• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი: "ზოგს სურდა ჩემი სიკვდილი, ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე“



12 სექტემბერს, სლოვაკეთში იეზუიტებთან შეხვედრისას, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ივლისში, როცა მას მსხვილი ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი სიკვდილი სურდათ.


როგორც კათოლიკური სააგენტო Catholic News Agency წერს,12 სექტემბერს სკოლვაკეთში იეზუიტებთან პაპის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის ტექსტი იეზუიტურმა ჟურნალმა La Civiltà Cattolica– მ, 21 სექტემბერს გამოაქვეყნა.


მას შემდეგ რაც შეხვედრისას იეზუიტმა მღვდელმა პაპს ჰკითხა, როგორ იყო, წმინდა მამამ უპასუხა: ”ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ჩემი სიკვდილი სურდა”.


”მე ვიცი, რომ იყო შეხვედრები პრელატებს (უმაღლესი სასულიერო პირი c.g) შორის, რომლებიც თვლიდნენ, რომ პაპის მდგომარეობა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ეს ოფიციალურად ცხადდებოდა. ისინი ემზადებოდნენ კონკლავისთვის”, - თქვა პაპმა და დაამატა: "მოთმინება! მადლობა ღმერთს, მე კარგად ვარ“.


პაპი ქირურგიული ოპერაციისთვის საავადმყოფოში 2021 წლის 4 ივლისს გადაიყვანეს, დივერტიკულიტით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის მძიმე შევიწროების მოსახსნელად.


სამსაათიანი ოპერაცია მოიცავდა მსხვილი ნაწლავის ერთი მხარის ამოღებას.


ოპერაციის შემდეგ, სოციალურ მედიაში საუბრობდნენ იმაზე, რომ პაპი ფრანცისკე შესაძლოა მალე გადამდგარიყო, ასევე დაუსაბუთებელი მტკიცებულებების საფუძველზე, იყო საუბარი იმაზეც, რომ პაპი შესაძლოა დაავადებული ყოფილიყო დეგენერაციული და ქრონიკული დაავადებით.


შეხვედრისას, ერთმა მღვდელმა პაპს სლოვაკეთის კათოლიკე ეკლესიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ უთხრა და გაუმხილა, რომ ფრანცისკეს ზოგი ხედავდა როგორც „ჰეტეროდოქსს“ ანუ სხვადმადიდებელს რელიგიაში, ზოგი კი აიდეალებდა მას: „ჩვენ, იეზუიტები ვცდილობთ გადავლახოთ ეს დაყოფა, თქვენ როგორ იქცევით ადამიანებთან, რომლებიც ეჭვის თვალით გიყურებენ?”


რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ „მაგალითად, არსებობს დიდი კათოლიკური სატელევიზიო არხი, რომელიც უყოყმანოდ საუბრობს რომის პაპიზე ცუდად“.


”მე, პირადად ვიმსახურებ თავდასხმებსა და შეურაცხყოფას, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ ეკლესია არ იმსახურებს მათ. ეს ეშმაკის საქმეა”, - თქვა პაპმა და დაამატა, რომ იყვნენ სასულიერო პირებიც, რომლებმაც გააკეთეს "საზიზღარი კომენტარები ჩემზე".


”ზოგი მადანაშაულებს იმაში, რომ არ ვსაუბრობ სიწმინდეზე”, - განაგრძო მან. ”ისინი ამბობენ, რომ მე ყოველთვის ვსაუბრობ სოციალურ საკითხებზე და რომ კომუნისტი ვარ, მაგრამ მე დავწერე მთელი სამოციქულო მოწოდება სიწმინდეზე, Gaudete et exsultate”.


”მე წინ მივდივარ, არა იმიტომ, რომ რევოლუციის დაწყება მინდა, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო. ამას დიდი მოთმინება, ლოცვა და ბევრი ქველმოქმედება სჭირდება“, – განაცხადა პაპმა.


წყარო: www.catholicnewsagency.com


თაკო ფეიქრიშვილი