი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის ხდება პირქუში ადამიანი, როგორც ვიღაც, ვინც მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ზრუნავს“.

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

Comentários


bottom of page