პორტუგალიის ქალაქ ფატიმიდან ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანებისთვის კათოლიკე ეკლესია უკვე ერთი წელია აქტიურად ემზადება. ეს კათოლიკეებისთვის 2021 წლის ერთ–ერთ მთავარ მოვლენას წარმოადგენდა. ქანდაკება საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა ჩამოებრძანებინათ და გეგმის მიხედვით, ქვეყნის ყველა კათოლიკურ სამრევლოში იქნებოდა დაბრძანებული.
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქანდაკებით ჩამობრძანების თარიღი გადაიდო.
„მას შემდეგ, რაც მოვუსმინე და რჩევას დავეკითხე არაერთ პიროვნებას, ჩვენი ქვეყნის კოვიდმდგომარეობის გათვალისწინებით, მსურს რა, რომ ფატიმის ღვთისმშობლის ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისას არავის შევუქმნა დაბრკოლება ამ მოვლენაში სრული და ქმედითი მონაწილეობის მიღებაში, და ვხედავ, რომ რთული იქნება კოვიდსაწინააღმდეგო ზომების გათვალისწინებით ყველაფრის ორგანიზება, გადავწყვიტე არცთუ უყოყმანოდ, მის აღმატებულება ნუნციუს ჟოზე აველინო ბეტანკურთან სრულ თანხმობაში, გადავდო ეს მომლოცველობა, რომელიც დანიშნული იყო ა.წ. ოქტომბრის პირველი ნახევრისთვის", – წერია ეპისკოპოსის წერილში.
მისივე თქმით, შესაძლოა პორტუგალიის ფატიმის სანკტუარიუმიდან ქანდაკების ჩამობრძანების ახალი თარიღი, პანდემიის გათვალისწინებით, მომავალი გაზაფხული ან შემოდგომა იყოს.
"მოვუხმობ ყოველ სამრევლოს, განვლოს მომავალი თვეები თავისი პასტორალური გზის მარიამისათვის მინდობით. ვთხოვ, მომამზადებელ კომისიას, თვალყური ადევნოს და უმეგზუროს მოლოდინის ამ ახალ პერიოდს და გაამდიდროს ის ახალი წინადადებებით“, – წერია საგანგებო წერილში.
ფატიმიდან ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანება საქართველოში დაგეგმილი იყო 28 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
ქანდაკების საქართველოში ჩამობრძანების იდეას მხარს უჭერდა წმინდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური. გასული წლის განმავლობაში ეკლესია აქტიურად ემზადებოდა ამ მოვლენისთვის.
„ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანების იდეა დაიბდა ნუნცის (ვატიკანის ელჩი საქართველოსა და სომხეთში), ჟოზე ბეტანკურის ჩართულობით. იგი დაბადებულია პორტუგალიაში და ფატიმაშითავს გრძნობს, როგორც სახლში. ჩვენ გვსურს, რომ ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებამ მოილოცოს ყველა საკრებულო. ჩვენ ასევე ორგანიზებას ვუწევთ საწყსო გეგმებს მთელი წლისათვის. შევეცდებით ქართულ საზოგადოებას მივცეთ საშუალება შეხვდნენ იმას, რაზეც კომუნისტების პერიოდშიც კი გაგონილი ჰქონდათ“, - აღნიშავდა კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი 2020 წლის დეკემბერში, როცა ქანდაკების ჩამობრძანებისთვის მზადება დაიწყო.
catholic.ge
Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები
Opmerkingen