25 დეკემბერს შუადღისას უწმიდესმა მამა ფრანცისკემ მორწმუნეებს და ყველა კეთილი ნების ადამიანს ტრადიციული საშობაო გზავნილით მიმართა და საზეიმო სამოციქულო კურთხევა Urbi et Orbi - „ქალაქი და მსოფლიოს” გადასცა.

Catholic.ge გთავაზობთ წმინდა მამის 2021 წლის საშობაო გზავნილს უცვლელად:
„სიტყვა განკაცდა, რათა შევიდეს ჩვენთან თანაზიარებაში. ღმერთს სურს არა მონოლოგი, არამედ დიალოგი, რადგან ღმერთი თავად არის მამა და ძე და სულიწმიდა,რომელიც არის დიალოგი, სიყვარულის მარადიული და უსაზღვრო ერთობა და ცხოვრება. ხორცშესხმული სიტყვის სახით სამყაროში მოსულმა ღმერთმა გვაჩვენა შეხვედრისა და დიალოგის გზა. უფრო მეტიც, მან თავად განასახიერა ეს გზა საკუთარ თავში, რათა შეგვეძლოს მისი შეცნობა და სვლა რწმენით და იმედით.
დებო და ძმებო. რა იქნებოდა ჩვენი სამყარო უამრავი სუფთა და გულუხვი ადამიანის მომთმენი დიალოგის გარეშე, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ კავშირი ოჯახსა და საზოგადოებას შორის? (ენციკლიკა Fratelli tutti, 198). ამ პანდემიის დროს ჩვენ კიდევ უფრო ვაცნობიერებთ ამის შესახებ. ჩვენი სოციალიზაციის უნარი მკაცრ გამოცდას განიცდის, იზრდება მიდრეკილება საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ, მარტოობისკენ, იზრდება უარის თქმის რისკი გარეთ გასვლაზე, შეხვედრაზე, ერთად რაიმეს გაკეთებაზე. ანალოგიურად, საერთაშორისო დონეზე, არსებობს დიალოგში ჩართვის სურვილის არარსებობის რისკი, რისკი იმისა, რომ რთული კრიზისი მოკლე გზით წაიყვანს დიალოგს უფრო გრძელი გზების გვერდის ავლით, ფაქტობრივად, მხოლოდ დიალოგი იძლევა კონფლიქტების მოგვარების ორმხრივი და გრძელვადიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობას.
მართლაც, სანამ ჩვენს ირგვლივ და მთელს მსოფლიოში ჟღერს ჭეშმარიტი მშვიდობის წყაროს, მაცხოვრის დაბადების უწყების შესახებ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ბევრ კონფლიქტს, კრიზისს და წინააღმდეგობას. როგორც ჩანს, ისინი არასოდეს მთავრდება და ჩვენ მათ თითქმის აღარ ვამჩნევთ. ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ უზარმაზარი ტრაგედიები უხმოდ ჩაგვივლიან ხოლმე გვერდს და რისკის წინაშე ვდგავართ გულგრილი დავრჩეთ მრავალი ჩვენი ძმისა და დის ტკივილისა და სასოწარკვეთის მიმართ.
განვიხილოთ სირიელი ხალხი, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ომში, რომელმაც მრავალი მსხვერპლი გამოიწვია და უთვალავი ლტოლვილი გააჩინა. გავიხსენოთ ერაყი, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ ფეხზე წამოდგომა. ჩვენ გვესმის ბავშვების ტირილი იემენიდან, სადაც მსოფლიო საზოგადოების დუმილის ფონზე მრავალი წელია ხდება სასტიკი ტრაგედია, რომელსაც ყოველდღე სიკვდილი მოაქვს.
გავიხსენოთ ისრაელიანებსა და პალესტინელებს შორის მუდმივი დაძაბულობა, რომელიც გრძელდება გამოსავლის ძიების გარეშე და იწვევს სულ უფრო სერიოზულ სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს. არ დავივიწყოთ ბეთლემი, ადგილი, სადაც იესო მოევლინა ქვეყანას, ეს ქალაქი რთულ დროს გადის, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ხელს უშლის მომლოცველებს წმინდა მიწაზე მოლოცვას, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ცხოვრებაზე. გავიხსენოთ ლიბანი, რომელიც განიცდის უპრეცედენტო კრიზისს, რომლის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს.
მაგრამ ახლა, ღამის გაუვალ სიბნელეში, იმედის ნიშანი გაბრწყინდა! ახლა „სიყვარული, რომელიც ამოძრავებს მზესა და მნათობებს“ (სამოთხე, XXXIII, 145), როგორც დანტე ამბობს, განკაცდა. ის მოვიდა ადამიანის სახით, გაყო ჩვენი დრამები და დაანგრია ჩვენი გულგრილობის კედელი. ღამის სიცივეში ის ხელებს გვიწვდის: ამ ბავშვს ყველაფერი სჭირდება, მაგრამ ის მოვიდა, რომ ყველაფერი მოგვცეს. ჩვენ ვთხოვთ მას, მოგვცეს ძალა, რომ დასაბამი დავუდოთ დიალოგს. ამ დღესასწაულზე ჩვენ ვევედრებით მას, რომ ყველა ადამიანის გულში გააღვიძოს შერიგებისა და ძმობის სურვილი. მისდამი აღვავლენთ ჩვენს ლოცვას.
