'პაპის მემკვიდრეობა შესაძლოა, გულმოწყალებაში გატარებული ცხოვრება იყოს' | კარდინალი პაროლინი
- catholic.ge
- Apr 27
- 1 min read
27 აპრილს, დილით, ღვთაებრივი გულმოწყალების კვირა დღეს, კარდინალი პიეტრო პაროლინი წმიდა პეტრეს მოედანზე გაუძღვა საზეიმო წმიდა წირვას.

მოედანი კვლავ აივსო მორწმუნეებით, ვატიკანის თანამშრომლებითა და 200 000–მდე ახალგაზრდით, რომლებიც რომში ჩავიდნენ საიუბილეო წელთან დაკავშირებით.
ქადაგებაში, კარდინალმა გაიხსენა პაპ ფრანცისკეს უმნიშვნელოვანესი სულიერი მემკვიდრეობა - გულმოწყალება, რომელმაც შთააგონა მისი სამოციქულო მოღვაწეობა და მისი პონტიფიკატის ბირთვი გახდა: „როგორც წმიდა მამა დაუღალავად ხაზს უსვამდა, ეს „თავად ღვთის სახელია“ და არ შეიძლება შეიზღუდოს რაიმე ადამიანური ჩარჩოებით“.
იერარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პაპისადმი სიყვარული არ უნდა დარჩეს წარმავალ გრძნობად: „მისი მემკვიდრეობის მიღება ნიშნავს, რომ გულმოწყალება ცხოვრების ნორმად ვაქციოთ, თავი მივუძღვნათ ღვთაებრივ პატიებას და ვისწავლოთ ერთმანეთის პატიება. პაპი ფრანცისკე გახდა ეკლესიის ნათელი მოწმე, რომელიც ნაზად იხრებოდა გულნატკენთა წინაშე და მათ გულმოწყალების ბალზამით კურნავდა. მხოლოდ გულმოწყალებას შეუძლია გულების განკურნება. უნდობლობის, ძალადობისა და სიძულვილის ალის ჩაქრობა და ახალი სამყაროს შექმნა - ასეთია პაპ ფრანცისკეს დიდი სწავლება“.
„ამ კვირა დღის სახარება, მოგვითხრობს, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ, მოციქულები დაბნეულები არიან. კარდინალმა აღნიშნა, რომ პაპ ფრანცისკეს დაკარგვისას მორწმუნეებს მსგავსი გრძნობები აქვთ: განიცდიან ტკივილს, მწუხარებას, დაბნეულობას. მაგრამ აღდგომის სიხარული განსაცდელის გადატანის ძალას გვაძლევს და დღეს ეს თითქმის ხელშესახებია წმიდა პეტრეს მოედანზე. ეს ყველაფერი აღბეჭდილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოზარდების სახეებზე. ეკლესია სულიერად იღებს სტუმრებს და იზიარებს იმ სიყვარულს, რომლის გამოხატვაც თითოეული მათგანისთვის პაპ ფრანცისკეს პირადად სურდა“, – განმარტა კარდინალმა პაროლინიმ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments