• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ორმა კათოლიკე მონაზონმა საქართველოში მისია დაასრულა


წმ. ნინოს კონგრეგაციის მონაზონმა, პასკალინა კასოლინემ და სალეზიანელთა ორდენის მონაზონმა, მალგოჟატა პეტრუშჩაკმა საქართველოში საკუთარი მისია დაასრულეს და ქვეყნიდან გაემგზავრნენ. სექტემბრიდან ორივე მონაზონი მოღვაწეობას სხვა ქვეყნებში აგრძელებს.


და პასკალინა კასოლინე

მონაზონი პასკალინა კასოლინე საქართველოში 14 წლის წინ, 2007 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა. მან მისია წმ. ნინოს კონგრეგაციის კიდევ ორ მონაზონთან, და მარინოელთან და და ჟიზელთან ერთად დაიწყო.


მონაზონი კონგოდანაა, ამიტომ ქართული ენის შესასწავლად, ჩამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თბილისში ცხოვრობდა.


2008 წლიდან კონგრეგაციის დებმა მუშაობა ახალციხის სამრევლოში დაიწყეს და აქვე ცხოვრობდნენ.


2010 წელს, და პასკალინამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ახალციხეში დღის ცენტრის გახსნა, სახელწოდებით „ტალიტა კუმი“. იგი ბენეფიციარებს კარდაკარ, მთელს ქალაქში აგროვებდა და სახლიდან გარეთ გასვლის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა მათ და მშობლებს.


„ვმუშაობდით ერთად მე და ჩემი მონაზვნები, მელანო ჩილინგარაშვილი, მამა პავლე დილისა და მამა ზურაბ კაკაჩიშვილის დახმარებით“, – ამბობს მონაზონი.


მას შემდეგ, რაც ცენტრი გაფართოვდა და კამილიელთა სამედიცინო დაწესებულების ბაზას შეუერთდა, და პასკალინა სასწავლებლად თბილისში გადავიდა, სადაც 6.5 წელი მედიცინის დარგს სწავლობდა.


„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქრისტიანული სარწმუნოება გავუზიარე ახალციხის სამრევლოს კათოლიკეებს და ასევე ძალიან მიხარია, რომ აღმოვაჩინე ქვეყანა, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა“, – ამბობს და პასკალინა კასოლინე.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რადგან მათთვის ეს დიდი აუცილებლობას წარმოადგენდა.


„მე ასევე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ „ტალიტა კუმი“ კარგად განვითარდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იქ პოულობს ბედნიერებას, სიცოცხლეს, სიყვარულს.... იმ დღეს, როდესაც ეს დავიწყე, არ ვიცოდი, რომ ასეთი გაფართოვდებოდა, როგორც ის დღეს არის. მადლობას ვუხდი ამისთვის ღმერთს“.


კონგოელმა მონაზონმა ქართულ რეალობაში ადაპტაცია მალე მოახერხა, ქართულიც ისწავლა და მეზობლებთან ინტეგრაციაც შეძლო: „ქართველები აფრიკელებივით თბილი ადამიანები არიან და უყვართ სტუმრები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამეხმარა სხვადასხვა ფორმით, რათა თავი კარგად მეგრძნო აქ, საქართველოში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა“.


სექტემბრიდან და პასკალინა კასოლინე მუშაობას სამშობლოში, კონგოში გააგრძელებს და საქართველოში მიღებულ ცოდნით ახლა სხვებს დაეხმარება: „ვბრუნდები აფრიკაში, კონგოში. ის, რაც მე ვისწავლე სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩემთვის ძალიან სასარგებლოა და ჩემს ქვეყანას უფრო გამოადგება, ვიდრე საქართველოს. გარდა ამისა, ჩემს კონგრეგაციას ჩემი დახმარება სჭირდება, კონგოში წმინდა ნინოს საავადმყოფოში“, – ამბობს მონაზონი.


და მალგოჟატა პეტრუშჩაკი

სალეზიანელთა ორდენის მონაზონი და მალგოჟატა პეტრუშჩაკი საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა. იგი თბილისში ამავე ორდენის დებთან ერთად ცხოვრობდა და აქტიურად მუშაობდა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან.



„საქართველოში გატარებული დრო ძალიან ლამაზი და ნაყოფიერი იყო, მივიღე ახალი გამოცდილება. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა - ხალხთან შეხვედრაა“, – ამბობს Catholic.ge–სთან მონაზონი.


აგვისტოს დასაწყისში და მალგოჟატა აღმოსავლეთ ევროპის ვიცე–პროვინციალად დაინიშნა. ეს თანამდებობა მოიცავს მუშობას ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში. ახალი პოსტიდან გამომდინარე „დედა გენერლის თხოვნითა და გადაწყვეტილებით“ და მალგოჟატამ საქართველო დატოვა.

იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ კიევში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ ადგილის შეცვლა და გადაბარგება ხშირად მოუწევს.



მონაზვნები: პასკალინა კასოლინე და მალგოჟატა პეტრუშჩაკი საქართველოში მოღვაწე დებმა ერთობლივად გააცილეს. გამოსამშვიდობებელი საღამო ახალციხეში, რაბათის დედათა მონასტერში გაიმართა.



catholic.ge