ყრმა იესო, მიეცი მშვიდობა და ჰარმონია ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს. დაეხმარე მათ, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს სამშობლოდან იძულებით გაქცეულ ადამიანებს, ანუგეშე ავღანელი ხალხი რომელიც ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდა კონფლიქტებს, რამაც ბევრი აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა.
ხალხების მეფეო, დაეხმარე პოლიტიკურ ხელისუფლებას დაძაბულობისა და კონფლიქტების შედეგად შეძრწუნებული საზოგადოებების დამშვიდებაში. გვერდით დაუდექი მიანმარის ხალხს, სადაც შეუწყნარებლობა და ძალადობა ხშირად აზიანებს ქრისტიანულ საზოგადოებას და თაყვანისცემის ადგილებს და აბნელებს ამ ხალხის მშვიდობიანი ფონს.
იყავი ნათელი და დამხრამე მათი, ვისაც სჯერა და იღვწის თუნდაც დინების საწინააღმდეგოდ, შეხვედრისა და დიალოგის მხარდასაჭერად და არ დაუშვა უკრაინაში ავთვისებიანი კონფლიქტის მეტასტაზების გავრცელება.
მშვიდობის უფლისწულო, დაეხმარე ეთიოპიას, იპოვოს შერიგებისა და მშვიდობის გზა გულწრფელი დიალოგის მეშვეობით, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ხალხის საჭიროებებს. ისმინე საჰელის რეგიონის ხალხების ძახილი, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების მიერ. მიაპყარ შენი მზერა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ხალხებისკენ, რომლებიც განიცდიან კონფლიქტებს, უმუშევრობას და ეკონომიკურ უთანასწორობას, შეამსუბუქე მრავალი ძმისა და დის ტანჯვა, რომლებიც განიცდიან შიდა კონფლიქტებს სამხრეთ სუდანში.
ჰქმენ, რომ დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ყველა ადამიანის უფლებებისა და კულტურული ფასეულობების აღიარებით ამერიკის კონტინენტის ხალხთა გულებში გაიმარჯვოს სოლიდარობის, შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უფლებამ.
ძეო ღვთისა, ანუგეშე ძალადობის მსხვერპლი ქალები, განსაკუთრებით ამ პანდემიის დროს. მიჰმადლე იმედი ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც გახდნენ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი. მიეცი სითბო და სიყვარული ხანდაზმულებს, განსაკუთრებით მარტოხელებს. მიანიჭე ოჯახებს მშვიდობა და ერთიანობა, ოჯახებს, რომლებიც არის აღზრდის მთავარი ადგილი და საზოგადოების საფუძველი.
ღმერთმა დაიფაროს, დალოცოს ავადმყოფები და შთააგონოს კეთილი ნების მქონე ყველა ადამიანს, იპოვონ საუკეთესო გამოსავალი ჯანმრთელობის კრიზისისა და მისი შედეგების დასაძლევად იყავ გულუხვი რათა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, მიიღონ საჭირო მკურნალობა, განსაკუთრებით ვაქცინა. დააჯილდოვე ისინი, ვინც ზრუნავს და ერთგულებას იჩენს ოჯახის წევრების, ავადმყოფებისა და სუსტების მოვლისას.
ბეთლემის ყრმავ, დაე, ყველა სამოქალაქო და სამხედრო ტყვე და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სახლში ბოლო კონფლიქტებიდან. ნუ დავრჩებით გულგრილები მიგრანტების, ლტოლვილების და დევნილთა ბედის მიმართ. მათი თვალები გვთხოვენ, რომ არ გადავუხვიოთ, არ ვუღალატოთ კაცობრიობას, რომელიც გვაერთიანებს, თავი წარმოვიდგინოთ მათ ადგილას და არ დავივიწყოთ მათი ტრაგედია.
განკაცებულო მარადიულო სიტყვავ,დაგვეხმარე ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე, რომელიც ასევე განიცდის უგულებელყოფას, რომელსაც ხშირად ვეპყრობით უდიერად და იქნას პოლიტიკური ძალაუფლების მქონეთა მიერ შეთანხმება ნაპოვნი, რომ ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში.
ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენი დროის სიძნელეები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო ძლიერია, რადგან „ბავშვი ჩვენთან დაიბადა“ (ეს. 9:5). ის არის ღვთის სიტყვა და ის გახდა ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ტირილი შეუძლია და ყველაფერი სჭირდება. მას სურდა ესწავლა ლაპარაკი, როგორც ყველა ბავშვს, რათა ვისწავლოთ ღმერთის, ჩვენი მამის მოსმენა, ერთმანეთის მოსმენა და დიალოგის წარმართვა, როგორც დებმა და ძმებმა.
ქრისტე, ჩვენი გულისთვის დაბადებულო გვასწავლე შენთან ერთად ვიაროთ ამქვეყნიური გზებით“.
ყველას გილოცავთ შობას!
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი